მეცნიერებმა დაადგინეს მიზეზი, თუ რატომ გამოირჩევიან კუნძულ კრეტას ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სოფლებში მაცხოვრებლები სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობით.
მიზეზი ერთგვარი გენია, რომნელიც სოფლის ყველა მცხოვრებს აქვს და ეს გენი იცავს მათ მავნე ცხიმებისა და ქოლესტერინისაგან, რაც გულისა და სისხლის მიმოქცევის სისტემის უკეთ მუშაობას უწყობს ხელს.
სოფლები ზონიანა და ანოია მაღალმთიან რეგიონში მდებარეობს. მოსახლეობის რაოდენობა იქ არ იცვლება - სამუდამოდ საცხოვრებლად იქ არავინ ჩადის, სამაგიეროდ იქ ბევრია ადამიანი, რომელიც თითქმის 100 წელი ცხოვრობს.

მიუხედავად იმისა, რომ სოფლების მოსახლეობის მენიუ ცხოველური ცხიმებითაა მდიდარი, ისინი გულსიხლძარღვთა დაავადებებით ფაქტიურად არ ავადდებიან. ისინი რეგულარურად მიირთმევენ ცხვრის ხორცსა და, ამასთან, მათ ძალიან უყვართ ცხვრის ყველი!
როგორც წესი, ასეთ კვებას ადამიანი პირდაპირ მიჰყავს სხვადასხვა დაავადებამდე, გულის პრობლემებსა და ინსულტამდე, თუმცა, ამ სოფლებში ეს არ აწუხებთ. მართალია, სოფლებში, ისევე როგორც მთელს საბერძნეთში, ხშირია მეორე ტიპის დიაბეტი, მაგრამ ეს დაავადება არ იწვევს მათში ჩვეულებრივ თანმდევ პრობლემებს, როგორიცაა დიაბეტური ნეფროპატია (თირკმელის უკმარისობა).

აქედან გამომდინარე, მეცნიერები დაინტერესდნენ, აქვთ თუ არა ამ ადამიანებს გენეტიკურ კოდში რაიმე განსხვავებული, რაც მათ გულის კუნთს დაავადებისაგან იცავს. ამისთვის მათ 250 ადამიანის გენომი გაშიფრეს.
კვლევების შედეგად დადგინდა, ამ ადამიანებს აქვთ გენის ახალი ნაირსახეობა, რომელიც გულის მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენს. იგი ამცირებს „ცუდი“ ნატურალური ცხოველური ცხიმებისა და ქოლესტერინის რაოდენობას. გენის ეს ნაირსახეობა უნიკალურია და მხოლოდ ამ სოფლებში გვხვდება - სხვა ქვეყნებსა და რეგიონებში ჩატარებული ათიათასობით კვლევის შედეგად ამგვარი გენი მხოლოდ ერთ ადამიანს, იტალიის მაცხოვრებელს აღმოაჩნდა.
ამჟამად, მეცნიერები იკვლევენ, თუ რამ შეუწყო ხელი კრეტას მაღალმთიან სოფლებში ამ გენის წარმოქმნას - არის ეს დამოკიდებული მათ ცხოვრების წესზე, გარემოს პირობებზე თუ ის ათასწლეულების განმავლობაში მემკვიდრეობით გადაეცემა.
ეს აღმოჩენა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია დიდ რაოდენობით მივირთვათ ცხვრის ხორცი და ყველი. პირიქით, ჩვენ მათ უნდა მოვერიდოთ, რადგან ჩვენ არ გვაქვს ისეთი გენი როგორც კრეტას მაცხოვრებლებს.
თუმცა მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს კვლევა დაეხმარება მათ იმ გენების აღმოჩენაში, რომლებიც ხელს უწყობენ გულსისხლძარღვთა დაავადებების წარმოშობას.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს მეცნიერები აქტიურად იკვლევენ ე.წ. იზოლირებულ პოპულაციებს, მაგალითად ამიშებს - აშშ-ში, შოტლანდიის კუნძულ ორკნის მაცხოვრებლ;ებს რომლებიც ასევე სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობით გამოირჩევიან.
მასალის გამოყენების პირობები






