როგორც ცნობილია, დავითგარეჯის მონასტერი ყოველთვის ბერთა სიმრავლითა და მკაცრი მოღვაწეობით გამოირჩეოდა, წმიდა სავანეში ერთნაირ პირობებში ცხოვრობდნენ სიმდიდრესა და პატივს გამოქცეული და უკიდურესი სიღარიბიდან გამოსული ბერ-მონაზონნი.
ღირსი შიო ქართლის სოფელ ვეძისიდან იყო. მისი მშობლები, პაპუნა და თამარი, იმ მხარეში სიმდიდრით იყვნენ ცნობილნი. მათ რვა შვილი - ხუთი ვაჟი და სამი ქალიშვილი ჰყავდათ. მშობლების გარდაცვალების შემდეგ შიოს ძმებს ჩხუბი მოუვიდათ, უშვერი სიტყვებით გალანძღეს ერთმანეთი, შემდეგ კი უფროსმა დანით მოკლა უმცროსი.
როცა ეს ამბავი ნეტარმა შიომ გაიგო, გულისწყრომითა და მწუხარებით აღვსილმა გადაწყვიტა, გასცლოდა მაცდურ წუთისოფელს, რომლის სიყვარულმაც შეიძლება ძმას ძმა მოაკვლევინოს და შვილს - მამა. „აღარა მნებავს ყოფა სოფელსა ამას შინა“, - გაანდო მან მოძღვარს გულისნადები. მოძღვარმა მას დავით გარეჯის მონასტერში წასვლა და ბერად აღკვეცა ურჩია.
მონასტრის იღუმენმა სიხარულით მიიღო ერში პატიოსნებით და ერთგულებით ცნობილი შიო, მიუჩინა მას ცალკე კელია და მორჩილების წესიც დაუდგინა.
ერთხელ საძმოს ლეკთა მოთარეშე ბანდა დაესხა, მღვდელმონაზონ შიოსთან ერთად შეიპყრეს და წამებით მოკლეს ბერები: დავითი, გაბრიელი და პავლე. სისხლმა აავსო ტაძარი და კელიები. შემდეგ ლეკებმა დაამტვრიეს და ცეცხლს მისცეს საეკლესიო ნივთები, ნაჯახით დაჩეხეს წმიდა ხატები.
კათოლიკოსის ლოცვა-კურთხევითა და მეფის ბრძანებით, წმიდა მოწამეთა აჩეხილი ნაწილები წმიდა დავით გარეჯელის საფლავის სამხრეთით დაკრძალეს. 14 ივნისი დახოცილი მამების ხსენების დღედაა დაწესებული.
მასალის გამოყენების პირობები






