მსოფლიოში ბევრ ექსპერტს მიაჩნია, რომ ხშირად „ისლამური სახელმწიფო“ საკუთარი პიარისთვის ყოვლად უსაფუძვლოდ იღებს ხოლმე სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობას. თუმცა, ამჯერად, ისინი არ გამორიცხავენ, რომ ირანში განხორციელებული შეტევების უკან შესაძლოა მართლაც იდგეს ISIS-ი.
ირანი შიიტური სახელმწიფოა და მას ძლიერი სპეცსამსახურები ჰყავს, ხოლო „ისლამური სახელმწიფო“ სუნიტური ორგანიზაციაა, შესაბამისად, ISIS-ის გავლენა ქვეყანაში საგრძნობლად ნაკლებია. თუმცა, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ "ისლამურ სახელმწიფოს" ირანში აუცილებლად ეყოლება აგენტურულ-ტერორისტული დასაყრდენი შიიტ მუსულმანთა შორისაც, რადგან შეუძლებელია ISIS-ს გვერდი აევლო რეგიონის ისეთი მძლავრი სახელმწიფოსათვის, როგორიც ირანია.
ამასთან, ირანი ერთერთი მთავარი მოთამაშეა სირიის კონფლიქტში, სადაც ISIS-ი სერიოზულ მარცს განიცდის. ისევე როგორც ერაყში. ირანი პირდაპირ აფინანსებს გარკვეულ შეიარაღებულ დაჯგუფებებს, რომელიც ისლამისტ-ტერორისტებს ებრძვიან. არ იქნება გასაკვირი, რომ „ისლამური სახელმწიფო“ შურისძიებაზე გადავიდა.
როგორც ჩანს, მარცხით გაღიზიანებულმა ISIS-მა აამოქმედა თავის ფარული მხარდამჭერები ირანში, ისევე როგორც იმ ქვეყნებში, რომელთაც მთავარ მტრად განიხილავს. აქდან გამომდინარე, შესაძლოა მსგავსი მოქმედებები ირანში კვლავ განმეორდეს, თან უფრო მასშტაბური სახითაც. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ირანის დაზვერვის სამინისტრომ უკვე გააკეთა განცხადება, რომ თეირანში რამდენიმე დაჯგუფება აპირებდა ტერაქტების მოწყობას.
თუმცა, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ირანში სხვა რადიკალებიც არსებობენ: ქვეყნის აღმოსავლეთით არიან ბელუჯისტანის დამოუკიდებლობის მომხრე დაჯგუფებები, აღსანიშნავია ქურთების ფაქტორიც.
ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ თუ ტერაქტები განმეორდება, ამან შეიძლება ირანში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიის და ორი კვირის წინ მეორე ვადით არჩეული ჰასან როუჰანის ლიბერალური მიმართულება ისევ მისი წინამორბედების რადიკალური მიმართულებით შეიცვალოს.
მასალის გამოყენების პირობები






