პოლონელმა სამართალდამცავებმა „ღამის მგლების“ ერთ-ერთი წევრი ნიკოლაი ლოგინოვი დააკავეს.
როგორც რუსული მედია კლუბის ადგილობრივ წარმომადგენელზე დარიუშ კაჩმარჩიკზე დაყრდნობით იტყობინება, მოტოციკლისტი ქალაქ მისლოვიცაში დააკავეს.
კაჩმარჩიკის თქმით, დაკავებულს ყველა საჭირო დოკუმენტი ჰქონდა, მათ შორის, მოქმედი შენგენის ვიზა.
„ვფიქრობ, მალე გაათავისუფლებენ. საქმეში უკვე ჩართულია რუსეთის კონსული“ - აცხადებს „ღამის მგლების“ პოლონური განყოფილების წარმომადგენელი.
მოტორბოლა „ღამის მგლებმა“ 27 აპრილს დაიწყეს. მათ უკვე გაიარეს მოსკოვი, სმოლენსკი, კატინი, მინსკი , ხატინი, ვარშავა და ვრაცლავი.
მათ მომავალ მარშრუტს ბუდაპეშტი, ბრატისლავა, პრაღა, დრეზდენი და ბერლინი წარმოადგენს, სადაც მოტორბოლას დაასრულებენ.
პოლონეთის საზღვარს ბაიკერების კოლონა კვირას მიადგა, მაგრამ ქვეყანამ უკვე მესამედ უთხრა უარი საზღვრის გადაკვეთაზე.
თუმცა რამდენიმე მათგანმა, შენგენის ვიზის წყალობით მაინც მოახერხა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა.
"ღამის მგლები" ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული რუს ბაიკერთა კლუბია, რომელთაც პუტინის მეგობარ ბაიკერებად მოიხსენიებენ.
ყოველწლიურად, პუტინის მეგობარი რუსი ბაიკერები მოტოგარბენს აწყობენ, მიზანი კი „გამარჯვების დღის“ ბერლინში აღნიშვნაა. თუმცა, მარშრუტის განხორციელებისას მათ დაბრკოლებები ხვდებათ და ევროპული სახელმწიფოები საკუთარი საზღვრების გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, 50-მდე რუსი ბაიკერი საზღვარზე არ შემოუშვეს ქართველმა მესაზღვრეებმაც.
მასალის გამოყენების პირობები






