ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკელი პოლიტოლოგი, უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მრჩეველი, ზბიგნევ ბჟეზინსკი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას მისი ქალიშვილი მიკა თვითერზე ავრცელებს.
„მამაჩემი მშვიდად წავიდა ამ ქვეყნიდან. მისი მეგობრებისთვის ის იყო ზბიგი, შვილიშვილებისთვის “შეფი“, ცოლისთვის კი მისი ცხოვრების ძლიერი სიყვარული. მე უბრალოდ ვიცოდი, რომ ის იყო ყველაზე მოსიყვარულე, ერთგული მამა. მე შენ მიყვარხარ, მამა“ - წერს მისი ქალიშვილი.
გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ვრცელდება.
ბჟეზინსკი - პოლონური წარმოშობის, ამერიკელი, პოლიტოლოგი, სოციოლოგი და სახელმწიფო მოღვაწე იყო. 1966 წლიდან 1968 წლამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვის საბჭოს წევრი იყო.
1977-1981 წლებში უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მრჩეველი იყო.
ბჟეზინსკი თანამშრომლობდა ამერიკის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევებოს ცენტრთან, ასწავლიდა უნივერსიტეტებში, იყო ორგანიზაცია დემოკრატიის ეროვნული მხარდაჭერის, „ფრიდომ ჰაუსისა“ და ამერიკის ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დირექტორთა საბოს წევრი.
1981 წელს ის პრეზიდენტის თავისუფლების მედლით დაჯილდოვდა.
მასალის გამოყენების პირობები






