ვიდეოს აუდიოტექსტი ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მუქარას შეიცავს და მასში ქართველი ჯარისკაცები არიან ნაჩვენები.
როგორც ქართველი ექსპერტები აცხადებენ, მსგავსი შინაარსის ვიდეო, ადრეც გავრცელდა ესპანეთის წინააღმდეგ და მაშინ დადგინდა, რომ ეს სიცრუეს წარმოადგენდა, თუმცა დღეს გავრცელებული ვიდეო, შესაძლოა, სიმართლესთან მართლაც იყოს ახლოს.
როგორც ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ,,ნიუპოსტთან" საუბრისას აცხადებს, მანამ, სანამ დადგინდება ვიდეომიმართვის ნამდვილობა, ქართული მხრიდან არანაირი საპასუხო განცხადების გავრცელება არ არის საჭირო და აუცილებელია უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება.
"ქართული მხრიდან არავითარი განცხადების გაკეთება არ არის საჭირო, საჭიროა უსაფრთხოების სისტემების გაძლიერება. რაც შეეხება რეალობას შეესაბამება თუ არა, რთული სათქმელია, ერთის მხრივ ეჭვს იწვევს ამ ვიდეოს გავრცელება, მაშინ, როცა პრაქტიკულად რამდენიმე თვეა დარჩენილი, როდესაც დაიწყება ჩვენი სამხედრო კონტიგენტის ავღანეთიდან გამოყვანა, მეორეს მხრივ, მე ასეთი ვიდეო ნანახი მაქვს, ოღონდ ესპანელების წინააღმდეგ, ასე რომ შესაძლოა ვინმეს მიერ იყოს ინსპირირებული შეგნებულად, თუმცა რეალობასთან ახლოს არის", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ვიდეოსთან დაკავშირებით უწყებამ დაიწყო კვლევა მისი ნამდვილობის დადგენის მიზნით და დეტალები რამდენიმე საათში დაზუსტდება, რის შემდეგაც, შესაბამისად, გაკეთდება კომენტარებიც.
გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათქვამია, რომ შურისძიება ელის ავღანეთის მისიაში მონაწილე ყველა ჯარისკაცს, მათ შორის ვიდეო მუქარას საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართაც შეიცავს და ხაზგასმულია, რომ შურისძიება მალე საქართველოშიც დაიწყება:
"ჩვენ ვიცით თქვენი სახელები, მისამართები, ნათესავები და მალე საქართველოში ჩამოვალთ! ჩვენ შურს ვიძიებთ!", - ნათქვამია ვიდეომიმართვაში, რომელიც Yოუტუბე-ზე 2 ივნისს დარეგისტრირებულ მომხმარებელ Hammad Zaman-ს ეკუთვნის.
მასალის გამოყენების პირობები






