ჯოხარ დუდაევის სახელობის მოხალისეთა ბატალიონის ყოფილი მეთაურის ადამ ოსმაევის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ქილერის მიერ ნასროლმა ტყვიებმა მას შინაგანი ორგანოები დაუზიანა და ხერხემალში გაიჭედა.
ადამ ოსმაევს თავს 1 ივნისს კიევში დაესხნენ. ის და თავისი მეუღლე ამინა ოკუევა ინტერვიუზე „ფრანგ ჟურნალისტთან“ მივიდნენ, რომელიც სინამდვილეში ქილერი აღმოჩნდა და ოსმაევს ესროლა. თავდამსხმელის მოგერიება ამინა ოკუევამ შეძლო, მან ქილერს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
ოსმაევი და მასზე თავდამსხმელი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია უკრაინის მოქალაქის ალესანდრ დაკარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარაუდობენ, რომ დოკუმენტი ყალბია.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები თავდასხმის ორგანიზებაში რუსული სპეცსამსახურებს ადანაშაულებენ, გამოძიება ერთ-ერთ ვერსიად შეკვეთილ მკვლელობას ასახელებს, რომელის შესრულებაც რუსეთის სპეცსამსახურების მიერ უკრაინაში ჩანერგილ პროფესიონალ მკვლელს ჰქონდა დავალებული.
ადამ ოსმაევი ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონის მეთაური მას შემდეგ გახდა რაც , 1 თებერვალს დებალცევოსთან მოკლეს ჩეჩენი მებრძოლების მეთაური ისა მუნაევი. მისი მეუღლე ამინა ოკუევა ასევე მოხალისე იყო, რომელიც პირადად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ცეცხლსასროლი იარაღით დააჯილდოვა.
ადამ ოსმაევი 2012 წელს , როგორც პუტინზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი უკრაინელი სამართალდამცავების მიერ დაკავებულიც იყო, ევროპის სასამართლოს მოთხოვნით უკრაინამ მისი რუსეთში ექსტრადირება დროებით გადადო, ხოლო 2014 წლის ნოემბერში ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს.








მასალის გამოყენების პირობები






