ემანუელ მაკრონს არჩევნების მეორე ტურში გადასვლას მსოფლიო ლიდერები ულოცავენ. ფრანსუა ოლანდი მას ტელეფონით ესაუბრა და მეორე ტურში გადასვლა მიულოცა.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის თქმით, მოსკოვი პატივისცემით ეპყრობა ფრანგი ხალხის არჩევანს. ამის შესახებ განცხადება დმიტრი პესკოვმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების კომენტირებისას გააკეთა.
„ნიუპოსტი“ საკითხის შესაფასებლად GRASS-ის (საქართველოს რეფორმების ასოციაციის) დირექტორს პაატა გაფრინდაშვილს დაუკავშირდა. როგორც გაფრინდაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, საფრანგეთში გამართული პირველი ტური ქვეყნის ისტორიაში არის უპრეცედენტო, რადგან არჩევნებს პირველ ტურში გამოეთიშნენ ტრადიციული პარტიები:
„ამგვარი ტიპის პირველი ტური არის უპრეცენდენტო საფრანგეთის ისტორიაში, დე გოლიდან მოყოლებული, რადგან ორი ტრადიციული პარტია, როგორებიც არიან რესპუბლიკური და სოციალისტური, დარჩნენ თამაშგარეთ. ეს თავისთავად ნიშნავს ამ არჩევნების საინტერესოობას. მიუხედავად იმისა, რომ ლე პენის წარმატებას წინასწარმეტყველებდნენ, რადგან ეს პარტია, სახალხო ფრონტი, ულტრამემარჯვენე პარტია ჯერ კიდევ მამამისმა შექმნა 1972 წელს, ერთხელ იგი, ისევე როგორც მისი შვილი, გავიდა მეორე ტურში და ჟაკ შირაკმა დაამარცხა 2002 წელს, უპრეცენდენტო კი იმიტომ არის ახლა, რომ ჟაკ შირაკი ტრადიციული პარტიის წარმომადგენელი, რესპუბლიკელი გახლდათ. ამ შემთხვევაში მაკრონი არის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, სოციალისტურ მთავრობაში, მაგრამ შემდეგ იგი საკმაოდ მოულოდნელად ქმნის თავის სოლიდურ პარტიას, მას უკვე ჰყავს მომხრეები, იმაზე მეტი, ვიდრე სოციალისტურ პარტიას“, - აღნიშნავს პაატა გაფრინდაშვილი.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და საქართველო... რა გავლენას იქონიებს ამა თუ იმ კანდიდატის გამარჯვება ჩვენს ქვეყანაზე?!
ემანუელ მაკრონის არაერთი განცხადება გამხდარა განხილვის საგანი, მათ შორის რუსეთის ფედერაციისა და სირიის პრეზიდენტის, ასადის მიმართ. მაკრონი აცხადებდა, რომ პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებთან უთანხმოების ყველაზე დიდი მიზეზი სწორედ რუსეთის ფედერაცია იყო. იგი აცხადებდა: „მათი აღფრთოვანება პუტინის რუსეთით მავნებელია“. მიუხედავად მწვავე განცხადებებისა, ემანუელ მაკრონი რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვის მომხრე არ არის და მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის შესანარჩუნებლად რუსეთთან საუბარია საჭირო.
მაკრონმა ასევე მწვავე განცხადება გააკეთა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხზე და განაცხადა, რომ ასადის რეჟიმმა მსგავსი ქმედებით ყველა საერთაშორისო ნორმა დაარღვია. მისი თქმით, მტერი „ისლამური სახელმწიფო“ და ყველა ტერორისტული დაჯგუფებაა, რომლებიც ტერაქტებს აწყობენ, ბაშარ ალ ასადმა კი დანაშაულის გამო პასუხი საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა აგოს.
პაატა გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ ემანუელ მაკრონი 7 მაისს დაგეგმილ მეორე ტურში გაიმარჯვებს, რადგან მას იმ კანდიდატებმა გამოუცხადეს მხარდაჭერა, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დამარცხდნენ. მაკრონის გამარჯვება კი ლე პენისგან განსხვავებით, საქართველოსთვის გაცილებით ხელსაყრელია, რადგან იგი ლიბერალური დემოკრატიის მომხრე და წარმომადგენელია:
„მე ვფიქრობ, რომ 7 მაისს დაგეგმილ მეორე ტურში გაიმარჯვებს მაკრონი. არა იმიტომ, რომ მან მოიგი პირველი ტური, არამედ იმიტომ, რომ მას უკვე გამოუცხადა მხარდაჭერა სხვადასხვა პარტიებმა, არა მხოლოდ რესპუბლიკურმა პარტიამ, არამედ ულტრამემარცხენე პარტიამაც კი. მაკრონის ხედვის მთავარი ფუნდამენტები არის შემდეგი: ის არის გლობალური ვაჭრობისა და ევროკავშირის გაძლიერების მომხრე, ის არის მომხრე, რომ კიდევ უფრო განვითარდეს საფრანგეთსა და გერმანიას შორის კიდევ უფრო მჭიდრო კავშირები. საინტერესო ფიგურაა იმ თვალსაზრისითაც, რომ ის არის მომხრე, მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს შორის, პოლიტიკურ სივრცეში, მჭიდრო თანამშრომლობა იყოს, რაც მისი აზრით, საფრანგეთის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს, რომელიც ამ ეტაპზე არ არის კარგ მდგომარეობაში, საფრანგეთის ეკონომიკა საკმაოდ სუსტად გამოიყურება.
ჩვენთვის კი ეს საინტერესოა იმიტომ, რომ საფრანგეთის სუსტი ეკონომიკა ევროკავშირის დაზიანებას ნიშნავს, ბუნებრივია, ისეთი პოლიტიკური პარტიის მოსვლა ხელისუფლების სათავეში, რომელიც საფრანგეთისა და შესაბამისად, ევროკავშირის ეკონომიკას განავითარებას, ეს არის მისასალმებელი. იგი ასევე გახლავთ ნატო-ში ევროპა-ამერიკის, ტრანსატლანტიკური კავშირის გაძლიერების, ძალიან სერიოზული მომხრე. ის არ ამბობს, რომ პუტინს უნდა „დაეტაკოს“, მაგრამ ის არის მომხრე, რომ რუსეთს უნდა დაეკისროს სანქციები, რომ რუსეთთან და მის ლიდერთან იყოს ადექვატური პოლიტიკა, წინააღმდეგია ყირიმის ანექსიისა და ყველა იმ უკანონობისა, რომელიც პუტინის ეპოქაში ხდება. მიუხედავად მისი ახალგაზრდული ასაკისა, აბსოლუტურად სწორ ხედვებზე დგას, გამოცდილი პოლიტიკოსის იმიჯი აქვს. ის ერთ-ერთი ბასტიონია ლიბერალური დემოკრატიის განვითარებისა, რომელიც ბოლო ხანებია ევროპაში დიდი საფრთხის წინაშე დგას. ევროპაში ერთგვარი ნაციონალისტური ტალღის აღზევება ხდება და ჩვენი ქვეყნისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს ლიბერალური დემოკრატიის წარმომადგენლის, მაკრონის გამარჯვებას“, - განმარტავს გაფრინდაშვილი.
მარინ ლე პენი კი დასავლური სტრუქტურების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებით არის გამორჩეული. მისი ცნობილი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირი მოკვდა და „იგი აღარავის სჭირდება“ მსოფლიოს მასშტაბით დიდი ხნის განმავლობაში განხილვის საგანი იყო. ლე პენი 24 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს კრემლში შეხვდა. ვიზიტის დროს ლე პენმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას და განაცხადა, რომ იგი ვარაუდობს ევროპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სწრაფ გაუქმებას. აღსანიშნავია, რომ ულტრამემარჯვენე ლე პენი რუსეთს ევროპისთვის საფრთხისშემცველ ფაქტორად არ მიიჩნევს.
ლე პენის შემთხვევაში გაფრინდაშვილი „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოსთვის და ზოგადად დასავლური სამყაროსთვის, მისი კანდიდატის გამარჯვება არ არის ხელსაყრელი, რადგან იგი რადიკალური დამოკიდებულებებითა და რუსეთის პოლიტიკისადმი ლოიალური მიდგომით გამოირჩევა:
„ლე პენი ამბობს, რომ ის საფრანგეთს გამოიყვანს ევროკავშირიდან, ბუნებრივია ეს იმას ნიშნავს, რომ საფრანგეთი გამოვა ევროზონიდან, ლე პენი გახლავთ ასევე ვაჭრობის პროტექციონიზმის მომხრე, ევროკავშირი არის ოქმი თავისუფლების შესახებ და მათ შორის ფუნდამენტურია ვაჭრობის თავისუფლება, შესაბამისად, ლე პენი ამის მოწინააღმდეგედ გვევლინება, ის ასევე ამბობს, რომ დააწესებს გადასახადებს იმ კომპანიებზე, რომლებსაც უცხოელები ჰყავს დაქირავებული. რაც ჩვენთვის უფრო საინტერესო და სენსიტიურია, არის ის, რომ იგი გახლავთ ვლადიმირ პუტინთან ახლო კავშირების მომხრე, ეს კიდევ რბილად ნათქვამია, იგი ყირიმის ანექსიას კანონიერად თვლის, წინაღმდეგია იმიგრაციის და არის იმის მომხრე, რომ ძალიან გამკაცრდეს ისლამთან ბრძოლა, აცხადებს, რომ ორმხრივ მოქალაქეობას ჩამოართმევს ტერორიზმში ეჭვმიტანილებს. იგი ძალიან სერიოზული გამკაცრების პოლიტიკის მომხრეა.
საქართველოსთვის ორი რამ არის საყურადღებო - ეს არის მისი სიახლოვე რუსეთის დიქტატორთან, პუტინთან და მეორე, ასევე დამღუპველი იქნება ჩვენთვის, ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვა აქვს მინიმუმ ათი წელია, რომ ლე პენი გამოდის ევროკავშირის დაშლის მომხრედ, საფრანგეთის გამოყოფა კი ნამდვილად ამას ნიშნავს, გაერთიანებული სამეფოსგან განსხვავებით, ცალსახად შეიძლება ითქვა, რომ თუ საფრანგეთი გამოეყო ევროკავშირის, ეს უკვე დაშლის დასაწყისი იქნება, რომელიც შემდეგ შეუქცევადი გახდება, ამიტომ არის საგანგაშო მარი ლე პენის გამარჯვება“, - მიიჩნევს პაატა გაფრინდაშვილი.
რა პოლიტიკური შეხედულებების ლიდერი ჩაუდგება ერთ-ერთ უძლიერეს და დასავლურ სამყაროში, საკვანძო ქვეყანას სათავეში, ამას მიმდინარე წლის 7 მაისს ჩანიშნული მეორე ტურის ჩატარების შემდეგ გავიგებთ.
მასალის გამოყენების პირობები






