13 მაისი - სერჟანტი ზვიად დავითაძე, კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, კაპრალი ვლადიმერ შანავა, ავღანეთში, შირგაზის ბაზაზე თალიბების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.
13 მაისის ტრაგედიიდან რამდენიმე კვირაში, ჰელმანდის პროვინციაში, თვითმკვლელმა ტერორისტმა სატვირთო ავტომობილი ააფეთქა, რასაც საქართველსოთვის დიდი ტრაგედია მოჰყვა, ქვეყანამ დაკარგა და ამავდროულად შეიძინა კიდევ 7 გმირი. ტერაქტის შედეგად დაიჭრა 9 ქართველი ჯარისკაცი.
მომხდარი ტრაგედიების გამო, 16 მაისი და 7 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა...
6 ივნისს მომხდარ ტრაგდიას წინ უძღოდა youtube-ზე ატვირთული ვიდეომასალა, სადაც "თალიბანი" საქართველოს და ქართველ ჯარისკაცებს ჯიჰადით ემუქრება. აღნიშნული ვიდეოს ავთენტურობაზე ქართველ ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს თითქმის ერთნაირი დამოკიდებულება აქვთ. პოლიტიკოსების უმრავლესობა ვიდეომასალას ყალბს და საქართველოს ჩრდილოელი მეზობლის მორიგ პროვოკაციას უწოდებს.
ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ვიდეო მასალის ირგვლივ გამოძიება დაიწყო და რომ ეს არის მხოლოდ პროპაგანდის ნაწილი და მას ავღანეთთან არავითარი კავშირი არ აქვს...
ექსპერტების გარკვეული ნაწილი კი მომხდარ ტრაგედიას საქართველოს პრეზიდენტის ავღანეთში ვიზიტსა და ჯარისკაცებთან შეხვედრას უკავშირებს.
საზოგადოების ერთმა ნაწილმა მომხდარი ტრაგედიისთანავე დააანონსა ავღანეთიდან ჯარისკაცების გამოყვანასა და ნატოს სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის შეწყვეტის მოთხოვნით აქციების გამართვა...
ქვეყნის დასავლური ორიენტაცია - ევროატლანტიკური ინტეგრაცია, არის თუ არა იმ მოთხოვნის შესაბამისი, რომელსაც საზოგადოება აფიქსირებს - ქვეყანამ გამოიყვანოს საკუთარი შეირაღებული ძალები ავღანეთიდან...
სწორედ ასეთი კიხთხვები ისმის სხვადასხვა წრეებში. ან იქნებ გავრცელებული ვიდეომასალები, ამას დამატებული ტრაგედია არის პროვოკაცია, რომელიც ქვეყანას დამოუკიდებლობასა და დემოკრატიულ მომავალზე უარს ათქმევინებს?!
საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც თვლის, რომ ქართველი სამხედროები არა ქვეყნის და მათი შვილების მომავლის დასაცავად, არამედ მატერიალური ინტერესით არის წასული ავღანეთში, პასუხს ამომწურავად სცემს "ერთი ჯარისკაცის" წერილი...
"დიახ, ყველა მსგავს ტრაგედიაზე დანაშაულის გრძნობა მაქვს ჩემი მეგობრების მიმართ, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მათ დაწყებულ საქმეს გავაგრძელებ!
ჩვენ ოკუპანტები არ ვართ. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ საქართველოში არ იყვნენ რუსი ოკუპანტები...!"
ქვეყნის შეიარაღებული ძალები დიდწილად თითოეული ჯარისკაცის ფსიქოლოგიური განწყობით იზომება - რამდენად არის მზად, დადგეს საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე, თუნდაც მასზე ძალით აღმატებული მტრის წინააღმდეგაც კი... მხოლოდ იმ განწყობით, რომ სადაც არ უნდა იყოს, ის იცავს საკუთარ სამშობლოს, ჯარისკაცის ღირსებას და მისი მომავლის უსაფრთხოებას!
ბრძოლა მშვიდობისათვის კვლავაც გრძელდება მსოფლიოს ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, რომლის განუყოფელი ნაწილია ბრძოლა ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის...
მიუხედავად სხვადასხვა განწყობისა, დამოკიდებულებისა თუ მოთხოვნისა, საქართველოდან შორს, მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში, ავღანეთში საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის კიდევ 1600 ქართველი ჯარისკაცი იბრძვის.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






