ბაჩანა ახალაიას მეუღლე მოუწოდებს მოქალაქეებს დღეს პროკურატურასთან შეიკრიბონ და აღნიშნული პროკურორის ვინაობის გასაჯაროება და დასჯა ითხოვონ.
"6 ივნისს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ პროკურორმა ჩაიდინა დანაშაული და განახორციელა ზეწოლა სასამართლოზე, რასაც მოყვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგანგებო განცხადება. ვისთვისაც მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო და ვისაც გსურთ მომავალში ვერავინ განახორციელოს ზეწოლა ზემოაღნიშნულ ინსტიტუტზე, დღეს 13:00 საათზე შევიკრიბოთ ორთაჭალაში მთავარ პროკურატურასთან და მოვითხოვოთ იმ პროკურორის სახელისა და გვარის გასაჯაროება და მისი დასჯა კანონმდებლობის ფარგლებში, ასევე გარკვევა, თუ ვისი დავალებით განახორციელა აღნიშნული სატელეფონო ზარი," - წერს ნადარეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ განცხადება გაავრცელა:
"2013 წლის 6 ივნისს, საქართველოს მთავარი პროკურატურის ერთ-ერთი პროკურორი დაუკავშირდა ბრალდებულ ბაჩანა ახალაიას სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლის თანაშემწეს. ბრალდების მხარის წარმომადგენელი დაინტერესდა აღნიშნულ საქმეზე მოსამართლის პოზიციით, კერძოდ, ხომ არ დაუფიქსირებია მოსამართლეს თავისი აზრი საქმეზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა არასაკმარისობასა და სისუსტესთან დაკავშირებით. პროკურორი, ასევე დაინტერესდა, საქმეზე გამომსვლელი პროკურორის კომპეტენციით, კერძოდ თუ რამდენად ართმევდა იგი თავს დაკისრებულ მოვალეობას.
მთავარი პროკურატურის პროკურორმა თავისი დაინტერესება ახსნა იმ გარემოებით რომ, საქართველოს მთავარ პროკურატურაში შესულ იქნა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს "უჭირდა" და საქმეზე გამომსვლელი პროკურორი იყო სუსტი.
თბილისის საქალაქო სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროკურორის მხრიდან მოსამართლესთან კომუნიკაციის სტანდარტის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია , აღნიშნული ქმედება მიჩნეულ იქნა სასამართლოს საქმიანობაში არაპირდაპირ (ირიბ) ჩარევად. სასამართლო ითვალისწინებს საზოგადოების მაღალ ინტერესს, თუმცა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს თავი შეიკავონ და სიფრთხილით მოეკიდონ ისეთი ქმედების განხორცილებას, რომელიც ხელს შეუშლის მართლმსაჯულების აღსრულებას"- ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






