გერმანული პოლიცია დორტმუნის „ბორუსიას“ ავტობუსთან მომხდარ აფეთქებებში ისლამისტურ კვალს იძიებს,
პროკურატურის ცნობით, შემთხვევის ადგილზე წერილი იპოვეს, რომლის ავტორებიც აფეთქებებზე პასუხისმგებლობა აიღეს. პროკურატურის წარმოამდგენლები წერილის შინაარსს არ ასაჯაროებენ, თუმცა გერმანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ წერილი იწყება სიტყვებით: „გულმოწყალე ალაჰის სახელით“.
გავრცელებული ცნობით, წერილში ნახსენებია, ბერლინის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმა, ასევე გერმანული სამხედრო თვითმფრინავების „ტორნადოს“ მონაწილეობა საერთაშორისო კოალიციის მიერ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება და მათი მებრძოლების მოკვლა.
როგორც გერმანული პრესა წერს, წერილში აღნიშნულია, რომ "ამიერიდან სპორტსმენები და სხვა ცნობილი პირები გერმანიასა და სხვა ჯვაროსნულ ქვეყნებში ისლამური სახელმწიფოს სალიკვიდაციო სიაში იქნებიან".
გარდა ამისა, წერილში ხაზგასმულია, რომ ტერორისტები იმ დრომდე იმოქმედებენ, სანამ გერმანია სირიიდან სამხედრო თვითმფრინავებს არ გამოიყვანს და გერმანიაში მდებარე ამერიკული ბაზა Ramstein-ს არ დახურავს".
პროკურატურა წერილის ავთენტურობაზე ჯერჯერობით არ საუბრობს.
გუშინ, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში 3 აფეთქება მოხდა. გზაზე დამონტაჟებული სამივე ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ დროს ამოქმედდა, როდესაც ფეხბურთელთა ნაკრები ავტობუსით ჩემპიონთა ლიგის მატჩზე მიემართებოდა.
სამართალდამცველების მოსაზრებით, აღნიშნული ინციდენტი საფეხბურთო კლუბ „ბორუსიაზე“ მიმართული თავდასხმა იყო.
აფეთქების შედეგად დაზიანდა ავტობუსი, რომელსაც დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის მატჩზე მიჰყავდა. დაშავდა ფეხბურთელი მარკ ბარტა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს და ხელზე ოპერაცია ჩაუტარდა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროსთან, სადაც დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელები იყვნენ განთავსებული, საეჭვო ნივთი იპოვეს,
აფეთქების გამო დორტმუნდის „ბორუსია“- „მონაკოს" თამაში 12 აპრილისთვის გადაიდო.
მასალის გამოყენების პირობები






