„დემპინგი მოსახლეობას ულუკმაპუროდ ტოვებს” - ლევან კალანდაძე
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:48, 09 May, 2017     10850

რა ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას და რატომ უნდა ებრძოლოს სახელმწიფო დემპინგს

ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც დასავლური მედია იუწყება, დემპინგის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს. ანტიდემპინგური კამპანია საქართველოშიც ნელ-ნელა აქტიურდება. ყოველ შემთხვევაში, არსებობს პრეცედენტი, როცა ადგილობრივმა მწარმოებლებმა ტრანსნაციონალური კომპანიები დემპინგური ფასებით ოპერირებასა და, შესაბამისად, ამ გზით ბაზრის მონოპოლიზაციაში ამხილ-დაადანაშაულეს. საერთოდ, დემპინგი, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, გრძელვადიან პერსპექტივაში, ადგილობრივ წარმოებას კლავს, რაც ავტომატურად მოსახლეობას აღარიბებს. შესაბამისად, დემპინგი მხოლოდ ეკონომიკური კი არა, სოციალური მოვლენაცაა. „თანამედროვე მსოფლიოში, თავისუფალი კონკურენციის პირობებში, ბაზარზე უპირატესი ძალაუფლების, ანუ დომინანტური მდგომარეობის მოპოვება ნომერ პირველი გამოწვევაა. შესაბამისად, ის, ვინც ბაზარზე დომინანტურ უპირატესობას მოიპოვებს, გრძელვადიან პერსპექტივაში, მოგებული იქნება. მოკლედ, ყველაფერ ამის, ანუ დემპინგის მთავარი მიზანი მაქსიმალური მოგების მიღებაა“, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე.

- ლევან, ამ უპირატესობის მოპოვება წესების გარეშე ბრძოლითაც დაშვებულია?

- არა. იმისთვის, რომ მოთამაშეები გარკვეულ ზღვარს არ გადავიდნენ, სახელმწიფოები თამაშის გარკვეულ წესებს აწესებენ. საერთოდ, ბაზარზე უპირატესი მდგომარეობის მოსაპოვებლად სხვადასხვანაირი ტექნიკა არსებობს. ერთ-ერთი ასეთი ხერხთაგანი სწორედ დემპინგია, რაც პროდუქციის მომხმარებლისთვის საბაზრო ფასზე ნაკლებად ფასად გაყიდვას, ან შეთავაზებას და ამით კონკურენტებისთვის კლიენტების წართმევას ნიშნავს. შეიძლება, დაისვას მარტივი შეკითხვა: მომხმარებელს პროდუქციას, ან მომსახურებას თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად რატომ აწვდი? იმ შემთხვევაში, თუკი კომპანიას ძლიერი ფინანსური ზურგი და, გრძელვადიან პერსპექტივაში, გარკვეულ ფინანსურ დანაკარგებზე წასვლის შესაძლებლობა აქვს, ურჩევნია, მოკლევადიან პერსპექტივაში წააგოს და ფინანსები დაკარგოს, ამით კონკურენტები „მოკლას“ და ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა მოიპოვოს, შემდეგ კი, კონკურენციის არარსებობის პირობებში, ფასის აწევაში ხელს აღარავინ შეუშლის და აქედან გამომდინარე, მოკლევადიან ზარალს გრძელვადიანი მოგებით ჩაანაცვლებს. ეს, თავისთავად, გარკვეული საბაზრო წესების დარღვევაა.

მართალია, სახელმწიფო ფასთწარმოქმნაში არ ერევა, მაგრამ როცა რომელიმე კომპანია პროდუქციას საბაზროზე ნაკლებ ფასად ყიდის, ეს ბაზარზე არსებული სხვა მოთამაშეების შეზღუდვაა და, შესაბამისად, ძალიან ბევრ ქვეყანაში დემპინგი სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშაა!

- ზოგ სახელმწიფოში, როგორც ვიცი, ანტიდემპინგური კანონიც არსებობს, არა?

- რა თქმა უნდა, არსებობს.

- ჩვენ ასეთი კანონი არ გვაქვს, თუმცა ევროკავშირის რეკომენდაციებით, ანტიდემპინგური კანონმდებლობის შემუშავება დაწყებულია...

- დიახ, ასეა. ჩვენ გარდამავალ პერიოდში ვიმყოფებით, ანუ ამ კუთხით რაღაც ნომინალური რეგულაცია არსებობს, თუმცა, ეს უფრო ანტიმონოპოლიური კანონის თემაა.

საერთოდ, ანტიმონოპოლიური კანონი ბაზარზე შეღწევადობასა და ბაზარზე შეზღუდვას ეხება. დემპინგური კანონმდებლობა კი უფრო ღრმა და ყოვლისმომცველია.

- ისე, ზოგი ამბობს, რაკი ანტიმონოპოლიური კანონი არსებობს, ანტიდემპინგური კანონის მიღება რაღა საჭიროაო. ლევან, ამ მოსაზრებას იზიარებთ?

- არა, რადგან ეს ორი ერთმანეთს ავსებს - ანტიდემპინგური პოლიტიკა ანტიმონოპოლიურის გაგრძელება, ანუ უფრო სიღრმეში წასვლაა. სხვათა შორის, ორი წლის წინ, კონკურენციის სააგენტომ ნავთობიმპორტიორები კარტელურ გარიგებაში, ანუ ფასის შეთანხმებაში დაადანაშაულა. მართალია, ეს წმინდა დემპინგი არაა, მაგრამ დემპინგის რაღაც ელემენტები იკვეთება, რადგან ბაზარზე ახალ მოთამაშეს შესვლის შანსი ერთიანი ფასის შეთანხმებითაც ეზღუდება. შესაბამისად, ახალი მოთამაშე ან კარტერული შეთანხმების ნაწილი უნდა გახდეს, ან ბაზარზე, უბრალოდ, უარი თქვას.

- დემპინგის დროსაც მანიპულირება ხომ ფასით ხდება?

- დიახ, მაგრამ დემპინგის დროს ერთი ან რამდენიმე მოთამაშე მომხმარებელს სერვისსა თუ პროდუქტს საბაზროზე დაბალ ფასად აწვდის და ამით ბაზრიდან სხვა მოთამაშეებს აგდებს. შემდეგ კი, თავისუფალ ველზე ფასის აწევა ძალიან უადვილდება.

- დასავლურ მედიაში კონკრეტულ ტრანსნაციონალურ კომპანიებზე არაერთხელ ითქვა, რომ მათ დემპინგში სახელმწიფო ჩინოვნიკები ეხმარებიან, ანუ დემპინგი კორუფციულ გარიგებამდე მიდის?

- დიახ, ყველა შემთხვევაში.

- ესე იგი, თუკი საქართველოშიც არსებობს, დიდი ალბათობით, დემპინგს რომელიმე სახელმწიფო მოხელე „კრიშავს“?

- შეიძლება, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ რაკი კანონმდებლობა არ გვაქვს, სახელმწიფო დემპინგს ვერ აკონტროლებდეს. მოდით, განვითარებული ქვეყნების მაგალითებზე ვიმსჯელოთ, სადაც ასეთი ტიპის რეგულაციები მეტ-ნაკლებად არსებობს.

- კი ბატონო, გისმენთ...

- თუკი სახელმწიფო თვალს არ ხუჭავს, ანუ კანონმდებლობა მუშაობს, კომპანია კონკურენტებისთვის ფინანსური ზიანის მიყენებას ვერ შეძლებს. საერთოდ, კორუფცია იქაა, სადაც საამისოდ სახელმწიფოს ნება არსებობს.

- კორუფციისთვის სახელმწიფოს ნება, როგორც წესი, „მესამე სამყაროს“ ქვეყნებში არსებობს...

- დიახ, დემპინგი „მესამე სამყაროს“, ან იმ ქვეყნებშია შესაძლებელი, სადაც დემპინგური კანონმდებლობა ბოლომდე არაა მიღებული. საქართველომ ეს რეფორმა დაიწყო და ბაზრის მოთამაშეების დასაცავად მინიმალური სტანდარტი შეიმუშავა, მაგრამ სქემებიც ვითარდება. ამიტომ, შესაბამისი საკანონმდებლო უზრუნველყოფა აუცილებელია.

სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ, აქტუალური დემპინგი კი არა, კარტელური გარიგება იყო. დღეს კარტელური გარიგების მარეგულირებელი ორგანოც გვაქვს და საკანონმდებლო ბაზაც. ამიტომ, სახელმწიფოს ნების შემთხვევაში, ეს თემა რეგულირებადი, პრობლემა კი მოხსნილი იქნება, მაგრამ ახლა წინა პლანზე მეორე პრობლემა - დემპინგური ქეისები წამოიწია. შეიძლება, ქვეყანას ანტიდემპინგური კანონმდებლობა არ ჰქონდეს, მაგრამ დემპინგთან ბრძოლის სხვა მეთოდი, მაგალითად, ლოტირება გამოიყენოს - ევროკავშირი, ასევე, აშშ-ც, წლების განმავლობაში, ჩინეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან შეტანილი პროდუქციის დემპინგურ ფასებზე გარკვეულ ლოტებს აწესებდა.

- „დემპინგურ ფასებზე გარკვეული ლოტების დაწესება“ რას ნიშნავს, ლევან?

- აგიხსნით: მაგალითად, ჩინეთში ელექტროსადენების წარმოება იმაზე ნაკლებ ფასად შეიძლება, ვიდრე - აშშ-ში, მაგრამ აშშ, ევროკავშირის მსგავსად, საკუთარი ბაზრისა და მეწარმეების დასაცავად პროტექციონისტულ პოლიტიკას მიმართავს და იმპორტულ პროდუქციაზე გარკვეულ ქვოტას აწესებს, ანუ უცხოელ მწარმოებელს წელიწადში, ვთქვათ, 10 ათას ტონაზე მეტი ელექტროსადენის შეტანის უფებას არ აძლევს. იმპორტიორს შეუძლია, ეს ლიმიტირებული პროდუქცია დემპინგურ ფასად გაყიდოს, მაგრამ ამით ბაზარს სრულად ვერ დაიპყრობს და ესეც ანტიდემპინგური ღონისძიებაა. ისე, საქართველოში ლოტირება ნაკლებად განხორციელებადია.

- რატომ?

- რატომ და, ღია ეკონომიკური საზღვრის პოლიტიკა გვაქვს დეკლარირებული, ანუ ტარიფებით, საბაჟო მოსაკრებლითა და ლოტირებით ბარიერს არ ვქმნით, რაც თავისთავად სწორია.

- სწორი რატომაა?

- აგიხსნით: პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა გვინდა, რაც ადგილზე წარმოების განვითარების საწინდარია. მოკლედ, ასეთი რეგულაცია ერთგვარი ფუფუნებაა, რის უფლებასაც საკუთარ თავს საქართველოს ტიპის ქვეყნები ვერ მისცემენ. ამიტომ, იგივე დემპინგს სხვანაირად უნდა ვებრძოლოთ.

- მესმის... აღსანიშნავია, რომ ამას წინათ, ტრამპმა დემპინგის წინააღმდეგ ღიად გაილაშქრა. ჩვენი ხელისუფლება კი დემპინგზე ყასიდადაც არაფერს ამბობს. ისე, მომხმარებლისთვის, ალბათ, უმჯობესია, რომ ესა თუ ის პროდუქტი იაფად იყიდოს. შესაბამისად, ობივატელმა შეიძლება იკითხოს, დემპინგი მე რას მიშლისო?

- აბსოლუტურად სწორი შეკითხვაა და, როგორც წეღან აღვნიშნე, მოკლევადიან პერიოდში, დემპინგი თითოეული ჩვენგანისთვის, შეიძლება, სახეიროც იყოს, ანუ იმის გამო, რომ ვიღაცამ კონკრეტული პროდუქტი გააიაფა, ამით მე, როგორც მომხმარებელს ხარჯი შემიმცირდება, მაგრამ ამ ფასის კლებას კონკრეტული მიზანი აქვს, რაც მომხმარებლის კომფორტულ ყოფნას კი არა, კონკურენტების „დახოცვას“ ითვალისწინებს. შესაბამისად, ბაზარზე დომინანტ კომპანიას ფასის გაზრდის საშუალება მიეცემა და ის ეფექტი, რასაც ერთი წელი გრძნობდა, მომხმარებელს ოთხმაგად ძვირი დაუჯდება - ბაზისური კომპანია უკვე მკვდარი იქნება, ბაზარზე სხვა ალტერნატიული კომპანიის შემოსვლას კი ძალიან დიდი დრო დასჭირდება.

- მაშასადამე, დემპინგი ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად მოქმედებს?

- დიახ. საერთოდ, კონკურენცია ყველაფრის განვითარების საფუძველია და საამისოდ ყველაზე კარგი მაგალითი კავშირგაბმულობის ბაზარია.

- ანუ?

- თუ ბოლო ათ წელს გადავხედავთ, საქართველოში კავშირგაბმულობის ბაზარზე მაღალი კონკურენციაა უზრუნველყოფილი და, შესაბამისად, მობილურ სერვისებზე ფასები მცირდება, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ფასის შემცირებასთან ერთად, ხარისხიც იკლებს, ანუ ფასის შემცირება ხარისხის ხარჯზე კი არ ხდება, არამედ, კონკურენცია და თამაშის მეტ-ნაკლებად ერთიანი წესები კომპანიებს აიძულებს, რომ მომხმარებელზე ორიენტირებული პოლიტიკა გაატარონ.

ერთი სიტყვით, ყველაფერ ზემოთქმულიდან გამომდინარე, დემპინგი კონკურენტულ ბაზარს კლავს.

- ბაზრის მოკვლა ავტომატურად სამუშაო ადგილების მოკვლას იწვევს, არა?

- რა თქმა უნდა. თუ ბაზარზე მოთამაშე ათი კომპანიაა და აქედან 9 „მოკვდება“, ამ ცხრის სამუშაო ადგილები შემცირდება. ამით, წმინდა მოგების გადასახადის თვალსაზრისით, ბიუჯეტში შენატანები შეიძლება, არ შემცირდეს, რადგან 9 კომპანიის ადგილს ბაზარზე ერთი კომპანია დაიკავებს, მაგრამ ბიუჯეტი საშემოსავლო გადასახადს დაკარგავს. ამასთან, ადამიანები ულუკმაპუროდ დარჩებიან, ანუ დემპინგი მხოლოდ ეკონომიკური კი არა, სოციალური ფაქტორიცაა.

- დემპინგს მხოლოდ უცხოური კომპანიები მიმართავენ თუ ადგილობრივი მეწარმეებიც?

- დემპინგს ყველა მიმართავს, ვისაც კი ამის საშუალება ეძლევა.

- ლევან, ამ „საშუალების“ ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ფორმა „კრიშაა“?

- ბუნებრივია. თუკი სახელმწიფოში არსებობს ნება, რომ ანტიდემპინგური პოლიტიკა განახორციელოს, ანუ დემპინგი, როგორც ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური დამაზარალებელი ინსტრუმენტი არ იქნას გამოყენებული, სახელმწიფო ან არსებულ კანონმდებლობას გამოიყენებს, ან თუ არ აქვს, ასეთ კანონმდებლობას შექმნის...

- ლევან, მსოფლიო პრაქტიკით, ანტიდემპინგური კანონი მხოლოდ ჯარიმას ითვალისწინებს?

- არა, არსებული ნაკლოვანებაც უნდა გამოსწორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია უფრო დიდი თანხით დაჯარიმდება.

- ...დემპინგი კრიმინალია?

- საქართველოში დემპინგი, როგორც ეკონომიკური კატეგორია და ინსტრუმენტი, კრიმინალი არაა, რადგან შესაბამისი კანონი არ გვაქვს, მაგრამ მაშინ, როცა კანონმდებლობა იქნება, მისი შესრულების ვალდებულებაც იარსებებს და დემპინგიც კრიმინალად სწორედ ასეთ დროს ჩაითვლება.

- იმისთვის, რომ საქართველომ ანტიდემპინგური კანონი მიიღოს, რა არის საჭირო?

- რა და, პოლიტიკური ნება.

- და ეს პოლიტიკური ნება რატომ არ არსებობს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ლამის ტოტალური უმუშევრობაა?

- ეს საყვედური, რასაკვირველია, ლეგიტიმურია, მაგრამ ხელისუფლება ამბობს, რომ რეფორმა დაიწყო და პირველი ფაზა უკვე გავლილია: შარშან, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, ანტიდემპინგური კანონმდებლობა უნდა შემუშავდესო. მოკლედ, ეს პროცესი, როგორც მთავრობა ამბობს, მრავალწახნაგოვანი და ძალიან რთულია. იმედი მაქვს, საქართველოს, ადრე თუ გვიან, ანტიდემპინგური კანონი ექნება!

- ზოგი აცხადებს, ანტიდემპინგური კანონი რომ მივიღოთ, ამით ინვესტორებს დავაფრთხობთო. ეს თითიდან გამოწოვილი არგუმენტია?

- ზოგ ქვეყანაში, მაგალითად, სინგაპურში ასეთი ტიპის რეგულაცია არ არსებობს და ბაზრის ეკონომიკურ ზრდას ე.წ. ველური ბაზარი უზრუნველყოფს, მაგრამ მხოლოდ ელიტური მოთამაშეებისთვის. თუკი გვინდა, რომ მართლაც, განვითარებული და ცივილურ საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო ავაშენოთ, აუცილებელია, რომ ყველასთვის, მათ შორის, ინვესტორებისთვისაც კონკურენტული გარემო არსებობდეს. ჩემი აზრით, ველური კი არა, მოწესრიგებული ბაზარი უნდა გვქონდეს, რადგან ასეთ დროს ინვესტორს დაცულობის, ანუ იმის განცდა უჩნდება, რომ ხვალ-ზეგ რომელიმე, ვთქვათ, ხელისუფლებასთან აფილირებული ან ხელისუფლებისგან „დაკრიშული“ მოთამაშე ბაზრიდან დემპინგური პოლიტიკის გატარებით ვერ გააგდებს. მე თუ მკითხავთ, საქართველოს მომავალი სწორედ ასეთ ინვესტორებზე უნდა იყოს გათვლილი და არა - რამდენიმე ელიტურ მოთამაშეზე, რომელიც მთელ ქვეყანას გააკონტროლებს. ასეთ დროს ეკონომიკური ზრდა შეიძლება, გვქონდეს, მაგრამ ბაზარი პროგრესისტული და განვითარებაზე ორიენტირებული არ იქნება.

- ლევან, სახელმწიფომ დემპინგს ბრძოლა ადგილობრივი წარმოების განვითარების მიზნით უნდა გამოუცხადოს თუ დემპინგზე თვალი იმიტომ უნდა დახუჭოს, რომ თუნდაც ელიტური ინვესტორები მოიზიდოს?

- დემპინგთან ბრძოლა, ერთის მხრივ, ადგილობრივი წარმოების განვითარების, მეორეს მხრივ კი, ინვესტორების შემოსვლის საფუძველია!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42