„ძალიან ბევრჯერ მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ უბრალოდ, ვერ გავბედე, თუმცა მე მთელ საქართველოს ვპირდები, რომ მალე ავალ სცენაზე და ვიტყვი: „არა საქართველოს ოკუპაციას!“,
-ასე უპასუხა „ა სტუდიოს“ ქართველმა სოლისტმა ქეთა თოფურიამ „ნიუპოსტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში კითხვას:
„ქეთა, გიფიქრიათ, როგორ შეხვდებოდნენ საქართველოში, თქვენ რომ რუსეთში ჩატარებული რომელიმე კონცერტის დროს სცენიდან გეთქვათ: „არა საქართველოს ოკუპაციას!“? არასდროს მოგსვლიათ თავში ამის გაკეთება?“.
ქეთა თოფურიას „ნიუპოსტმა“ რამდენიმე სხვა კითხვაც დაუსვა. მომღერლის თქმით, მეათე სადესანტო ბატალიონზე სიმღერა იმით იყო განპირობებული, რომ ამ ცნობილი სიმღერის შესრულება „ა სტუდიომ“ აიღო თავის თავზე, ეს ჯგუფი კი ქეთა თოფურიას გარეშე სიმღერებს არ ასრულებს: „მე მესმის, რომ რუსეთის სამხედრო სფეროში ქართველებისადმი არაკეთილგანწყობილნი არიან, მაგრამ „ა სტუდიო“ ამ სიმღერას ჩემს გარეშე არ იმღერებდა, სიმღერა კი აუცილებლად უნდა შესრულებულიყო“.
რუსული ესტრადის არარუს შემსრულებლებს შორის ყველაზე მიმზიდველად აღიარებულმა ქართველმა მომღერალმა თბილად გაიხსენა საქართველოს დედაქალაქში ჩატარებული კონცერტი და ქართველ მაყურებელს, მსმენელს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა. მისი თქმით, ძალიან მალე დადგება ის დღე, როცა სცენიდან უარს ეტყვის საქართველოს ოკუპაციას.
მასალის გამოყენების პირობები






