ქალაქ ბრესტის პროკურორის თქმით, გამოძიების დაწყება მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების შემდეგ მოხდა, რომელიც ფერანის საქმიანობასა და ფინანსურ ოპერაციებს ეხებოდა. აღნიშნულ სტატიებში საუბარი იყო იმის შესახებ, რომ 6 წლის წინ როდესაც ფერანი სადაზღვევო ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა საოფისე ფართს საკუთარი მეუღლისგან ქირაობდა. გარდა ამისა, მედია წერს, რომ ფერანმა როდესაც ის პარლამენტის დეპუტატობისთვის ემზადებოდა, თანაშემწედ საკუთარი შვილი აიყვანა და 4 თვე ხელფასს პარლამენტის ფონდიდან უხდიდა.
ფერანი კატეგორიულად უარყოფს მისი მხრიდან რაიმე კანონდარღვევის ჩადენას.
გამოძიება დაიწყო 10 დღით ადრე პარლამენტის არჩევნებამდე, რომელშიც მაკრონის პარტიას En Marche ! უმრავლესობის მოპოვების შანსი აქვს. ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მაისის თვეში გაიმარჯვა. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული ფრანსუა ფიიონიც, თუმცა მან ამომრჩევლების მხარდაჭერა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაკარგა, მიზეზი კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებები გახდა. ფერანის წინააღმდეგ ბრალდებები სწორედ ფიიონის შემთხვევას გავს, ფიიონსაც ოჯახის წევრის, კერძოდ მეუღლის ფიქტიურ დასაქმებაში დასდეს ბრალი.
მასალის გამოყენების პირობები






