ათწლეულის განშორებაზე წერდა ყველა - ბულვარული გამოცემებით დაწყებული, საინფორმაციო სააგენტოებით დამთავრებული.
ბრანჯელინას დასასრული Breaking News-ად გაუშვა BBC-მ.
მსოფლიოს ულამაზეს და გავლენიანად აღიარებულმა წყვილმა - ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა განქორწინების შესახებ განაცხადეს.
12 წლიანი ურთიერთობის დანგრევის ერთ-ერთ ვერსიად თავიდანვე ბავშვები დასახელდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯოლიმ პიტთან დაშორების გადაწყვეტილება, ბრედის მიერ მათი ერთ-ერთი შვილის მედოქსის ცემის გამო მიიღო. რაც პიტის იმიჯისთვის სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა.
გავრცელებული ცნობით, წყვილი შვილებთან ერთად საფრანგეთიდან ლოს ანჯელესში კერძო თვითმფრინავით მიფრინავდა. 15 წლის მედოქსთან კამათისას ბრედმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ხელი გაარტყა.
თუმცა, FBI-მ და ბავშვთა და ოჯახის საკითხებზე ლოს ანჯელესის სოციალურმა დეპარტამენტმა გამოძიების შედეგად აღნიშნული ფაქტი არ დაადასტურა და მსახიობის წინააღმდეგ აღძრული საქმე დახურა.
გავრცელდა ინფორმაცია, ბრედისა და ფრანგი მსახიობის მარიონ კოტიარის რომანის შესახებაც, რომელიც თავად კოტიარმა უარყო.
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის დაშორებიდან შვიდი თვე გავიდა. თუმცა, ამ პერიოდის განმავლობაში ოდნავადაც არ განელებულა ინტერესი სკანდალური განქორწინების შესახებ. წყვილი დიდხანს დუმდა.
მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ბრედის მიერ მედოქსის ცემის ფაქტი არ დადასტურდა, ასევე ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ შვილების საცხოვრებელი ადგილის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს და ისინი დედასთან დარჩებოდნენ, დუმილი ანჯელინამ დაარღვია.
აღსანიშნავია, რომ განქორწინების ვერსიებთან ერთად პრესაში ბევრი იწერებოდა იმაზეც, რომ ჰოლივუდი „ბრედს უჭერდა მხარს.“
კამერის წინაშე ანჯელინა ჯოლი პირველად, განქორწინების ცნობიდან 6 თვეში გამოჩნდა. სწორედ მაშინ ისაუბრა ბრანჯელინას დასასრულზეც.
მისი პირველი გამოჩენა ბავშვების გარემოცვაში შედგა. დასავლური ტაბლოიდები წერდნენ, რომ ჯოლიმ ჰოლივუდის საზოგადოებაში ძველი ადგილის დაკავება და იმიჯის აღდგენა, „შინაურული გარემოთი“ სცადა.
ჯოლი კამბოჯაზე ფილმის „პირველად მათ მამაჩემი მოკლეს“ ( First They Killed My Father) პრემიერას შვილებთან ერთად დაესწრო, რომელშიც მთავარ როლს თამაშობს.
ბიბისისთან ინტერვიუში ჯოლიმ აღნიშნა, რომ ფილმის გადაღებები მისთვის რთულ პერიოდში მიმდინარეობდა.
"ამაზე ბევრი საუბარი არ მსურს. ეს ძალიან რთული იყო. მთელ ჩემს ოჯახს რთული პერიოდი ჰქონდა.
ჩვენ ვართ ოჯახი და ყოველთვის დავრჩებით ოჯახად. აუცილებლად გადავიტანთ ამ სიტუაციას და დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფრის წყალობით გაცილებით ძლიერები გავხდებით“ - განაცხადა ჯოლიმ.
საზოგადოება თითქოს უფრო მეტს ელოდა. მაგრამ სულ ეს იყო.
რამდენიმე დღის წინ კი სრულიად ინტერნეტსივრცე დაიპყრო ბრედ პიტის ახალმა ფოტოებმა გულახდილმა ინტერვიუმ განქორწინებისა და მისი ცხოვრების შესახებ.
სკანდალური განქორწინებებისა და ბრალდებების შემდეგ, ბრედმა პირველი ინტერვიუსთვის ჟურნალი GQ აირჩია. სოციალური ქსელების მომხარებლების რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ, ერთი ინტერვიუთი, ერთ დღეში იმიჯი ასე სწრაფად ალბათ, არასოდეს, არავის აღუდგენია.
პიარის სპეციალისტის მარკ ბორკოვსკის თქმით, ბრედ პიტმა საკუთარ პრობლემებზე გულახდილი საუბრებით, თავი საზოგადოებას თავიდან შეაყვარა, ეს ყველაფერი კი ბუნებრივი და ნამდვილი იყო.
ისაუბრა განქორწინების შემდეგ არსებულ სირთულეებზე, ფსიქოთერაპიის კურსზე, ალკოჰოლთან დამოკიდებულების დაძლევაზე და ყველაფრის თავიდან დაწყების სურვილზე.
"მე 53 წლის ვარ და ახლა ვიწყებ ამ ყველაფრის გავლას. მეგონა, რომ საკმარისად ძლიერი ვარ იმისთვის. მახსოვს, ვიღაც მსგავს სკანდალში იყო გახვეული და მაშინ გავიფიქრე: "მადლობა ღმერთს, რომ მე არასდროს გავხდები რაღაც ასეთის ნაწილი ისევ." მე მიყვარს საკუთარი ცხოვრება, საკუთარი ოჯახი, ვაკეთებ ყველაფერს, რისი გაკეთებაც შემიძლია, არ ვაკეთებ არაფერს არალეგალურს და უკანონოს, არავის გზა არ გადამიკვეთია.
როცა საქმე პოლიციამდე მივიდა, ხელები მქონდა შეკრული. მაგრამ ამის შემდეგ ჩვენ მივიღეთ პრობლემის გადაჭრის გადაწყვეტილება. თითოეული ჩვენგანი აკეთებდა ყველაფერს, რაც შეეძლო. ერთხელ, ერთერთი ადვოკატის ფრაზა გავიგე: "არავინ იგებს სასამართლოში - იქ მხოლოდ ის წყდება, ვინ უფრო ცუდად იქნება". მეჩვენება, რომ ამაში რაღაც სიმართლეა.
თავდაპირველად სურვილი მქონდა, რომ ეს ურთიერთობა შემენარჩუნებინა. თუმცა, მერე თავში მოგდის ეს ფრაზა "თუ ვიღაც გიყვარს, მისი თავისუფლება უნდა დააფასო." ახლა აბსოლუტურად მესმის, რას ნიშნავს ეს, როცა უკვე საკუთარ თავზე გამოვცადე. საკუთრების განცდის გარეშე უნდა გიყვარდეს.
მე ვალდებული ვარ, გავხდე უკეთესი ჩემი შვილებისათვის. მე მათ სხვა მაგალითი უნდა ვანახო" - ეს ნაწყვეტია ბრედის ინტერვიუდან, რომელსაც ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში.
„განქორწინებაზე საუბრისას, ბრედ პიტმა საკუთარი თავი დაადანაშაულა. ასე თქვა, რომ მან „უარი თქვა“ ანჯელინასთან სასამართლო წესით დავაზე, ბავშვების გამო კი საკითხს ძალიან ფაქიზად და დელიკატურად მიუდგა.
ვერდიქტი? ის არის პატიოსანი და მგრძნობიარე ბიჭი, როგორსაც ყოველთვის ვიცნობდით“ - წერს ბიბისი.

GQ-სთან ბრედ პიტის ინტერვიუს თითქმის ყველა გავლენიანი ტაბლოიდი გამოეხმაურა.
გამოცემა E!-ის თქმით, ჰოლივუდში თითქმის 30-წლიანი არაჩვეულებრივი რეპუტაცია მის პირველ ინტერვიუზე იყო დამოკიდებული, რომელმაც წარმოუდგენლად გაამართლა.
„ეს ყველაფერი კი მხოლოდ ერთი რამის - გულწრფელობის დამსახურებით მოხდა. პიტმა ღიად ისაუბრა საკუთარ პრობლემებზე, ისაუბრა, რომ მათ ფსიქოთერაპევტის დახმარებით ებრძოდა. ამის გამჟღავნებით, თითოს მის თავმოყვარეობას ჩრდილი მიადგებოდა, მაგრამ ბრედმა სიმართლე არჩია და გაიმარჯვა კიდეც“ - წერს E!
Vanity Fair-ი კი წერს, რომ ბრედმა იხელმძღვანელა პრინციპით - „მოყევი ის, რაც ნამდვილად იყო“, „მე და ჩემი ნაკლოვანებები.“
„მისთვის ყველაზე მტკივნეულ თემაზე, განქორწინებაზე საუბრისას გამოჩნდა, გულწრფელი მამაკაცი, რომელიც ნანობს და სურს მსოფლიოს გააგებინოს, რომ ის საკუთარ თავზე მუშაობს“ - წერს გამოცემა.
Huffington Post-მა კი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ალკოჰოლის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით ბრედის საუბარი „ღიად და პატიოსნად“ შეფასდა. რაიან ჰემპტონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია Facing Addiction-ს წარმოადგენს, ამერიკელებს ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებასთან ბრძოლაში ეხმარება.

„ისეთი ადამიანები, როგორიც თქვენ ხართ, ძალიან ბევრს ნიშნავენ, რათა სხვებს დაანახონ, რომ ალკოჰოლი, ცხოვრებას ანადგურებს. თქვენი პატიოსნების, გამბედაობისა და მკურნალობისადმი მზაობის შესახებ ღიად საუბრისთვის, ბევრი ადამანისთვის მაგალითი ხართ“ - აცხადებს ჰემპტონი.
„ბრედმა ძალიან გარისკა, როდესაც საკუთარ პრობლემებზე ასე ღიად ილაპარაკა. ვიტყოდი, მან ისე მოგვიყვა ყველაფერი, როგორც მეგობრებთან საუბრობენ. ბევრი ვარსკვლავი იმიჯის აღდგენას პრობლემების მოყოლით ცდილობს, მაგრამ ისინი მაინც მალავენ მნიშვნელოვან დეტალებს, ამიტომაც არის მცდელობა წარუმატებელი. ამ ისტორიაზე კი ყოველთვის ისაუბრებენ, ამიტომაც თუ მასზე საუბარს გადაწყვეტ, ბოლომდე უნდა ისაუბრო. ბევრი ბრედის ადგილას ამას ვერ იზამდა. ბრედმა კი გარისკა, გარისკა და გამოუვიდა, განსხვავებით მისი ყოფილი ცოლისგან“ - წერს პიარსპეციალისტი ბორკოვსკი.
ტაბლოიდები თანხმდებიან, რომ ბრედ პიტმა ჯოლის საიმიჯო ბრძოლა მოუგო და ამისთვის მხოლოდ გულწრფელობა დასჭირდა.
შეგახსენებთ, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის რომანი 2005 წელს, ფილმ "მისტერ და მისის სმიტების" გადაღებაზე დაიწყო, რომელშიც მსახიობები მთავარ როლებს ასრულებდნენ.
წყვილს 6 შვილი ჰყავს. აქედან სამი ნაშვილებია. ბრედმა ანჯელინას 3 ნაშვილები ბავშვი მედოქს ჩივანი (05.08.01წ.), პაქს ტიენი (29.11.03წ.), ზაჰარა მარლი (08.01.05წ.) იშვილა.
თანაცხოვრების პერიოდში კი მათ სამი შვილი გაუჩნდათ შაილო ნუველი (27.05.06წ), ტყუპები –ნოქს ლეონი და ვივიენ მარშელინი (12.07.08წ.)
ანჯელინა და ბრედმა 2014 წელს იქორწინეს.
მასალის გამოყენების პირობები






