ფაქტია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის იძულებით გაყვანის საქმე ქვეყნის ძალოვანი უწყების იმიჯს ჩრდილს აყენებს.
ბოლო 24 საათია პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა: როგორ აღმოჩნდა თბილისში გაუჩინარებული ჟურნალისტი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და როგორ გადაკვეთა მან საზღვარი ისე, რომ მისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები თბილისშია.
დედაქალაქის ცენტრიდან გამქრალი ჟურნალისტის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ დაკავებულს, რომელიც პრეზიდენტ ალიევის შესახებ კრიტიკულ მასალებს პერიოდულად აქვეყნებდა, კარგი არაფერი მოელის, რადგან ჟურნალისტი საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესს იკვლევდა.

დაკავებულის მეუღლე ვარაუდობს, რომ აფგან მუხთარლი სავარაუდოდ, აზერბაიჯანის სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით გაიტაცეს.
"საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობის გარეშე აფგან მუხთარლის აზერბაიჯანში გადაყვანა ვერ მოხდებოდა. "საქართველო აზერბაიჯანის სპეცსამსახურებს თავის ტერიტორიაზე თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევს" - აცხადებს ლეილა მუსტაფაევა.
აფგან მუხთარლის ადვოკატები უკანონო დაკავებასა და საეჭვო გარემოებებზე საუბრობენ:
„ნაცემია, ამბობს რომ მოტეხილობებიც აქვს. ჰყვება რომ თბილისში 3 ადამიანი დაესხა თავს, რომლებიც მისი აზრით ქართველები იყვნენ…
თავზე ტომარა ჩამოაცვეს და სცემეს. ის ამბობს, რომ ეს ადამიანები სპეცრაზმელები იყვნენ. შემდეგ კი ბაქოში ჩამოიყვანეს და ჯიბეში ფული ჩაუდეს. ამჟამად მას ბრალი ედება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და კონტრაბანდაში“, - აღნიშნავს ელჩინ სადიყოვი.
საქართველოს ხელისუფლება კი მომხდარი ფაქტის ირგვლივ მხოლოდ მოკლე და გარკვეულ შემთხვევაში გაუგებარ კომენტარებს აკეთებს.
ნიაღვრის ქუჩის 4 ნომერში, სადაც ჟურნალისტი ცხოვრობდა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ სურთ. „ნიუპოსტს“ სახლის მეპატრონემ პირად საუბარში უთხრა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში აფგან მუხთარლი აცხადებდა, რომ მას საცხოვრებელ სახლთან მისთვის უცნობი პირები უთვალთვალებდნენ.
სახლის მეპატრონე პირად საუბარში აღნიშნავს, რომ დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დაახლოებით 19:00 საათზე ჟურნალისტმა მეუღლეს პარალელური ქუჩიდან დაურეკა და უთხრა, რომ შინ ბრუნდებოდა, მალევე კი აფგან მუხთარლის ტელეფონი გაითიშა, რის შემდეგაც ის დაკავებულის მეუღლესთან ერთად პოლიციის განყოფილებაში წავიდა.
საქართველოს ტერიტორიიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის იძულებით გაყვანის ფაქტს უკვე მოჰყვა პოლიტიკოსებისა და მესამე სექტორის განცხადებები.
თბილისის ცენტრიდან, ცნობილი ჟურნალისტის გაუჩინარებას "საგანგაშო" უწოდა უჩა ნანუაშვილმა. ნანუაშვილი თვლის, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს .
ომბუდსმენის თქმით, მომხდარი აჩენს განცდას, რომ დღეს საქართველოში არცერთი მოქალაქის უსაფრთხოება არ არის დაცული.
საქართველოს ტერიტორიიდან ადამიანის გაქრობას სპეციალური განცხადებით ეხმაურება ქვეყნის მთავარსარდალიც. გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ ეს რეზონანსული საქმე საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის სერიოზული გამოწვევაა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის იძულებით გაყვანის საქმე მთავარი განხილვის თემაა პარლამენტშიც.
ოპოზიცია სამართალდამცავების სისუსტეზე საუბრობს მმართველი გუნდი კი გამოძიების შედეგებს ელოდება. მინისტრი ჯელავა კი უფრო შორს წავიდა და თქვა, რომ „ამ ადამიანმა უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი“ .

აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და დისიდენტის საქართველოს ტერიტორიიდან აყვანა თბილისში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსით გააპროტესტეს.
აფგან მუხთარლის კოლეგებმა და უფლებადამცველებმა პროტრსტის ნიშნად თავზე პოლიეთილენის პარკები ჩამოიცვეს.
მათი თქმით, საქართველოს მთავრობამ დროულად უნდა გამოავლინოს და დასაჯოს კანონის და წესების დამრღვევი პირები.
"ეს არის უმძიმესი დანაშაული, მისი ნების საწინააღმდეგოდ ერთო ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში გაიტაცეს. ის გაურბოდა თავის ხელისუფლებას აზერბაიჯანში"- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
"სულ რომ არ მონაწილეობდეს ამ საქმეში ჩვენი ხელისუფლება ან მისი რომელიმე შტო- სუს-ი თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო, შუა ქალაქში ადამიანი სცემეს, გაიტაცეს ნახევარი საქართველო გადაატარეს, საზღვარზე გააძვრინეს - ჩემი აზრით ეს არის ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ამ დანაშაულში თანამონაწილეობა"- აღნიშნა ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმა.
ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილიც ჟურნალისტის გაურკვეველ ვითარებაში მეზობელ ქვეყანაში გადაყვანას სახელმწიფო უსახრთხოების პასუხისმგებლობად აფასებს.
"ნიუპოსტთან" საუბრისას ტაბლიაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ აფგან მუხთარლი ტყვეობიდან უნდა გამოიხსნას.
"იმ ქვეყნის ხელისუფლება და ძალოვანი ინსტიტუტები, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება ესა თუ ის მოქალაქე პასუხისმგებელია ნებისმიერ ქმედებაზე, რომელიც მის ტერიტორიაზე ხდება. რაც არ უნდა მომხდარიყო, პასუხისმგებელია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური. ამის გარდა რა ინფორმაციაც ვრცელდება სოკართან მიმართებით, და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების კუთხით, აქაც სუს-ს სპეციალური ზომები უნდა მიეღო. ის, რაც მოხდა აღმაშფოთებელია. როგორ შეიძლება ამ საქმის რბილად შეფასება?! მოხდა კრიმინალი - ადამიანის გატაცება. საქართველოს ხელისუფლებამ კი ყველაფერი უნდა გააკეთოს რომ თუნდაც უცხო ქვეყნის მოქალაქე იყოს გამოხსნილი ამ ვითარებიდან"- განაცხადა ირაკლი ტაბლიაშვილმა "ნიუპოსტთან" საუბრისას.
"ნიუოპოსტი" დღეს მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა საქმის ირგვლივ ძალოვანი უწყებების კომენტარები მოეპოვებინა, თუმცა ისინი ვრცელი განმარტებების გაკეთებისგან თავს იკავებენ.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე მოკლე კომენტარს აკეთებს ქვეყნის მთავარი პროკურორი. ირაკლი შოთაძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაწყებულია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
"ნიუპოსტი" თემის კომენტირებისთვის საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტ ბათუ ქუთელიას დაუკავშირდა.
სპეციალისტი ქვეყნის უსაფრთხოების ინსტიტუციურ სისტემის ხარვეზებზე ამახვილებს ყურადღებას.
"ამ სისტემის არანაირი კონტროლი არ არსებობს, შესაბამისად მოშლილი ინსტიტუტის შედეგად, სახეზეა გარკვეული სიმპტომები. აღნიშნული ფაქტი ძალიან აღმაშფოთებელია, და მას დეტალური გამოძიება სჭირდება. ყველა იმ პირმა კი რომელმაც ამ პროცესში როლი შეასრულა კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. მთავარი დასკვნა ის არის, რომ უსაფრთხოების სისტემა, სამართალდამცავი სისტემა მოშლილია"- უთხრა "ნიუპოსტს" ბათუ ქუთელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






