22 აპრილს საფრანგეთში დუმილის დღეა - კვირას ქვეყანაში უპრეცედენტოდ დაძაბული საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, რომლის შედეგების პროგნოზირება, ექსპერტთა შეფასებით, შეუძლებელია. ყველა თანხმდება, რომ პირველ ტურში 50%-ზე მეტ ხმას ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს.
მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში 11 კანდიდატი მონაწილეობს, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის დროს, გამოკითხვების შედეგების თანახმად, გამოიკვეთა ე.წ. ლიდერთა ოთხეული, რომელსაც შეუძლია არჩევვნების მეორე ტურში გასვლა. შეგახსენებთ, რომ მეორე ტური 7 მაისაა დანიშნული.
მეორე ტურში გასვლის ყველაზე დიდი შანსი ცენტრისტ ემანუილ მარკონის და ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენს აქვთ.
საპრეზიდენტო მარათონის ყოფილი ლიდერი, ფრანსუა ფიიონი, რომლის რეიტინგიც რამდენიმე სერიოზული სკანდალის შემდეგ საგრძნობლად დაეცა, მესამე ადგილზეა. უკანასკნელი თვის განმავლობაში რამდენადმე გაიზარდა ულტრამემარცხენე კანდიდატის ჟან-ლუკ მელანშონის რეიტინგი.

აღნიშნული არჩევნები იმთაც არის გამორჩეული, რომ პირველად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მასში მონაწილეობას არ იღებს მოქმედი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი - მას იმდენად მცირე მხარდაჭერა გააჩნია, რომ საკუთარი პარტიის პრაიმერიზშიც კი ვერ გაიმარჯვა.
დასავლური სამყაროსთვის ყველაზე მისაღები კანდიდატი 39 წლის ემანუილ მაკრონია, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი იქნება. ექსპერტები ვარაუდბენ, რომ სწორედ ის და ლე პენი გავლენ არჩევნების მეორე ტურში, რომელშიც მაკრონი მიაღწევს წარმატებას.

გამოკითხვების შემდეგი ორი ლიდერი მარინ ლე პენი და ფრანსუა ფიიონი რუსეთისადმი სიმპატიებით გამოირჩვეიან. თავის დროზე დასავლური სამყარო შოკში ჩააგდო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ფაქტისადმი ლე პენის მხრიდან გამოხატულმა ღია მხარდაჭერამ. ასევე, საპრეზიდენტო მარათონის დროს, მისი ერთერთი მთავარი სლოგანი რუსეთისათვის სანქციებსს მოხსნა და საფრანგეთის ევროკავშირიდან გამოსვლაა.

მესამე ადგილზე მყოფ ფიიონს საფრანგეთში „პუტინის მეგობარს“ ის მხარს არ უჭერს NATO-ს გაფართოებას და რუსეთის საზღვრებთან მიახლოებას, არ ეთანხმება ევროკავშირს მიერ რუსეთისადმი სანქციების დაკისრებას და სარგებლობს ვლადიმერ პუტინის კეთილგანწყობით.
მედიის ინფორმაციით, ფიიონი და პუტინი 2007 წლის შემდეგ დამეგობრდნენ. ისინი ერთმანეთს "შენობით" მიმართავენ, წერს Le Monde და აღნიშნავს, რომ მათი შეხვედრები ხშირად პროტოკოლით გათვალისწინებულ ნორმებს სცილდება ხოლმე. ფიიონი პუტინის სტუმარი იყო 2008 წელს, როდესაც იგი რუსეთის პრეზიდენტის სოჭის რეზიდენციაში ჩავიდა.

ულტრამემარცხენე მელანშონი ორატორული თვისებებითა და იუმორით გამოირჩევა. იგი კომუნისტების მხარდაჭერით სარგებლობს და მისი რეიტინგის ზრდა სოციალისტების რეიტინგის მკვეთრმა დაცემამ გამოიწვია. სწორედ კომუნისტური და მემარცხენე იდეების პროპაგანდის შედეგია მისი დღევანდელი მეოთხე პოზიციაც.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გამო, მსოფლიო დიდი გულისყურით ელოდება არჩევნების საბოლოო შედეგებს, რადგან მათ შესაძლოა არანაკლები გავლენა მოხდინონ მსოფლიოს პოლიტიკაზე, ვიდრე BREXIT-მა.

მასალის გამოყენების პირობები






