როგორ იშოვეს ფული ,,სოფლელმა ბიჭებმა"
როგორც ძველი ჩეკისტები ამბობენ, „სოფლელ ბიჭებს“ კავშირი «მხედრიონსა» და 90-იანებში მოქმედ სხვა არაფორმალურ შეიარაღებულ გაერთაინებებთან ჰქონდათ... მოკლედ, ადამიანთა გატაცებამ ნელ-ნელა ორგანიზებული დანაშაულის სახე მიიღო და კრიმინალურ ბიზნესად ჩამოყალიბდა, რომელშიც 1997-98 წლებიდან მაღალჩინოსნებიც ჩაერთვნენ. სხვათა შორის, არსებობს ეჭვი, რომ ინგლისელი ბიზნესმენის პიტერ შოუსა და ფეხბურთელ კახი კალაძის ძმის - ლევან კალაძის გატაცებაშიც ძალოვანი უწყებების ექსმაღალჩინოსნები არიან გარეულნი, თუმცა ამის შესახებ გამოძიებას ჯერ არაფერი უთქვამს...
- ბევრმა, ვინც ხალხს პატიოსანი ბიზნესმენი ჰგონია, ფული თავის დროზე სწორედ ადამიანის გატაცებით იშოვა, - ამბობს ერთ-ერთი ძველი ჩეკისტი.
- მძევლის გამოსასყიდიდან წილს „კანონიერი ქურდებიც“ იღებდნენ?
- თავდაპირველად ქურდები შეეცადნენ, რომ გამტაცებლები დაემორჩილებინათ, მაგრამ ვერ «დააგოიმეს» და ამ საქმეში ჩარევა სხვა გზით სცადეს.
- რას გულისხმობთ?
- გამტაცებლებმა ქურდებს განუცხადეს, ჩვენ «ფაშისტებსა» და მათ შვილებს ვიტაცებთ და თუ გამოსასყიდის აღებაში დაგვეხმარებით, ფულის ნახევარი თქვენი იყოსო. ამიტომ გატაცებულის ჭირისუფლებსა და გამტაცებლებს შორის შაუმავლის ფუნქციას ხშირად ქურდები ასრუელბდნენ... გატაცებულის ახლობლები, როგორც წესი, პოლიციასთან ურთიერთობას ერიდებოდნენ.
- რატომ?
- ეშინოდათ, რომ გამტაცებლები მძევალს მოკლავდნენ. ამიტომ „კანონიერ ქურდს“, ან შავი სამყაროს სხვა ავტორიტეტს უკავშირდებოდნენ და გამტაცებლებთან მოლპარაკებას იწყებდნენ. ასე დროს გამტაცებლები უფრო თამამდებოდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ქურდები არ «ჩაუშვებდნენ»... სხვათა შორის, 1996-97 წლებში ადამიანის გატაცების არაერთი საქმე გავხსენით, მაგრამ „კანონიერი ქურდი“, როგორც დანაშაულის ორგანიზატორი, ერთ საქმეშიც არ ფიგურირებდა... იმხანად თბილისში გამტაცებელთა სამი ბანდა მოქმედებდა.
- მათ ე. წ. ნაკოლს ვინ აძლევდა?
- ვინ და, მსხვერპლის ახლობელი. მაგალითად, ერთ-ერთ გატაცებაში გატაცებულის დეიდაშვილის ცოლი იყო ჩართული, რომელმაც ოჯახს ჯერ ურჩია, მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინო, მაინც ვერაფერში დაგვეხმარეობაო. შემდეგ კი, ვითომ შემთხვევით, გამტაცებლებს დააკავშირა...
მოკლედ, მეოცე საუკუნის 90-იან წლების შუახანებში ადამიანის გატაცებამ პიკს მიაღწია და პოლიცია იძულებული გახდა, ადამიანის გატაცების წინააღმდეგ საბრძოლველად სპეციალური განყოფილება შეექმნა. ამბავი, რომელსაც დღეს მოგიყვებით, 1996 წლის მაისს მიწურულს მოხდა...
,,მან ლაზ ვორე!"
... პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ფულის გამოძალვის მიზნით ადამიანის გატაცების წინააღმდეგ მებრძოლ განყოფილებას ინფორმატორმა აცნობა, რომ თბილისში, ლოტკინზე, ე.წ. ციგნების დასახლებაში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახი უცნობ მამაკაცს მალავდა. რამდენიმე ოპერწმუნებული, სპეცრაზმის თანხლებით, შემთხვევის ადგილზე გავიდა. ეჭვმიტანილი ოჯახის წევრები დაუპატიჟებელ სტუმრებს მოჩვენებითი სიმშვიდით შეხვდნენ... სამართალდამცავებმა სახლი გაჩხრიკეს, მაგრამ თავდაპირველად საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს...
- ამ სახლს სარდაფი აქვს, - განუცხადა უფროსს ერთ-ერთმა ოპერმუშაკმა და თვალი იატაკზე დაგებული ხალიჩისკენ გააპარა.
- სარდაფი კი გვაქვს, მაგრამ წლებია, არ ვხმარობთ, - დაილუღლუღა ფერდაკარგულმა დიასახლისმა.
... სარდაფის კარი ჭრიალით გაიღო.
- გურამ, დავიღუპეთ! შენ რომ დაგიჭირონ, ოჯახი როგორ ვარჩინო? - მიაძახა ფერდაკარგულმა დიასახლისმა ქმარს.
...სარდაფიდან 40-45 წლის ცისფერთვალა მამაკაცი ლას-ლასით ამოვიდა, ერთ-ერთ ოპერმუშაკს და აქვითინდა.
- დამშვიდდი და გვითხარი, ვინ ხარ? - ჰკითხა ძალოვანმა.
- ბეეე...ნნნ თურქუმ, - ენა დაება უცნობს.
- თურქია, - ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა ოპერმუშაკმა.
- მეგრული იცი? - მეგრულად ჰკითხა ძალოვანმა.
- «მან ლაზ ვორე!» - შესძახა სარდაფიდან ამოყვანილმა მამაკაცმა.
- ლაზი ყოფილა, - გაიღიმა უფროსმა ოპერმუშაკმა და უცნობს საუბარი მეგრულად გაუბა.
- რაო, რას ამბობს? - ცნობისმოყვარეობა ვერ დამალა ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა.
- ამ კაცს მეჯექ ილმაზი ჰქვია და, როგორც ამბობს, თურქეთის პრემიერ-მინისტრის მესუთ ილმაზის ნათესავია, - განუმარტა უფროსმა ხელქვეითებს...
- აქ როგორ მოხვდა? - დაინტერესდა სპეცრაზმელი.
- ბიჭო, დამაცადე, მეც მაგის გარკვევას ვცდილობ!
...მეჯექ ილმაზმა ლაპარაკისას რამდენჯერმე ჯემალ ლოლაძე ახსენა (გარკვეული მიზეზების გამო სახელი და გვარი შეცვლილია - ვ.პ). ლოლაძის გაგონებაზე ოჯახის უფროსს სახე აუწითლდა.
- ლოლაძეს იცნობ? - ჰკითხა მას უფროსმა ოპერმუშაკმა.
- ჩემი ნათესავია... ერთი თვის წინ, ეს თურქი სწორედ მან მომიყვანა და მთხოვა, დამემალა...
...სამართალდამცავებმა ლოლაძეებს შინ მიაკითხეს. კარი ასაკოვანმა მამაკაცმა გააღო და სტუმრებს უკმეხად ჰკითხა:
- ვინ გნებათ?
- ჩვენ პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოდან ვართ და ჯემალ ლოლაძეს ვეძებთ.
- მე ვარ. რა გნებავთ, ყმაწვილებო?
- ბატონო ჯემალ, პოლიციაში უნდა წამობრძანდეთ.
- რა, პრეზიდნეტის წინააღმდეგ მოწყობილ ტერქატში ხომ არ მედება ბრალი? - ნაძალადევად გაიღიმა მოხუცმა.
- ტერაქტში არა, მაგრამ თურქეთის მოქალაქე მეჯექ ილმაზი ამბობს, რომ თქვენ და თქვენმა აზერბაიჯანელმა მეგობარმა თურქეთიდან მოიტაცეთ...
მეჯექ ილმაზის გაგონებაზე ჯემალ ლოლაძეს ნიკაპი აუკანკალდა...
ოპერმუშაკებმა ლოლაძეზე შემდეგი გაარკვიეს: ძველი ჩეკისტი იყო, თავის დროზე ირანში მსახურობდა და რუსეთის საიმპერატორო კარის ქონებას - 5-მილიონ დოალრად შეფასებულ ყელსაბამსა და სამაჯურს, როგორც ჩანს, სწორედ იქ დაეპატრონა...
...1995 წლის მიწურულს ჯემალ ლოლაძე ბოლნისელ აზერბაიჯანელ მემედ გაჯიევს დაუკავშირდა (ეს სახელი და გვარიც შეცვლილია - ვ.პ), რომელიც წლების განმავლობაში თურქეთში წვრილი ბიზნესით იყო დაკავებული და სთხოვა, რომ 5-მილიონიანი განძის გაყიდვაში დახმარებოდა... ლოლაძემ და გაჯიევმა საქართველოს საზღვარი „06“-ის მარკის ავტომობილით ისე გადაკვეთეს, მებაჟეებს აზრადაც არ მსოვლიათ, რომ მათ თურქეთში ძვირადღირებული ყელსაბამი და სამაჯური მიჰქონდათ... ტრაპზონში ჩასვლის შემდეგ, თბილისელი კრიმინალების დახმარებით, ადგილობრივი „შავი სამყაროს“ „ავტორიტეტს“, ვინმე ახმედას დაუკავშირდნენ, რომელმაც სტუმრები მეჯექ ილმაზთან მიიყვანა. შეუმოწმებელი ინფორმაციით, მეჯექ ილმაზი თურქეთის იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის მეთუს ილმაზის სახელს ბოროტად იყენებდა და კონტრაბანდული ტვირთის ყიდვა-გაყიდვას აკონტროლებდა. ახმედა კი, თურმე, მისი მარჯვენა ხელი იყო...
მეჯექმა გურჯები გულღიად მიიღო, თუმცა 5-მილიონიანი განძის გაყიდვა გაჭიანურდა... ლოლაძე და გაჯიევი რამდენიმე თვე ილმაზის სახლში ცხოვრობდნენ. ამასობაში ახმედა მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს. ლოლაძეს ეჭვი გაუჩნდა, რომ თურქები ძვირადღირებული ყელსაბამისა და სამაჯურის მითვისებას ცდილობდნე და ახმედას დაპატიმრებაც გათამაშებული იყო.
- ამათ, შეიძლება, ჩვენც «გაგვასაღონო», - დაასკვნა ლოლაძემ და მასპინძელს განუცხადა:
- მეჯექ, დროა, საქართველოში დავბრუნდეთ და როცა განძის მყიდველი გამოჩნდება, შეგვატყობინე და მაშინვე აქ გავჩნდებით.
...მეჯექ ილმაზიმ გურჯები გამოაცლია, მაგრამ ვიდრე საქართველო-თურქეთის საზღვრამდე მოვიდოდნე, ლოლაძემ და გაჯიევმა მას თავში ბლაგვი საგანი ჩარტყეს... გონდაკარგული ილმაზი ავტომანქანის სალონის იატაკზე დააწვინეს და ზედ ჩანთები დააყარეს... მებაჟეებმა ლოლაძე და მისი თანამზრახველი არც ამჯერად შეამოწმეს... ასე აღმოჩნდა თურქეთის პრემიერის ნათესავი ლოტკინზე...
თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, ჯემალ ლოლაძემ და მემედ გაჯიევმა მეჯექ ილმაზის ოჯახს ბაქოდან დეპეშა გაუგზავნეს:
«თქვენ იცით, რომ მეჯექს 5 მილიონი აქვს გადასახდელი და თუ ამ და ამ ანგარიშზე თანხას არ ჩარიცხავთ, მეჯექის თავს ამანათით გამოგიგზავნით! გაფრთხილებთ, პოლიციას არ დაუკავშირდეთ!..»
გამტაცებელთა გაფრთხილების მიუხედავად, მეჯექ ილმაზის ოჯახმა დასახმარებლად პოლიციას მიმართა. ნათესავის გატაცების შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმაც შეიტყო. თურქებმა მეჯექ ილმაზის მოძებნა აზრებაიჯანში დაიწყეს...
მომხდარის შესახებ ოპერმუშაკებმა ზემდგომებს მოახსენეს. მეორე დღეს, დილით პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ფულის გამოძალვის მიზნით ადამიანის გატაცების წინააღმდეგ მებრძოლ განყოფილებაში საქართველოს უშიშროების საბჭოს იმჟამინდელმა მდივანმა ნუგზარ საჯაიამ დარეკა და განაცხადა:
- მართალია, ადამიანის გატაცების გამოძიება თქვენი პრეროგატივაა, მაგრამ 5-მილიონად შეფასებული განძი უცხოეთში კონტრაბანდის გზით გავიდა და ეს საქმე უშიშრეობას გადაეცით...
...მეჯიქ ილმაზიმ საქართველო იმ დღეს დატოვა, როცა საქმის გამოძიება უშიშროების სამსახურმა დაიწყო... უცნობია, სპეცსამსახურის თანამშრომლებმა მეჯექ ილმაზი თუ დაკითხეს. ასევე უცნობია, რა ბედი ეწიათ ჯემალ ლოლაძესა და მემედ გაჯიევს. შეუმოწმებელი ინორმაციით, 5-მილიონ დოლარად შეფასებული რუსეთის საიმპერატორო კარის განძი - ყელსაბამი და სამაჯური საქართევლოში დაბრუნდა, მაგრამ ვიღაცებმა ლოლაძეს ურჩიეს, რომ განძით არ დაინტერესებულიყო, თორემ პრობლემები შეექმნებოდა...
ვანო პავლიაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






