რეჯეპ ტაიპ ერდოღანისა და პუტინის შეხვედრის მთავარ თემას სირიის კონფლიქტი, ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლისა და ორმხრივი ურთიერთობების საკითხები წარმოადგენდა.
შეხვედრის დაწყებამდე პუტინმა ერდოღანს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა, თურქეის პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ერთობლივ მოქმედებას ახლო აღმოსავლეთში გავლენის მოხდენა შეუძლია.
მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხდა, რომ ყველა ეკონომიკური სანქციის მოხსნის შესახებ, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.
მისი თქმით, განახლდება ინვესტიციების განხორციელებაც. როგორც პუტინმა განაცხადა , რუსეთი თურქეთის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში 22 მილიარდ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
პრესკონფერენციაზე ერდოღანმა, სირიის კონფლიქტის დასარეგულირებლად გაწეული შრომისთვის პუტინს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სირიის კონფლიქტი "ღია ჭრილობაა, რომლიდანაც სისხლი მუდმივად მოედინება".
პრეზიდენტები სირიაში ე.წ. უსაფრთხო ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ. პუტინის თქმით, ასეთი ზონის შექმნას მხარს უჭერს როგორც დამასკო, ისე თეირანი და ვაშინგტონიც. პუტინმა განმარტა, რომ ასეთ ზონებში სამხედრო მოქმედებები არცერთმა მხარემ არ უნდა განახორციელოს.
შეგახსენებთ, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა გასული წლის ნოემბერში, თურქეთის მიერ რუსული ბომბდამშენის სუ 24-ის ჩამოგდების შემდეგ დაიძაბა. ოფიციალური ანკარას განცხადებით, რუსულმა თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. მოსკოვი თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას კატეგორიულად უარყოფს.
გამანადგურებლის ჩამოგდების შემდეგ რუსეთმა თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და სავიზო სანქციები დააწესა. მოსკოვი ანკარასგან ბოდიშის მოხდასა და ზარალის კომპენსაციას ითხოვდა.
აღსანიშნავია, რომ 28 ივნისს, სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში განხორციელებული ტერაქტის შედმეგ, ვლადიმერ პუტინმა ერდოღანს დაურეკა და სამძიმარი გამოუცხადა.
ეს პირველი სატელეფონო საუბარი იყო ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის მას შემდეგ, რაც ნოემბერში თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის საზღვართან რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
რის შემდეგაც კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას თურქეთისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






