რატომ არის მაკრონი კრემლისთვის ცუდი ვარიანტი
მსოფლიო - 19:20, 25 Apr, 2017     10822
მსოფლიო საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოლოდინშია.
მეორე ტურში ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და ნაციონალური ფრონტის ლიდერი მარინ ლე პენი გავიდნენ.

როგორც ფრანგული მედია წერს, 7 მაისს იქნება დაპირისპირება ღიაობასა და შეუწყნარებლობას შორის, ინტერნაციონალიზმსა და ნაციონალიზმს, ოპტიმიზმსა და სიძულვილს, რეაქციასა და რეფორმებს, იმედსა და შიშს შორის.

თუკი მეორე ტური მოულოდნელი სიურპრიზების გარეშე ჩაივლის, 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, ახალგაზრდა პოლიტიკოსის კორონაციით დასრულდება, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა არასოდეს მიუღია. მისი პოლიტიკური ბედი კი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად გადამწყვეტ რეფორმებს გაატარებს.

როდესაც 20 აპრილს, აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ემანუელ მაკრონს დაურეკა და არჩევნების პირველ ტურში წარმატება უსურვა, საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატისთვის იმდენად სასიამოვნო აღმოჩნდა, რომ საუბრის ამსახველი კადრები თვითერზე გამოაქვეყნა.

ამერიკულ არჩევნებში გამოცდილმა ობამამ 39 წლის მაკრონი გააფრთხილა, რომ თავს მოდუნების საშუალება არ მისცეს, რადგან შესაძლოა, ბოლო წუთებში ყველაფერი შეიცვალოს.

მაკრონიც ბოლო წუთამდე ბრძოლას დაჰპირდა.

მოძრაობა „წინ“-ის პრესსპიკერი აცხადებდა, რომ ეს ზარი, ბარაკ ობასა და ემანუელ მაკრონს შორის განხორციელებული სატელეფონო საუბარი იყო და არა აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის მხარდაჭერის ნიშანი მაკრონისადმი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატისადმი.

თუმცა, ეს იგივეა, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ლე პენის მოსკოვში სტუმრობასა და პუტინთან შეხვედრაზე ვთქვათ, რომ ეს კრემლის ლიდერის მიერ გამოხატული მხარდაჭერა არ არის.

მაკრონი ობამას საკუთარ კაბინეტში, ევროკავშირისა და საფრანგეთის დროშების ფონზე ესაუბრებოდა.

სხვა რომ არაფერი, ესეც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ მაკრონი კრემლისთვის სასურველი კანდიდატი არ არის.

ეს ყველაფერი მაშინ, როცა მარინ ლე პენმა ევროკავშირის "სიკვდილი" იწინასწარმეტყველა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ "ევროკავშირი მალე მოკვდება, რადგან ის ხალხს აღარ სჭირდება" და გამარჯვების შემთხვევაში, საფრანგეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე რეფერენდუმს ჩაატარებს.

ემანუელ მაკრონი კი ახალგაზრდებში დიდი პოპულარულობით სარგებლობს. მისი ქარიზმატულობის გამო მას უკვე ხშირად ადარებენ კანადის პრემიერ ჯასტინ ტრუდოსა და ბარაკ ობამასაც. რუსეთისთვის კი მაკრონი და ობამა უპირველესად, იდეოლოგიური მოკავშირეები არიან.

თავად მაკრონის თქმით, ის ატლანტისტი და ევროფილია, ამბობს, რომ არც მემარჯვენეა და არც მემარცხენე, მაგრამ თუკი მემარცხენედ ჩათვლიან, არის ისეთი მემარცხენე, რომელიც რეალობას თვალს უსწორებს და ქვეყანაში რეფორმების გატარება სურს. საკუთარ პარტიაზე საუბრისას აცხადებს, რომ „წინ!“ ერთადერთი ჭეშმარიტად პროევროპული პოლიტიკური ძალააა.

ახალგაზრდა, ენერგიული მაკრონი მხარს უჭერს ლიბერალურ მოსაზრებებს, გლობალიზაციას, ევროკავშირის გაძლიერებასა და ეკონომიკის ლიბერალიზაციას.

გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს:

  • უმუშევრობის მაჩვენებლის 7%-მდე შემცირებას (ამჟამად, საფრანგეთში უმუშევრობის მაჩვენებელი 9%-ს შეადგენს)
  • ინფრასტრუქტურისთვის, განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის , პროფესიული გადამზადებისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის სახელმწიფო ინვესტიის განხორიცელება
  • მსხვილი კორპორაციებისთვის გადასახების შემცირება
  • ახალგაზრდებისთვის 35-საათიანი სამუშაო კვირის გაზრდა
  • 50 წელს გადაცილებული დასაქმებული ადამიანებისთვის არჩევანის უფლების მიცემა - იმუშაონ სრული თუ შედარებით ხანმოკლე კვირით
  • სკოლებში, 15 წლამდე მოსწავლეებისთვის მობილური ტელეფონების აკრძალვა
  • გაზარდოს თავდაცვისა და პოლიციის ხარჯები
  • გაზარდოს მასწავლებელთა ხელფასები.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაკრონის გადასვლას დიდი ენთუზიაზმით შეხვდა ლიბერალური ელიტა, რომლის წარმომადგენელიც თავად არის. მის წარმატებას მიესალმნენ ბიზნესის წარმომადგენლობაც და მსოფლიო ლიდერებიც.

სხვა კანდიდატების ფონზე , სტაბილურობის, პროგრესის გამოხატულებამ, პოლიტიკაში ახალბედა მაკრონმა უკვე მოასწრო ევროპის დედაქალაქებში ვიზიტი, სადაც მხარდაჭერებიც შეიძინა, განსხვავებით მისი ოპონენტი მარინ ლე პენისგან, რომელიც ევროპულ დედაქალაქებს არც ისე სწყალობს, სამაგიეროდ არ ერიდება მოსკოვში ვიზიტს.

შეიძლება ითქვას, რომ მაკრონის სახით ანგელა მერკელს მოკავშირე ეყოლება. განსხვავებით სხვა ფრანგი პოლიტიკოსებისა, მაკრონმა ღიად დაუჭირა მხარი მიგრანტებისადმი მერკელის „ღია კარის პოლიტიკას.“ მაკრონი აცხადებდა, რომ მერკელმა და გერმანიამ „მათი კოლექტიური ღირსება იხსნეს მიგრანტების მიღებით და რთულ სიტუაციაში მათთვის დახმარების ხელის გაწვდენით.“

მაკრონი შეძლებულ ოჯახში დაიბადა, პროფესორ-ნევროლოგი მამისა და მედიცინის დოქტორი დედის ოჯახში. მაკრონმა ENA-ს კოლეჯი დაამთავრა, სადაც ფილოსოფიას სწავლობდა, 2008 წელს კი მისი ინტერესის საგანი ფინანსები გახდა. პრესტიჟული სასწავლებლების დამთავრების შემდეგ როტშელდების საინვესტიციო ბანკის ბანკირი გახდა. 2014 წელს მაკრონი საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა, 2016 წლის აპრილში მოძრაობა “En Marche” დააარსა. 4 თვის შემდეგ კი თანამდებობა დატოვა.

მაკრონი, როგორც ევროპული ლიბერალური ელიტის ნებისმიერი სხვა წარმომადგენელი, რუსეთის მიმართ სიმპათიებით არ გამოირჩევა და კრემლისთვის, მასთან საერთო ენის გამონახვა, ადვილი არ იქნება.

თუმცა, მაკრონს აშაკარა ანტირუს პოლიტიკოსს ვერ ვუწოდებთ. ის ფრთხილია განცხადებებში და სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთანაც საერთო ენის გამონახვას ცდილობს.

მაგრამ თუკი მის განცხადებებს გავიხსენებთ, რთული წარმოსადგენია, რომ კრემლთან კომპრომისზე წავიდეს.

„თქვენგან განსხვავებით, არ მსურს პუტინთან დაახლოება. თქვენგან განსხვავებით, მე მსურს ძლიერი საფრანგეთი ვნახო ევროპაში“ - განაცხადა მაკრონმა ლე პენთან წინასაპრეზიდენტო დებატებში.

მაკრონი - სოციალისტი მელანშონი არ არის, რომელიც „ძლიერი ლიდერებით“ - პუტინითა და ჩავესით არის აღფრთოვანებული და ნატოდან გასვლის მომხრეა. არც ფიიონია, რომელსაც რუსეთთან უკეთესი ურთიერთობები სურს.

„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ დიალოგი ვლადიმირ პუტინთან, მაგრამ ის არ უნდა გავათამამოთ... რუსეთს ნათლად უნდა მივუთითოთ თავისი ვალდებულებების შესრულებისკენ“ - განაცხადა მაკრონმა 10 აპრილს BFMTV-თან ინტერვიუში.

სირიის საკითხთან მიმართებით, მას იგივე პოზიცია აქვს, როგორიც თავის დროს ბარაკ ობამას ჰქონდა.

თუკი ფრანსუა ფიიონი ირწმუნება, რომ სირიის კონფლიქტის მოსაგვარებლად რუსეთთან კომპრომისზე წასვლა აუცილებელია, ემანუელ მაკრონი , კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს ადანაშაულებს და ფიქრობს, რომ რუსეთმა ასადის რეჟიმის მხარდაჭერისთვის თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

ამავდროულად, ის აღიარებს, რომ სამხედრო ინტერვენცია არასასურველია და ასადის წასვლის შემთხვევაში, კონფლიქტის პოლიტიკური გზებით მოგვარების ვერსიებზე ჯერჯერობით ვერ საუბრობს.

ემანუელ მაკრონისა და კრემლის ურთიერთობა რომ მარტივი არ იქნება, ამაზე რუსეთის სახელმწიფო მედიის მიერ წარმოებული ომიც მეტყველებს, რომელიც მისი წინასაარჩევნო კამპანიის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული. რუსეთის ხელისუფლება აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და მას აბსურდულს უწოდებს.

მაკრონის შტაბში კი ამტკიცებენ, რომ რუსულმა სახელმწიფო მედიამ თავდასხმები იანვარში გააძლიერა, მას შემდეგ რაც, საზოგადოებრივ გამოკითხვებში მაკრონის რეიტინგი მკვეთრად გაიზარდა.

მაკრონის წინასაარჩევნო ინტერნეტკამპანიის ხელმძღვანელი მუნირ მაჟუბი კი „ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში RT და Sputnik News -ს ადანაშაულებდა.“ მისივე თქმით, რუსული მედიის თავდასხმის საბაბი მაკრონის ლიბერალური და ევროპული შეხედულებებია.

რუსული მედია კი ემანუელ მაკრონს ოლიგარქების კანდიდატად, მსოფლიო გლობალისტური ელიტის პროტეჟედ და ამერიკული ფინანსური სისტემის აგენტად აღწერდა.

თებერვლის დასაწყისში გაზეთი „იზვესტია“ წერდა, რომ „არსებობს კომპრომატები მაკრონსა და ჰილარი კლინტონის მიმოწერის სახით“, თუმცა მიმოწერის მამხილებელი დეტალები არ გასაჯაროებულა.

იმავე თვეს, რუსული მედია მაკრონისა და Radio France -ის აღმასრულებელი დირექტორის მატიე გაიეს „ახლო ურთიერთობაზე“ აკეთებდა მინიშნებას. „სპუტნიკი“ კი წერდა: „ყველაფერთან ერთად, მისი ერთერთი მხარდამჭერი - ცნობილი ბიზნესმენი პიერ მერჟეა, ივ სენ-ლორანის დიდი ხნის საყვარელი, რომელიც არ მალავს თავის ჰომოსექსუალობას და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დიდი დამცველია.“

რუსულმა მედიამ ქარ-ცეცხლში გაატარა მაკრონისა და მისი მეუღლის სასიყვარულო ურთიერთობაც.

საფრანგეთის პრეზიდენტობის რეალური კანდიდატი ჯერ კიდევ 17 წლის იყო, როდესაც საკუთარი მასწავლებლით ბრიჯიტ ტრონოთი მოიხიბლა. 39 წლის მაკრონსა და 64 წლის ბრიჯიტს დღეს ბედნიერი ოჯახი აქვთ. რუსული მედიისთვის კი „წარმოუდგენელი და დაუჯერებელია“ მსგავსი ასაკობრივი სხვაობით წყვილმა რეალური სიყვარულით შექმნას ოჯახი.

თავად, მეუღლეზე საუბრისას, მას ცხოვრების სიყვარულს უწოდებს და აცხადებს, რომ "მის გარეშე ის ვერ იქნებოდა, ვინც არის."

გახდება თუ არა მაკრონი ფრანგი ობამა ან ტრუდო, ამას დრო გვიჩვენებს.

საფრანგეთის არჩევნების შედეგებმა კი შეიძლება, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს გეოპოლიტიკურ სტატუს-კვოზე, ევროკავშირის მომავალსა და დასავლეთ-რუსეთის ურთიერთობებზე.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42