დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოსაძიებლად სპეციალური პროკურორის დანიშვნა აშშ-ს უაღრესად დიდ ზიანს მოუტანს.
ამის შესახებ ტრამპმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, მასსა და მის წინასაარჩევნო შტაბს არასოდეს ჰქონია საიდუმლო შეთქმულება რუსეთთან.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის წევრების რუსეთთან შესაძლო კავშირის შესახებ გამოძიების სპეციალურ პროკურორად FBI-ს ყოფილი ხელმძღვანელი, რობერტ მიულერი, დანიშვნა, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ აშშ დაბნეული და გაყოფილია.
„ვფიქრობ, რომ ეს საშინელ ზიანს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, რადგან ეს გაყოფილ, დაბნეულ ქვეყნად წარმოგვაჩენს“ - განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის წევრების რუსეთთან შესაძლო კავშირის შესახებ გამოძიების სპეციალურ პროკურორად , გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, რობერტ მიულერი, დანიშნა.
მასალის გამოყენების პირობები






