რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოკუპირებულ აფხაზეთს დღეს ეწვევა და რუსეთის საელჩოს გახსნას დაესწრება.
ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის პირველი დიპლომატი შეხვედრას დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებთანაც გამართვას.
ლავროვის ვიზიტს წინ, მისივე უწყების სკანდალური განცხადება უსწრებდა. რუსეთის საგარეო უწყება ღიად აცხადებს, რომ მას საქართველოს NATO-ში გაწევრიანება არ აწყობს.
„საქართველო განაგრძობს პრეტენზიის გამოთქმას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე, უარს აცხადებს მოილაპარაკოს მათთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ და ჯიუტად ისწრაფვის NATO-სკენ.
სწორედ ამ სიტუაციის შედეგად მიიჩნევს რუსეთის საგარეო უწყება აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზისა არსებობას და საქართველოსთან ე.წ საზღვრის რუსი მესაზღვრეების მიერ გაკონტროლებას“- აღნიშნულია ლავტოვის უწყების განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების „უხეშ დარღვევად“ აფასებს.
უწყების შეფასებით, ეს ფაქტი წარმოადგენს მოსკოვის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებას საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავს ეთნიკური წმენდისა და სამხედრო ოკუპაციის მეშვეობით სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას.
კრემლის გადაწყვეტილების გამო აღშფოთებულია საქართველოს პრეზიდენტიც. გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას დაგმოს რუსეთის “პრივილეგირებული ინტერესების პოლიტიკა”.
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ლავროვის აფხაზეთში ვიზიტს რუსულ ცინიკურ პოლიტიკას უწოდებს და აცხადებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობიდან ამის უგულველყოფა იქნება ყველას მარცხი. ,, ბატონი ლავროვი და კარასინი, იმ ქუჩებში სეირნობდნენ საიდანაც ასობით ათასი ჩვენი მოქალაქეა გამოყრილი“ – აცხადებს უშიშროები საბჭო მდივანი.
ოკუპირებულ სოხუმში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაგეგმილ ვიზიტს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომაგენელიც აფასებს.
ზურაბ აბაშიძე „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ „რუსეთი ცდილობს დააკანონოს ის ახალი რეალობა, რომელიც თვითონ შექმნა“.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომაგენელი აღიარებს, რომ რუსეთის ფაქტორი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა როგორ ახდენს საქართველოს ხელისუფლება ამ საფრთხეების განეიტრალებას და რამდენად ეფექტურია კრემლის მიმართ საქართველოს ხელისუფლების შერბილებული პოზიცია, ამაზე ნაკლებად საუბრობს.
აბაშიძე თვლის, რომ რუსეთთან პრობლემების გამწვავება წინა ხელისუფლების ხისტი ქმედებების ბრალია.
რა მოგვცა ივანიშვილის გუნდის სტრატეგიამ - „ურთიერთობის დათბობა ოკუპანტ ქვეყანასთან". ამ და სხვა კითხვებით ზურაბ აბაშიძეს მივმართეთ.
- როგორ აფასებთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს საქართველოსოკუპირებულ რეგიონში?
- ეს ვიზიტი არ იყო შეთანხმებული საქართველოს ხელისუფლებასთან. ამგვარი ვიზიტები ბატონმა ლავროვმა განახორციელა 2011, 2012, 2009, 2008 წლებშიც. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა. ზოგადად რუსეთი აგრძელებს თავის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ე.წ. ახალი რეალობის ლეგიტიმაციისკენ. მხედველობაში მაქვს ე.წ. საზღვრები, რუსეთის მხრიდან ამ რეგიონების აღიარებული დამოუკიდებლობა და ზოგადად ის ვითარება, რაც შექმნილია ოკუპირებულ რეგიონებში 2008 წლის შემდეგ და რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია, როგორც მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. მოგეხსენებათ, საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ მაქსიმალურად გავაგრძელებთ ჭეშმატიტების, ჩვენი სიმართლის დაცვას, შესაბამისი უწყებები გააკეთებენ განცხადებებს ყველგან, სადაც ხელი მიგვიწვდება - საერთაშორისო ორგანიზაციებში, ორმხრივ ფორმატებში, მედიასთან, მაქსიმალურად იქნება გამოყენებული საერთაშორისო და დიპლომატიური ბერკეტები. ადრე თუ გვიან, რუსეთს მოუწევს ამ დესტრუქციული პოლიტიკის გადახედვა საქართველოსთან მიმართებით. გარდა ამისა, ბოლო ხანს ჰქონდა ანალოგიურ ნაბიჯებს ადგილი. მხედველობაში მაქვს ცხინვალის რეგიონში ჩატარებული რეფერენდუმი, გადასასვლელების დაკეტვა აფხაზეთთან, ამ რეგიონების მილიტარიზაცია და ა.შ.
- ,,საქართველო ჯიუტად ისწრაფვის NATO-სკენ და პრეტენზიები აქვს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე“ - ასეთია კრემლის ღია მესიჯი ლავროვის აფხაზეთში ვიზიტზე... მსგავსი განცხადებებისა და დესტრუქციული ქმედებების ფონზე, რადმდენად დიდია, რუსეთის მხრიდან ჩვენს ტერიტორიაზე აგრესიული პოლიტიკის გატარების მოლოდინი და რა ბერკეტი აქვს საქართველოს ხელისუფლებას?
- რუსეთთან ურთიერთობა არა მარტო საქართველოს, არამედ ბევრ ქვეყნას უჭირს. მათ შორის რუსეთის სხვა მეზობლებს, ევროპის ქვეყნებს და ა.შ. ასე რომ ჩვენ გამონაკლისი არ ვართ. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ერთის მხრივ მოხდეს ამ საფრთხეების მინიმიზირება, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ იმ ე.წ. რეალობას რომელიც შეიქმნა ოკუპირებულ რეგიონეში 2008 წლის შემდეგ. ასევე, რა თქმა უნდა ვაგრძელებთ ინტენსიურ თანამშრომლობას, სვლას იმ მიმართულებით, რაც ჩვენი მოსახლეობის მიერ გაკეთებულ არჩევანს შეესაბამება - მხედველობაში მაქვს ჩვენი ევროპული პროექტი და ამ კონტექსტში ვფირობ, რომ ბოლო ხანს ჩვენ ხელშესახები მიღწევები გვაქვს: ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია და ა.შ.
- ამის პარალელურად ჩვენ ვხედავთ კიდევ უფრო გადმოწეულ საზღვრებს... აქვს თუ არა საქართველოს სურვილს პერსპექტივა, მოხდეს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, მაშინ, როცა რუსეთი აგრესიულ პოლიტიკას აწარმოებს ჩვენს წინააღმდეგ...
- ეს რეალობა შეიქმნა 2008 წლის რუსეთის აგრესიის შედეგად და იმ პოლიტიკის შედეგად, რომელსაც წინა ხელისუფლება ატარებდა რუსეთის მიმართ. 2008 წელს საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა მოხდა. ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა მოიშალა. ამის გამოსწორება ძალიან რთულია. რუსეთმა ეს რეგიონები აღიარა და ამ რეგიონებს როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს უქმნის სასაზღვრო ინფრასტრუქტურას. ეხმარება მათ ე.წ საზღვრების ლეგიტიმაციაში.
2004-12 წლებში ბევრი ისეთი რამ მოხდა, რამაც ძალიან ცუდი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. მხედველობაში მაქვს ჩვენი ენერგეტიკული სისტემის, სტრატეგიული ობიექტების გადაცემა რუსული კომპანიებისთვის. რუსეთის სამხედრო ბაზების დაბრუნება საქართველოს ტერიტორიაზე. სამხედრო ბაზები, დიდი წვალების შედეგად 1999 წლიდან გაყვანილი იქნა ჩვენი ტერიტორიიდან და 2008 წელს ისევ უკან შემოგვიბრუნდა, ლტოლვილთა ახალი ნაკადი, დაკარგული ტერიტორიები, მათ შორის ის ტერიტორიები რომლებსაც ვაკონტროლებდით. ამ უმძიმესი მემკვიდრეობის გამოსწორება ძალიან რთულია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მაქსიმალურად ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტები. ეს არის ჩვენი ურთიერთობები, თანამეგობრობის გვერდზე დგომა და მხარდაჭერა.
- თქვენ საუბრობთ წარსულზე. რა გაკეთდა 2012 წლის შემდეგ, რაც ქვეყანას სხვა გუნდი მმართავს. რა ნაბიჯები გადაიდგა თქვენი მხრიდან არსებული პრობლემის მოგვარებისთვის? რას გპასუხობთ რუსეთი? მისი შემხვედრი ნაბიჯები არ ჩანს. კრემლი ქართულ მხარეს საზღვრების გადმოწევით პასუხობს...
- ის საზღვრები, რომელიც რუსეთმა 2008 წელს დააფიქსირა, ფაქტობრივად ამ საზღრების გასწვრივ ხდება უკანონო ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია როგორც ჩვენთვის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ყველაფერი ეს ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების ფარგლებში განიხილება. ამისთვისაა შექმნილი საერთაშორისო კონსულტაციების მექანიზმი. რაც შეეხება პრაღის ფორმატს, რომელშიც პირადად ვარ წარმოდგენილი, აქ უფრო კონკრეტული მანდატი მაქვს და ჩვენი განხილვების საგანი გახლავთ პრაქტიკული თემები, ვაჭრობა, ეკონომიკური ურთიერთობები, ტრანსპორტი, ტურიზმი და ა.შ. ამ მიმართულებებით კი ჩვენ ავიღეთ ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის.
- ჩვენთან საუბრისას თქვენ წინა ხელისუფლება სტრატეგიული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემაში დაადანაშაულეთ... რამდენად იყო სწორი, რუსულ „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულება და მისი შინაარსი?
- გაზპრომთან ხელშეკრულება ახლა არ გაფორმებულა. საქართველო გაზპრომთან ამ მიმართულებით ბოლო 27 წელიწადია მუშაობს.
- თუმცა საქართველოს ხელისუფლება რუსული ენერგოგიგანტის პირობებს პირველად დავთანხმდით... საუბარია ამ ხელშეკრულების დეტალებზე...
- პირობებს რაც შეეხება, თქვენ მხედველობაში გაქვთ, რომ ,,ნატურის" ნაცვლად ,,ქეშით" გადაგვიხდიან. მე ვფიქრობ, ეს პოლიტიკურად ძალიან ანგაჟირებულია. აქამდე რომ ფულით გადაეხადათ და ახლა გადახდა ნატურით შემოეთავაზებინათ, იგივე აჟიოტაჟი იქნებოდა და იგივე კრიტიკა ხელისუფლების. არცერთ წმინდა წინგში არ წერია, რომ ტრანზიტის გადახდა მაინცდამაინც ნატურით უნდა ხდებოდეს. მოგეხსენებათ, წლის ბოლომდე ჩვენ გაზპრომიდან გაზს აღარ მივიღებთ, როგორც ეს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა და რადგან წინა ხელისუფლება ახსენეთ, მათ საერთოდ ამ მილის მიყიდვა უნდოდა გაზპრომისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






