საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ყველაზე საინტერესო შეფასებას, ალბათ, რუსულ მედიაში წავიკითხავთ.
მაშინ, როცა ემანუელ მაკრონი მსოფლიო ლიდერებისგან მილოცვებს იღებს, რუსული მედია კრემლის ფავორიტ კანდიდატად წოდებულ მარინ ლე პენის დამარცხებას განიცდის. როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ გაახსენდათ, რომ მაკრონი კრემლისთვის სახარბიელო ვარიანტი სულაც არ არის და მასზე თავდასხმების სერიაც გაააქტიურა.
ცენტრისტმა მაკრონმა ულტრამემარჯვენე ლე პენი დაამარცხა. მას ამომრჩეველთა 66.06%-მა დაუჭირა მხარი (20 703 694 ხმა), ლე პენს კი 33.94%-მა (10 637 120 ხმა).
შედეგების გამოცხადებისთანავე, არ დააყოვნა Komsomolskaya Pravda-მ, რომელიც საფრანგეთის ახალდარჩეულ პრეზიდენტს გეი ფსიქოპატად მოიხსენიებს, რომელსაც საკუთარი ქვეყანა სძულს.
„საფრანგეთის არჩევნები: მათ მაკრონი დაიმსახურეს“ - ამ სათაურით აქვეყნებს „კოსმოლსკაია პრავდა“ დარია ასლამოვას სტატიას, რომელიც საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებს პარიზში ადევნებდა თვალყურს. თუმცა, როგორც ჩანს მისმა თვალებმა ყველაფერი ვერ ან არ დაინახეს.
„არჩევნები რომ ასე ჩატარებულიყო რუსეთში, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია დაგვესხმოდა თავს“ - წერს ჟურნალისტი.
როგორც ჩანს, „კოსმოლსკაია პრავდას“ ჟურნალისტი , პარიზის ქუჩებში დიდი მონდომებით ეძებდა მარინ ლე პენის წინასაარჩევნო პლაკატებს, მაგრამ ვერსად იპოვა.
„არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, მთელ პარიზში ვერ შევძელი მარინ ლე პენის ერთი წინასაარჩევნო პლაკატის პოვნაც კი. მთელი პარიზი მაკრონის პორტრეტებით იყო გადატვირთული. ორჯერ ვნახე ლე პენის კარიკატურა, მის გვერდით კი ლოზუნგი „ხმა მიეცით საფრანგეთს, ხმა მიეცით ლე პენის წინააღმდეგ“ - წერს ჟურნალისტი და უკმაყოფლებას გამოთქვამს, რომ „მაკრონი ნამდვილი ვარსკვლავია.“ არ მოსწონს ისიც, რომ ჟურნალების გარეკანებზე მაკრონისა და მისი მეუღლის ფოტოებია. მაკრონის ცოლის ასაკზეც ირონიულად მიანიშნებს.
„ყველა პრესტიჟული ჟურნალის გარეკანზე მაკრონისა და მისი დედა-ცოლის ფოტოა. განსაკუთრებით შეეცადნენ გეები. დიდი პოპულარულობით სარგებლობს ჟურნალი ნახევრადშიშველი მაკრონის ფოტოთი, ინგლისური წარწერით - “coming out,“ ეს გამოთქმა გეებისთვის ჩრდილიდან გამოსვლას და იმის აღიარებას ნიშნავს, რომ გეია“ - წერს ჟურნალისტი.
სტატიაში, ფსიქიატრ ადრიანო საგატორის შეფასებაც არის მოყვანილი, რომლის თქმით , ის მაკრონის ბიოგრაფიას სწავლობს. მან საფრანგეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ფსიქოპატი უწოდა, რომელიც საფრანგეთისთვისა და ფრანგი ხალხისთვის ბრძოლას არ აპირებს.
„როგორც ყველა ფსიქოპატს, მასაც სწამს საკუთარი უმაღლესი მიზნის. მაკრონს არ უყვარს საფრანგეთი და არ აპირებს ფრანგი ხალხისთვის ბრძოლას.
მაკრონს მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს და თავისი მყიფე იდენტობის დასაცავად ყველაფერს გააკეთებს“ – „კოსმოლსკაია პრავდას ცნობით, ამას ფსიქიატრი ამბობს.
თუმცა სტატია ამით არ სრულდება და ირწმუნებიან, რომ საფრანგეთი იმსახურებს მაკრონს.
„მათ გლობარული ჯოჯოხეთი უნდა გაიარონ. ისინი არ იმსახურებენ დემოკრატიას, რომელიც მილიონობით საბჭოთა ჯარისკაცის სისხლის დამსახურებაა“ - ნათქვამია სტატიაში.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსული მედია ემანუელ მაკრონზე თავდასხმის თემად სექსუალურ ორიენტაციას ირჩევს.
არჩევნებამდე, რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი „სპუტნიკი“ წერდა, რომ მაკრონი „ფარული გეია, რომელიც ორმაგ ცხოვრებას ეწევა.“ ცნობისთვის, ეს ის „სპუტნიკია“, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის კონგრესმა რომ აკრედიტაცია გაუყინა.
რუსულმა მედიამ ქარ-ცეცხლში გაატარა მაკრონისა და მისი მეუღლის სასიყვარულო ურთიერთობაც.
საფრანგეთის პრეზიდენტობის რეალური კანდიდატი ჯერ კიდევ 17 წლის იყო, როდესაც საკუთარი მასწავლებლით ბრიჯიტ ტრონოთი მოიხიბლა. 39 წლის მაკრონსა და 64 წლის ბრიჯიტს დღეს ბედნიერი ოჯახი აქვთ. რუსული მედიისთვის კი „წარმოუდგენელი და დაუჯერებელია“ მსგავსი ასაკობრივი სხვაობით წყვილმა რეალური სიყვარულით შექმნას ოჯახი. თავად, მეუღლეზე საუბრისას, მას ცხოვრების სიყვარულს უწოდებს და აცხადებს, რომ "მის გარეშე ის ვერ იქნებოდა, ვინც არის."
ამასობაში კი, 39 წლის ემანუელ მაკრონი ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა საფრანგეთის რესპუბლიკის ისტორიაში.
მასალის გამოყენების პირობები






