ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ ხელოვანმა ორ რამეზე უნდა ისაუბროს და მუდმივ ოპოზიციას უნდა წარმოადგენდეს:
ხელოვანმა ორ რამეზე უნდა ისაუბროს ,საკუთარ საქმეზე და საზოგადოებრივი პოზიცია გამოხატოს. ხელოვანი, რომლის სულიც მუდამ ოპოზიციისკენ უნდა ილტვოდეს, არ შეიძლება ტაშს უკრავდეს ხელისუფლებას. ხელოვანის ადგილი ოპოზიციაშია, მაგრამ ეს არ ნიშნავს უმადურობასა და ხელისუფლების უაზრო ლანძღვას,“-ამბობს ჭიჭინაძე.
ჭიჭინაძე საგაზეთო ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკას აკრიტიკებს და თვლის,რომ ცხრა წლის მანძილზე სააკაშვილის გუნდმა ბევრი შეცდომა დაუშვა.
"ნაციონალები" რაღაცებს რომ როშავენ, მიპასუხონ, რისი გაკეთება ვერ მოახერხა რუსეთმა ამ 9 წლის განმავლობაში? მათი პოლიტიკა რომ სწორი არ იყო, ფაქტია.
გადავხედოთ, რა მივიღეთ აქედან: აბსოლუტურად დაბლოკილი ვართ და ვინ გვიშველა? დასავლეთისგან სესხად აღებული მილიარდებით გზა რომ ამიშენეს და ეს ფული ჩემი შვილიშვილების გადასახდელი იქნება, ამის მადლიერი უნდა ვიყო?
ცუდად ვხდები, ვიღაცები რუსეთს რომ ლოკავენ. ნოვოსიბირსკელი რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ჩემი მტერი რომ არ არის, ვიცი, მაგრამ რუსეთს წარმოადგენს მისი ხელისუფლება და პუტინი, რომელიც მსოფლიოს არ უყვარს და ჩვენ რატომ უნდა გვიყვარდეს? მაგრამ როდესაც ასეთი ბუმბერაზი ქვეყანა შენ გვერდითაა, ლავირებაა საჭირო.
რუსეთთან დაბრუნება ჩემთვის წარმოუდგენელია. იმავე დღეს დავტოვებ ჩემს ქვეყანას, თუკი საქართველო რუსეთის ორბიტაში მოექცევა. ვიღაც იკითხავს, აბა, ამერიკის სატელიტობა გირჩევნიაო? დიახ, მირჩევნია, რომ საქართველო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი იყოს, ვიდრე რუსეთის სატელიტი.
რუსეთი ეკონომიკურად და ზნეობრივად ჩამორჩენილი ქვეყანაა, რომელსაც ადამიანურ ენაზე არც ერთ ქვეყანასთან არ შეუძლია ურთიერთობა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, 5 წლის მერე, პირველად მივდივარ რუსეთში კონცერტის სადირიჟოროდ.
ჩემი პოზიცია რუსების პოლიტიკაზე ჯერ კიდევ 2001 წელს გამოვხატე, როდესაც ტელეხიდის დროს პუტინის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელ მარკოვს ბოდიშები ვახდევინე. მე რუსი ხალხი არ მეზიზღება, მაგრამ მათ ხელისუფლება არ აძლევს ჩვენთან ურთიერთობის საშუალებას.
თუ მოღალატეს დამიძახებენ, ვიკითხავ, ვის მიჰყიდეს "თელასი" და გაზი? რატომ არის ქართული ბაზარი რუსული ნაწარმითა და პროდუქციით სავსე? თავი დაანებონ ტლიკინს და კომპეტენტურ ხალხს ხელს ნუ შეუშლიან, მათი ჩასვრილი გამოასწორონ.“-ამბობს ქართველი დირიჟორი.
მასალის გამოყენების პირობები






