ტაივანში, სოფელი ჰოუტონი ეკონომიური სიდუხჭირის გამო ნელნელა იცლებოდა. მაცხოვრებლების შემოსავლების კლებამ მათი მიგრაცია გამოიწვია. სოფელში 100-მდე მოსახლე რჩებოდა...
2008 წელს ამ მთიან სოფელს ერთი ტურისტი ეწვია, რომელიც გაოცებული დარჩა - სოფელში უამრავი კატა ბინადრობდა.
მან კატების ფოტოები ინტერნეტში განათავსა. სურათებმა სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობა მოიპოვა და უამრავი ადამიანი მოაწყდა "კატების სოფელს".
დრეისათვის იქ ასობით გარეული კატა ბინადრობს, ხოლო ტურისტების ნაკადი არ წყდება. ტურიზმი სოფლის მოსახლეობის მთავარ და, რაც მთავარია, სარფიან შემოსავლის წყაროდ იქცა.
ჰოუტონში გაიხსნა სპეციალური მაღაზიები, სადაც კატების აქსესუარები, საკვები და ცხოველებისთვის საჭირო სხვა ნივთები იყიდება.
ადგილობრივი მოსახლეობა ცხოველებს ყველანაირ კომფორტს უქმნის.
მოხალისეთა გუნდი კატების სამედიცინო დახმარებას და კვებას უზრუნველყოფს. მოსახლეობამ კატებს სახლებიც აუშენა, რითაც ცხოველებს ცხოვრების ღირსეული და კომფორტული პირობები შეუქმნა.
იმისათვის, რომ ტურისტებს ჰოუტონის მიგნება გაუადვილდეთ, სოფლის მესვეურებმა შესასვლელში კატის ყურების, ხოლო სოფლის ბოლოში კუდის ფორმის უზარმაზარი კონსტრუქციები დაამონტაჟა.
მასალის გამოყენების პირობები






