რუსმა ოკუპანტებმა ადმინისტრაციული საზღვარი უპრობლემოდ გადმოაიარეს და ორსანტიის ტერიტორიაზე, რომელიც ქართული მხარის მიერ კონტროლდება, რამდენიმე სახლის ეზოში შევიდნენ. ადგილობრივებს ოკუპანტებმა განუმარტეს, რომ გაქცეულ მამაკაცს ეძებდნენ, რომელმაც "სახელმწიფო საზღვარი დაარღვია".
როგორც ორსანტიაში მცხოვრებმა ლ.კ.-იამ განაცხადა, რუსი ოკუპანტები უხეშად არ მოქცეულან, მაგრამ მათმა გამოჩენამ მაინც პანიკა გამოიწვია. მისივე თქმით, რუსმა სამხედროებმა რამდენიმე ეზო გაჩხრიკეს, თუმცა, სახლებში არ შესულან და დაახლოებით 40 წუთის შემდეგ სოფელი დატოვეს.
რუსი ოკუპანტები ორსანტიაში გალის რაიონის სოფელ ოტობაიადან შემოვიდნენ, რომელიც ორსანტიას ესაზღვრება. იქ რუს ოკუპანტებს ორი ე.წ. სასაზღვრო-გამშვები პუნქტი აქვთ გახსნილი.
რამდენიმე საათის წინ რუსმა ოკუპანტებმა, ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით ორი ორსანტიელი - ი. ყურუა და ვ. ალფენიძე დააკავეს, თუმცა, ალფენიძემ გაქცევა მოახერხა. ყურუას ოჯახის წევრებმა ამ დრომდე არ იციან, სად იმყოფება დაკავებული. მათი თქმით, ყურუა და ალფენიძე მეზობლები არიან და ტყეში შეშად გამოსადეგი ტოტების მოსაგროვებლად ერთად წავიდნენ. ტოტებს ტყეში მთელი მოსახლეობა ზამთრისთვის, აქედანვე იმარაგებს. ერთ-ერთმა ორსანტიელმა, რომელიც გამოქცეულ ვ. ალფენიძეს ესაუბრა, აღნიშნა, რომ ყურუას და ალფენიძეს ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავთ და ისე დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






