General Electric-ის გენერალური დირექტორი ჯეფ იმელტი პრეზიდენტი ტრამპით უკმაყოფილოა და ის მარტო არ არის.
ათეულობით ტოპ-მენეჯერი ტრამპს პარიზის შეთანხმებისგან გამიჯვნის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას უწუნებს. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს აღნიშნული პირობა წინასაარჩევნო პერიოდში ჰქონა, ახლა, როდესაც პრეზიდენტმა მოქმედება გადაწყვიტა, ვნებათაღელვა დაიმსახურა.
„იმედგაცრუებული ვარ დღევანდელი გადაწყვეტილებით პარიზის შეთანხმებასთან მიმართებით. კლიმატის ცვლილება რეალურია. ინდუსტრია უნდა წარიმართოს ახლა და არ იყოს დამოკიდებული ხელისუფლებაზე“ - დაწერა იმელტმა „ტვიტერზე“.
Tesla-სა და SpaceX-ის გენერალურმა დირექტორმა ელონ მასკმა პრეზიდენტ ტრამპის ორი ბიზნეს-საკონსულტაციო საბჭო დატოვა.
„მე ვემიჯნები საპრეზიდენტო საბჭოებს. კლიმატის ცვლილება რეალურია. პარიზის დატოვება არ არის კარგი არც ამერიკისთვის და არც მსოფლიოსთვის“, - დაწერა მასკმა „ტვიტერზე“.
მასკი არ არის ტრამპის ერთადერთი მრჩეველი, რომელმაც საპრეზიდენტო საბჭო დატოვა.
დისნეის გენერალურმა დირექტორმა ბობ იგერმაც განაცხადა, რომ იგი თანამდებობიდან წავა ტრამპის სტრატეგიული და პოლიტიკური ფორუმიდან, ბიზნეს-ლიდერების ჯგუფიდან, რომელიც პრეზიდენტს მრჩეველობით კონსულტაციებს უწევს:
„ჩვენი პლანეტის დაცვა და ეკონომიკური წინსვლა მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის და ისინი ერთმანეთისთვის ურთიერთგამომრიცხავები არ არიან. მე არ ვეთანხმები პარიზის შეთანხმებისგან გამიჯვნის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა იგერმა.
ტრამპის გადაწყვეტილებამ Goldman Sachs-ის დირექტორი ლოიდ ბლანკფეინიც კი იმდენად შეაშფოთა, რომ მან მისი პირველი ტვიტი სწორედ ამ თემას მიუძღვნა:
„დღევანდელი გადაწყვეტილება - ეს წარუმატებლობაა როგორც გარშემომყოფებისთვის ასევე აშშ-ს ლიდერებისთვის“ - წერს ბლანკფეინი.
აღნიშნულს ეხმაურება Apple-ს გენერალური დირექტორი ტიმ კუკიც:
„გადაწყვეტილება, რომ აშშ გავიდეს პარიზის შეთანხმებიდან, არასწორია ჩვენი პლანეტისთვის. დღევანდელი გადაწყვეტილება ვერ მოახდენს ვერანაირ გავლენას Apple-ზე და ჩვენ არასდროს შევჩერდებით“, - წერს კუკი.
მაიკროსოფტის პრეზიდენტი ბრედ სმისი წერს:
„ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ გადაწყვეტილებით, პარიზის შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე. მაიკროსოფტი ძველებურად მომართულია შეასრულოს საკუთარი მოვალეობა მიზნის მისაღწევად“, - წერს სმისი.
„გუგლის“ გენერალური დირექტორი სუნდარ პიჩაი წერს:
„იმედგაცრუებული ვარ დღევანდელი გადაწყვეტილებით. გუგლი განაგრძობს მუშაობას გაცილებით სუფთა და განვითარებული მომავლისთვის“
Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებას წერს:
„პარიზის შეთანხმებიდან გამოსვლა ცუდია ინდუსტრიისთვის, ეკონომიკისთვის და ეს ცუდია ჩვენი შვილებისთვის. კლიმატის ცვლილებების შეჩერება - ეს არის მიღწევადი იმ შემთხვევაში, თუ შევქმნით გლობალურ თანამეგობრობას და ვიმოქმედებთ შეთანხმებულად, სანამ ძალიან გვიანი არ არის“
აშშ-ს 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ამერიკა პარიზის 2015 წლის შეთანხმებას კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ დატოვებს. აღნიშნულის მიზეზად აშშ-სთვის არასასურველი პირობები დაასახელა, თუმცა, აღნიშნა, რომ იგი მზად არის მოლაპრაკების მაგიდასთან დაჯდეს და ქვეყნისთვის მისაღები პირობების მიღების შემთხვევაში კვლავ დაუბრუნდეს შეთანხმებას.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტრამპის გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდა და აღნიშნა, რომ შეთანხმება არ გადაიხედება.
აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლებიც და ღრმა შეშფოთება გამოთქვეს.
საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს კანადისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებმაც და აშშ-ის გადაწყევტიელბა დაიწუნეს.
მასალის გამოყენების პირობები






