მკვლელობა ოქტომბრის ქუჩაზე
ეს ამბავი 1982 წლის გაზაფხულზე მოხდა. ბინდდებოდა... ტელეფონმა დარეკა. ქალაქ სოხუმის სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების ახალგაზრდა ოპერწმუნებული ყურმილს დასწვდა.
- ამხანაგო, ოქტომბრის ქუჩაზე მკვლელობაა, - უპატაკა უბნის ინსპექტორმა.
- ვინ მოკლეს? როდის?
- გუდაუთის ტრიკოტაჟის ქარხნის დირექტორი რიჟინაშვილი...
- 5 წუთში მანდ ვიქნები... შემთხვევის ადგილას უცხო არავინ მიუშვათ... კრიმინალისტებიც გამოიძახეთ, - უბრძანა ოპერრწმუნებულმა უბნის ინსპექტორს და კაბინეტიდან გავარდა...
გუდაუთის ტრიკოტაჟის ქარხანა მომგებიან საწარმოდ არ ითვლებოდა, მაგრამ ხმა დადიოდა, რიჟინაშვილს იმდენი ფული აქვს, რომ არ იცის, რაში დახარჯოსო.
როგორ შოულობდა საშუალო სიმძლავრის ქარხნის დირექტორი ფულს? - რიჟინაშვილი ჭკვიანი და განათლებული კაცი ყოფილა. ჰოდა, აღმოუჩენია, რომ ჩეხოსლოვაკიაში წარმოებული საქსოვი მანქანა, საბჭოურთან შედარებით, ეკონომიური იყო. ტრიკოტაჟის ფაბრიკაში რიჟინაშვილს ჩეხური მანქანები ფარულად დაუმონტაჟებია და წელიწადში, თურმე, მილიონი მანეთის მოგებას ნახულობდა. რიჟინაშვილს, როგორც ჩანს, მფარველები ხელისუფლებაში ჰყავდა, თორემ ჩეხოსლოვაკიიდან საქსოვი მანქანების ჩუმად შემოტანას ვერ მოახერხებდა...
ერთი სიტყვით, გუდაუთის ტრიკოტაჟის ქარხნისთვის თვალი კრიმინალებს დაუდგავთ და რიჟინაშვილისთვის შუამავალი მიუგზავნიათ, «ლევი მაყუთის» წილში თუ არ ჩაგვისვამ, არ გაგახარებთო. რიჟინაშვილს მოსაფიქრებლად დრო უთხოვია. ბოლოს, კრიმინალებისთვის შეუთვლია, თქვენს წილში ჩასმას არ ვაპირებ და ტყუილად მაშინებთო...
- დარწმუნებული ვარ, რომ რიჟინაშვილი სწორედ ამ უარისთვის მოკლეს, - ჩაილაპარაკა შემთხვევის ადგილზე მისულმა ოპერრწმუნებულმა და რიჟინაშვილის დაჩეხილ გვამს თვალი მოარიდა.
- თავდამსხმელი, ალბათ, გაძარცვას უპირებდა, მაგრამ რიჟინაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია და ამიტომაც მოკლა, - დაასკვნა უბნის ინსპექტორმა.
- უბედურ შემთხვევას არ ჰგავს, რადგან სხეულზე დანით 18 ჭრილობა აქვს მიყენებული. ასე კი, როგორც წესი, პროფესიონალი მკვლელები იქცევიან, - უფრო თავისთვის, ვიდრე უბნის ინსპექტორის გასაგონად ჩაილაპარაკა ექსპერტ-კრიმინალისტმა.
...კომუნისტები ყველას და ყველაფერს აკონტროლებდნენ. მაგალითად, საგაზო პოლიცია სპეციალურ ჟურნალში იმ ავტომანქანის მარკას, სერიასა და ნომერს წერდა, რომელიც ტრასაზე საღამოს 9-10 საათის შემდეგ მოძრაობდა... აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამართალდამცავებს ინფორმატორებმა აცნობეს, რომ რიჟინაშვილის მკვლელი სტავროპოლის მხარიდან ჩამოვიდა და სოხუმი მკვლელობის დღესვე დატოვა. სისხლის სამართლის სამძებროს ოპერმუშაკებს დაევალათ, გაერკვიათ, მკვლელობის დღეს სოხუმიდან გაგრის მიმართუილებით კრასნოდარის მხარისა და ქალაქ როსტოვის სანომრენიშნიანმა რამდენმა ავტომანქანამ გაიარა. ოპერმუშაკებმა დავალება რამდენიმე საათში შეასრულეს და ხელმძღვანელობას მოახსენეს:
- მკველობის დღეს სოხუმი-გაგრის საგზაო მონაკვეთზე ჩვენთვის საინტერესო სანომრე ნიშნებით სულ ოთხი მანქანა მოძრაობდა. აქედან სამი კრასნოდარამდე მივიდა. ერთმა, თეთრი ფერის «ჟიგულმა» კი გზა როსტოვამდე გააგრძელა.
გადაწყდა: ოპერმუშაკები როსტოვში იცხოვრებდნენ და ზემოხსენებულ «ჟიგულს», მილიციის ადგილობრივ ოპერწმუნებულებთან ერთად, თვალს არ მოაცილებდნენ...
საათი საათს მისდევდა, დღე - დღეს. ამასობაში სამი თვე გავიდა, თეთრ «ჟიგულთან» დაკავშირებით კი საინტერესო არაფერი მომხდარა, მაგრამ სწორედ იმ დღეს, როცა ოპერრწმუნებულები სოხუმში დაბრუნებას აპირებდნენ, სათვალთვალო ობიექტმა გეზი როსტოვის ცენტრისკენ აიღო. ქართველი ოპერმუშაკები «ჟიგულს» უკან მიჰყვნენ... ავტომანქანა პატარ სკვერთან გაჩერდა. მძღოლმა კარი გააღო და თვალების ცეცება დაიწყო... რამდენიმე წუთში «ჟიგულს» ორი მამაკაცი მიუახლოვდა.
- ამათ აქ რა უნდათ? - გაოცება ვერ დამალეს ქართველმა მილიციელმა.
- ვინ არიან? - ჩაეკითხა მეწყვილე.
- სოხუმელი ვანიკა გრიგორიანი და ზუგდიდელი თოდუა. ორივე შავი სამყაროს ავტორიტეტია...
ქართველი კრიმინალების როსტოვური ვოიაჟის შესახებ სოხუმის სისხლის სამართლის სამძებროს აცნობა. «ჟიგულის» მძღოლის ვინაობაც დაადგინეს - სავჩუკი, რომელიც როსტოვში ცნობილი დამნაშავე იყო.
როსტოვიდან დაბრუნებულ გრიგორიანსა და თოდუაზე ქართველმა სამართალდამცავებმა თვალთვალი დააწესეს. გაირკვა, რომ ვანიკა გრიგორიანი ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელი იყო და არარეგისტრირებულ იარაღსაც ატარებდა. ოპერმუშაკები მის დასაკავებლად უკეთეს საბაბას ვერც ინატრებდნენ.
მოკლედ, რიჟინაშვილის მკვლელობიდან რამდენიმე თვის შემდეგ, სპეცოპერაცია ჩაატარეს და სოხუმში, რესტორან «პინგვინის» მიმდებარე ტერიტორიაზე ვანიკა გრიგორიანი დააპატიმრეს. მან გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მისცა, თუმცა ვიდრე გრიგორიანი ოქტომბრის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დეტალებს გაიხსენებდა, სამართალდამცავებმა უკვე იცოდნენ, რომ გუდაუთის ტრიკოტაჟის ქარხნის დირექტორი რიჟიმაშვილი სიცოცხლეს მოსკოველმა ქილერმა - ჟენია ევდოკიმოვმა, იგივე „პოლკოვნიკმა“ გამოასალმა.
გამოძიებამ ვერ გაარკვია, გრიგორიანმა და თოდუამ რიჟიმაშვილის მოკვლისთვის ევდოკიმოვს რამდენი გადაუხადეს. სამაგიეროდ, დადგინდა, რომ ისინი ევდოკიმოვს როსტოველმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა - სავჩუკიმ დააკავშირა.
...აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შს სამინისტროს სისხლის სამძებრო განყოფილების ოპერმუშაკებს ევდოკიმოვის დაკავება არ გასჭირვებიათ, თუმცა მას მფარველები მხოლოდ კრიმინალურ სამყაროში კი არა, კრემლშიც გამოუჩნდნენ. ამიტომ სწორედ მაშინ, როცა საქმე სასამართლოს უნდა გადასცემოდა, საქართველოს გენპროკურატურამ ევდოკიმოვის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია და საქმე ხელახალ ძიებაში დააბრუნა.
ვინ მფარველობდა პროფესიონალ მკვლელს? - ერთი ვერსიით, ის საბჭოთა კავშირის ყოფილი გენერალური მდივნის სიძესთან, შოლოხოვთან მეგობრობდა და როცა შოლოხოვი საბჭოთა კავშირის შს მინისტრი იყო, ევდოკიმოვი მას კონსპირაციულ ბინაში ხვდებოდა. ამბობენ, რომ ამ შეხვდრებზე კილერი პოლკოვნიკის პიჯაკით მიდიოდა და მეტსახელად პოლკოვნიკი სწორედ ამიტომ შეარქვეს...
...საბჭოთა კავშირის დროს კრიმინალებს ვაჭრობის მუშაკებთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ და ხელისუფლებასთან კავშირს, როგორც ამბობენ, სწორედ მათი დახმარებით ამყარებდნენ. მას შემდეგ, რაც ევდოკიმოვი სოხუმიდან ორთაჭალის ციხეში გადმოიყვანეს, მოსკოვიდან თბილისში აფხაზეთში მცხოვრები ბერძენი - კარდაშიდი ჩამოვიდა, რომელიც სოხუმში თევზის მაღაზიის გამგედ მუშაობდა და მან ერთ-ერთი სამართალდამცავი სტრუქტურის მაღალჩინოსანს უცნობი მხატვრის მილიონ დოლარად შეფასებული ნახატი ჩამოუტანა. ამბობენ იმასაც, რომ კარდაშიდის ეს ნახატი რუსეთის კრიმინალური სამყაროს ე.წ. „ელიტამ“ გამოატანა... გადაუმოწმებელი ინფორმაციით, პოლკოვნიკი დახვრეტას სწორედ ამ ნახატის წყალობით გადაურჩა...
ერთხელ ევდოკიმოვმა თანასაკნელთან დაიტრაბახა:
- რიჟიმაშვილი მე მოვკალი!
- მართლა? - გაოცებისგან პირი დააღო ტუსაღმა.
- ჰო, - ჩაიცინა „პოლკოვნიკმა“ და მკვლელობის დეტალები გაიხსენა, - ვიდრე «საქმეზე» წავიდოდი, სოხუმის ერთ მაღაზიაში «ტელეგრეიკა» ვიყიდე, მეორეში - სამზარეულოს დანა და გეზი ოქტომბრის ქუჩოსკენ ავიღე... რიჟიმაშვილი მალე გამოჩნდა და უკნიდან მივეპარე... სოხუმი იმავე დღეს დავტოვე... ქალაქიდან რომ გავედი, «ტელეგრეიკა» გავიხადე, შიგ სისხლიანი დანა გავახვიე და წყლის მილის ქვეშ დავმალე, რომელიც გუმისთის ხიდს მიუყვება...
ევდოკიმოვის თანასაკნელი, როგორც ჩანს, «ნასედკა» იყო და პოლკოვნიკის მონაყოლი ციხის ადმინისტრაციას სიტყვა-სიტყვით ჩაუკაკლა.
...მას შემდეგ, რაც ჟენია ევდოკიმოვის, იგივე „პოლკოვნიკის“ თანასაკნელმა „ნასედკამ“ ციხის ოპერნაწილს აცნობა, რომ მკვლელმა ნივთმტკიცებები _ „ტელეგრეიკა“, რომელიც მკვლელობის დღეს ეცვა და სამზარეულო დანა, რომლითაც რიჟინაშვილი სიცოცხლეს გამოასალმა, გუმისთის ხიდთან, წყლის მილის ქვეშ დამალა, აფხაზეთის შს სამინისტროს ოპერმუშაკებმა გუმისთის ხიდის მიმდებარე ტერიტორია გოჯა-გოჯა შეისწავლეს, მაგრამ ვერც „ტელეგრეიკა“ იპოვეს და ვერც - დანა. მათ დახმარება სოხუმის სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის ხელმძღვანელობას სთხოვეს.
...ზემო ეშერა პატარა სოფელია, რომელიც მდინარე გუმისთის მარჯვენა სანაპიროზე, შემაღლებულ ადგილასაა გაშენებული. სოფელს წყალი სწორედ იმ მილით მიეწოდება, რომლის ქვეშაც პოლკოვნიკმა „ტელეგრეიკაში“ გახვეული სისხლიანი დანა დამალა... სოფლის განაპირას მეგრული ოდა დგას, რომელიც მდინარე გუმისთას, ცენტრალური გზის გარდა, საცალფეხო ბილიკითაც უკავშირდება.
- ნეტავ, ამ სახლში ვინ ცხოვრობს? - ჩაილაპარაკა მილიციელმა.
- „ტელეგრეიკა“ და დანა გვაპოვნინე, მაგ სახლის მეპატრონის ვინაობის დადგენა კი ჩვენზე იყოს! - გაეხუმრნენ კოლეგას აფხაზეთის შს სამინისტროს უფროსი ოპერწმუნებულები.
- ეს სახლი რაღაც საიდუმლოს ინახავს, - გაულევა მილიციელს.
...მეგრული ოდიდან ოპერმუშაკებს შუახნის ქალბატონი გამოეგებათ.
- ჩვენ მილიციიდან ვართ! - განუცხადეს დიასახლისს.
- მილლ-იი-ციიდან? - ენა დაება მანდილოსანს, - ჩემი ქმაა-რიი შინ არ არის...
- სად არის?
- საქონლლლ-ის სადგომზე... ჩვენ სომხები ვართ... გეფფფ-იცებით, არრ-აფერი დაგვიშავებია, - ატირდა დიასახლისი...
- თქვენს ქმარს რა ჰქვია?
- არტურა... ის მშრომელი კაცია... შვილიც კარგი მყავს... უნდა დაიჭიროთ?
- არა! _ მოკლედ მოუჭრეს მილიციელბმა ქალს და ავტომანქანა დაქოქეს...
ნაკელის სუნით აქოთებული არტურა დაუპატიჟებელ სტუმრებს ღიმილით შეეგება, მაგრამ როცა გაიგო, ვინ იყვნენ, ღიმილი პირზე შეეყინა.
- ვიცით, რომ რამდენიმე წლის წინ გუმისთის ხიდთან, მილის ქვეშ „ტელეგრეიკა“ და სისხლიანი დანა იპოვე და ორივე უნდა მოგვცე, - პირდაპირ საქმეზე გადავიდნენ სამართალდამცავები.
- მე არავინ მომიკლავს! - დაილუღლუღა არტურამ.
- ვიცით... „ტელეგრეიკა“ მართლა შენ აიღე?
- ჰო... უნდა დამიჭიროთ? - ცრემლნარევი ხმით იკითხა არტურამ.
- თუ „ტელეგრეიკასა“ და დანას მოგვცემ, არ დაგიჭერთ, - დაუყვავეს...
...არტურამ ბოსლიდან დახეული „ტელეგრეიკა“ და ლესვით გაცვეთილი სამზარეულო დანა ხელის კანკალით გამოიტანა...
აფხაზეთის შს სამინისტრომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას იმავე საღამოს აცნობა, რომ გუდაუთის ტრიკოტაჟის ქარხნის დირექტორის რიჟინაშვილის მკვლელობის მთავარი ნივთმტკიცებები იპოვა. გენპროკურატურა იძულებული გახდა, საქმე სასამართლოსთვის გადაეცა...
რიჟინაშვილის მკვლელობის ორგანიზატორებს - სოხუმელ ვანიკ გრიგორიანსა და ზუგდიდელ თოდუას თავისუფლება 15-15 წლით აღუკვეთეს. როსტოველ სავჩუკსაც, რომელმაც გრიგორიანი და თოდუა ქილერ ჟენია ევდოკიმოვს, იგივე პოლკოვნიკს დააკავშირა, 15 წელი მიუსაჯეს. სასამართლომ ევდოკიმოვს დახვრეტის განაჩენი გამოუტანა, მაგრამ ის მოსკოვმა შეიწყალა და დახვრეტა ჯერ 15, შემდეგ კი 10 წლიანი პატიმრობით შეუცვალა, თუმცა დღემდე არ გარკვეულა, ვინ აჩუქა პროფესიონალ მკვლელს სიცოცხლე?!
...ჟენია ევდოკიმოვი, იგივე „პოლკოვნიკი“, რომელიც სასჯელს ორთაჭალის ციხეში იხდიდა, პატიმრობიდან 1992 წელს გათავისუფლდა. „პოლკოვნიკმა“ მილიციას წერილი გაუგზავნა, შეიძლება, მომკლან და აეროპორტამდე მიმაცილეთო. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქილერს თხოვნა შეუსრულეს... არავინ იცის, რა ბედი ეწია სასჯელლმოხდილ მკვლელს...
რაც შეეხება უცნობი მხატვრის მილიონდოლარად შეფასებულ ფერწერულ ტილოს, რომელიც რუსული შავი სამყაროს ე.წ. „ელიტამ“ სოხუმელი ბერძენის, ვინმე კარდაშიდის ხელით ერთ-ერთი სამართალდამცავი სტრუქტურის პირველ პირს გამოუგზავნა, ამ ისტორიის გახმაურების შემდეგ, ექსძალოვანმა მილიონდოლარიანი ნახატი, როგორც ამბობენ თავიდან მოიცილა...
ვანო პავლიაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






