NASA-ს უპილოტო კოსმოსურმა ხომალდმა Cassini წარმატებით შეასრულა მისი საბოლოო მისიის პირველი ეტაპი. კაცობრიობის ისტორიაში პირველად, სატურნსა და მის რგოლებს შორის ჩაიფრინა, კონტაქტზეც გამოვიდა და დედამიწაზე სატურნის ატმოსფეროს პირველი ფოტოებიც გამოგზავნა.

როგორც ელოდნენ, ეს სატურნის უპრეცედენტო ხარისხის ფოტოებია, რომელმაც შესაძლოა, ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას გასცეს პასუხი.
„ამ დრომდე, არც ერთი კოსმოსური აპარატი არ ყოფილა სატურნთან ასე ახლოს“ - განაცხადა „კასინის“ მისიის ხელმძღვანელმა , პროფესორმა ერლ მეიზმა.
როგორც მეცნიერები აცხადებდნენ, თუკი კასინი ამ მოგზაურობას გადაურჩებოდა, დედამიწასთან კონტაქტზე ის 27 აპრილს უნდა გამოსულიყო. მისიაც წარმატებით განხორციელდა.
Cassini მსგავს მანევრს კიდევ 21-ჯერ შეასრულებს, რის შემდეგაც მისიას დაასრულებს, სატურნის ატმოსფეროში შევა და დაიწვება.
კასინი NASA-ს, ევროპის კოსმოსური სააგენტოსა და იტალიის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი, 20-წლიანი პროექტია. ხომალდი 1997 წელს გაუშვეს, სატურნის ორბიტაზე კი 2004 წელს გავიდა.
ხომალდის განადგურების გადაწყვეტილება მისიის ხელმძღვანელებმა სატურნის ერთ-ერთ მთვარესთან — ენცელადთან მისი შესაძლო შეჯახების გამო მიიღეს. ვინაიდან, ენცელადის ზედაპირქვეშა ოკეანეში შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იყოს, შეჯახების შემთხვევაში არსებობს ენცელადის დედამიწისეული მიკრობებით დაბინძურების შანსი.
მასალის გამოყენების პირობები






