ამის შესახებ მერკელმა ბუნდესტაგში ისაუბრა.
„ბოლო კვირებში განვითარებულმა მოვლენებმა სერიოზულად გაართულა გერმანია-თურქეთის, ასევე ევროპულ-თურქული ურთიერთობები“ - განაცხადა მერკელმა და დასძინა, რომ ანკარის მიერ გერმანელი ჟურნლისტის დაკავება „არ შეესაბამება კონსტიტუციურ სახელმწიფოს.“
შეგახსენებთ, თურქეთის პოლიციამ გერმანული გაზეთის Die Welt-ის კორესპონდენტი დენიზ იუსელი მიმდინარე წლის თებერვალში დააკავა.
მას ბრალად ედება ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, ინფორმაციის ბოროტად გამოყენება და ტერორიზმის პროპაგანდა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ჟურნალისტი უკანონო პატიმრობაში იმყოფება და თურქეთის მთავრობას მედიის დამოუკიდებლობის პრინციპი შეახსენა.
გერმანული გამოცემის ცნობით, 43 წლის რეპორტიორი დენიზ იუსელი, რომელსაც გერმანიისა და თურქეთის მოქალაქეობა აქვს, ძებნილი იყო თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბერათ ალბაირაქის ელექტრონულ ფოსტაზე ჰაკერული შეტევების თემის გაშუქებასთან დაკავშირებით. მინისტრი, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სიძე და მისი პოლიტიკური მოკავშირეა. გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე, თურქულ საინფორმაციო სააგენტოებში მომუშავე კიდევ ექვსი ჟურნალისტი დააკავეს.
მერკელმა, თურქეთის პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებით რეფერენდუმის „არასამართლიან პირობებში“ ჩატარების შესახებაც გამოთქვა შეშფოთება.
" ევროკავშირის ფარგლებში ჩვენ განვიხილავთ თუ რა მოვლენაზე რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ. გერმანიის მთავრობა იმისკენ მიისწრაფის, რომ ევროპულ ინსტიტუტებს ერთიანი პოზიცია ჰქონდეთ“, - დასძინა გერმანიის კანცლერმა.
მასალის გამოყენების პირობები






