ამ ტოტალური ურთიერთგულგრილობისა და გაუპიროვნებისგან თანამედროვე ადამიანი საშინლად იტანჯება, თუმცა იშვიათად უფიქრდება ხოლმე. იქნებ ჯობს კიდეც, არ დაფიქრდე. თორემ აუტანლად მწარეა იმის გაცნობიერება, რომ სამყაროში ხარ, არსებობ და ამით ”არც არავის თბილა და არც არავის სცივა”. რა თქმა უნდა, მოიძებნება რამდენიმე ახლობელი ადამიანი, რომელთაც აინტერესებთ შენი ამბავი. მაგრამ რამდენად ახლობელი? ისინიც ხომ თავიანთი თავით არიან დაკავებული...
საკუთარი თავის პატივისცემა, საკუთარი ღირსების შეგრძნება ადამიანისთვის აუცილებელია. საიდან უნდა მოვიდეს ეს გრძნობები, თუკი გარესამყაროში მისი დამადასტურებელი არაფერია? რისთვის უნდა ვცე თავს პატივი, თუკი ადამიანები მიყენებენ, სანამ ამისთვის ვვარგივარ, ან იქნებ სულაც სიცარიელედ აღმიქვამენ?!
სასოწარკვეთილებაში ადამიანი საკუთარი თავის დამკვიდრების ყველაზე არაადეკვატურ საშუალებებს მიმართავს ხოლმე. უმარტივესი მათ შორის არის - ალკოჰოლი. საინტერესოა, რომ ნებისმიერი ’’მთვრალი’’ საუბარი საბოლოოდ, ადრე თუ გვიან, ბანალურ სიუჟეტამდე დადის: ,,პატივს მცემ?.. გიყვარვარ?"
სხვა საშუალებაც არსებობს - ერთი შეხედვით, არც ისე დამანგრეველი, უწყინარიც კი, თუმცა სინმადვილეში იგივე ბანგია და მასაც მოსდევს სახიფათო ნაბახუსევი. საკუთარი თავის მნიშვნელობის შეგრძნება შეიძლება გაჩნდეს იმათ ცხოვრებასთან (სიმბოლურად მაინც, ირიბად) შეხებით, ვისაც ცარიელ ადგილს ვერ დაარქმევ (ცნობილი ადამიანები, ე.წ. VIP-პერსონები). ორი წუთით მათ გვერდით დგომითა და მათი ცხოვრების საიდუმლო და ინტიმური მხარეების გაცნობით, თავადაც თავს ”ვარსკვლავთან” ახლოს გრძნობ.
დაფიქრებულხართ, რით აიხსნება ლონდონში მადამ ტიუსოს გალერეის პოპულარობა, კონკურენტები რომ ვერაფრით ჩრდილავენ? "ამაზე პასუხი რომ გასცე, უნდა ნახო ეს გამოფენა. შთაბეჭდილებაა განუმეორებელი. ვესტიბიულიდან ლიფტს მნახველები პირდაპირ გალერეაში აჰყავს. თითქოს ჩვეულებრივი ლიფტია, მაგრამ როცა მისი კარი იღება, სტუმრები შეშდებიან - ცარიელ დარბაზში მათ რეპორტიორების ბრბო ხვდება, ისმის აღფრთოვანებული შეძახილები, ფოტოაპარატების ჩხაკუნი. მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ ხვდები, რომ ეს ყველაფერი იმიტაციაა, ყალბია, როგორც ყველაფერი სხვა მომდევნო დარბაზებში. თუმცა, ამ წამებში ასწრებ თავი ცნობილ ადამიანად, საყოველთაო კერპად იგრძნო. წამი მალე ქრება, მაგრამ შემდეგ სხვა სიტკბოება გელის. უზარმაზარ დარბაზში გაოგნებული სტუმრები და ცოცხლების მსგავსი ყველაზე ცნობილი ადამიანების ფიგურები ჯგუფ-ჯგუფად და არეულად დგანან, ნებისმიერთან შეიძლება მისვლა, თუნდაც გადაეხვევი. ფოტოაპარატის შუქები ისევ ანათებენ და პლანეტის ყველა მხარეს იგზავნება სამახსოვრო ფოტო: ,,აი, დეპარდიესთან ვსვამ, აგერ ბუშთან ერთად ვდგავარ ტრიბუნაზე." რა თქმა უნდა, ასეთ სურათზე სიყალბეს ვერ დამალავ, მაგრამ თუ ერთხელ ნამდვილ ცნობილ სახეს გადაეყრები, მაშინ მართლა ”მაგარია”!
რად უნდა ცნობილ ადამიანებთან ურთიერთობა რიგით ,,ობივატელს”? მით უფრო, რომ ყველას არ შეუძლია ნამდვილ ვარსკვლავურ სახესთან დაკავშირება და არც მისი ცვილის ფიგურის შეხება. სამაგიეროდ, ზოგი სახლში იწვევს ცნობილ ადამიანს, სიმბოლურად, რა თქმა უნდა, ვერ შორდება რა პრიალა ჟურნალებს. ნებისმიერი საგამომცემლო სახლის კომერციული დირექტირი დაგიდასტურებთ, რომ ცნობილი ჟურნალის ტირაჟი გაუყიდავად დარჩენის რისკზე მიდის, თუკი ყდაზე ცნობილი სახის ფოტო არ არის. და, პირიქით, რაც უფრო ”მაგარია” ეს ცნობილი ადამიანი, მით უფრო კარგად იყიდება ჟურნალი, მერე მყვირალა და დამაინტრიგებელ სათაურებსაც დაადებ და დახლებზე აღარაფერი რჩება.
,,ცნობილი მომღერლის ბობოქარი ვნებების საიდუმლო”, ,,პოპ-ვარსკვლავმა სცენაზე თავი შეირცხვინა”, ,,ვისთან წევს A ამ კვირაში და რამდენად?” ხანდახან მთელი ეს სარეკლამო ნაგავი შეურაცხმყოფელი გეჩვენება, მოგინდება, ჰკითხო ავტორს, ”ვინ გგონივარ? გგონია, ასეთი ამბები მაინტერესებსო?!” კითხვით, რა თქმა უნდა, აღარავის ჰკითხავ რამეს, რადგან პასუხი ისედაც იცი: არსებობს ათასობით, მილიონობით ადამიანი, რომელიც ასეთ ინფორმაციას სულმოუთქმელად ელის და ნთქავს. და რისთვის? რითაა მისთვის საინტერესო და ძვირფასი?
აქ საპასუხო კიდევ ერთი კითხვაა: ვინ არიან ეს ”ძალიან მნიშვნელოვანი პერსონები” და ვარსკვლავები? პასუხი ხშირად ასეთია: მათი ”მნიშვნელოვნობის” მთავარი პარამეტრი ისაა, იცნობენ, თუ - არა. ”ცნობადობა” თავისდათავად ეკრანზე ხშირი გამოჩენითაა განპირობებული. და თუ ასეა, მით უფრო საინტერესოა, რით უნდა გაამდიდროს უაზრო სერიალების ეპიზოდური როლების შემსრულებელმა ან გოგოების პოპჯგუფის ფონოგრამაზე მოცეკვავე მომღერალმა ადამიანის ცხოვრება?
თურმე, “ამდიდრებს” და აი, რით: გულწრფელი საუბრებიდან ჩანს, რომ ეს ”ვარსკვლავები” (უმრავლეს შემთხვევაში სწორედ ბრჭყალები გვჭირდება) ”ისევე, როგორც მე, ჩემი მეზობლები, კოლეგები და სხვები, არ ბრწყინავენ გონებით და გაჭირვებით პოულობენ საჭირო სიტყვებს აზრის გადმოსაცემად. ჩვენსავით ტკბებიან საკუთარი თავით, ჩვენსავით შურთ, ეჭვიანობენ, ღალატობენ, შორდებიან და მათი ცხოვრების აზრიც (თუკი მაღალ ხელოვნებაზე ერთ-ორ ზეპირად საგანგებოდ ნასწავლ ლამაზ ფრაზას გამოვაკლებთ) სულ არ განსხვავდება ჩვენისგან. და რადგან ასეა, ეს საკმარისია, რომ ჩემს საკუთარ თვალში გავიზარდო. რაა განსხვავებული? უბრალოდ, გაუმართლა, რომ ,,TV-ზე მოხვდა”. მე ნაკლებად გამიმართლა ტელევიზიის საქმეში, სამაგიეროდ, მასზე ახლა ისეთები ვიცი!..”
სამწუხაროდ, ასეთია ბევრი ადამიანისთვის საკუთარ თვითშეფასებაზე ზრუნვის მეთოდი, რომელიც, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ბანგივითაა და სახიფათო ნაბახუსევიც მოსდევს ხოლმე. თუმცა, უიმედო არ იქნება სიტუაცია, თუკი ადამიანი ბოლოს და ბოლოს მიხვდება, რომ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება უნდა დაიწყოს და ამით ისიამოვნოს! მალე დარწმუნდება, რომ აქვს აზრი იმაზე ზრუნვას, რომ ცხოვრება საინტერესო ფილმს დაამსგავსო, თანაც იმ გმირებით, რომლებთან ურთიერთობაც თავად გვსიამოვნებს.
მასალის გამოყენების პირობები






