ვიზიტის ფარგლებში, ტილერსონი დღეს, რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდება. შეხვედროს თემა, სირიაში, ასადის რეჟიმის მომავალი და კონფლიქტის გადაჭრის გზებზე საუბარი იქნება. დასავლური მედიის ცნობით, ტილერსონი შეეცდება რუსეთი დაარწმუნოს, ასადის მხარდაჭერა შეწყვიტოს. ჯერჯერობით უცნობია, შედგება თუ არა მისი და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა.
რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 7 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, სირიაში მდებარე შაირათის ავიაბაზა დაიბომბა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის მიერ სირიის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს "სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესია" უწოდა. რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს „სუვერენული სირიისადმი აგრესიის ნათელი აქტია“, რომელიც ვაშინგტონს წინასწარ ჰქონდა მომზადებული.
ამავდროულად, რუსეთმა აშშ-სთან სირიაში ინციდენტების პრევენციის და საავიაციო უსაფრთხოების ოპერაციების უზრუნველყოფის თაობაზე მემორანდუმი შეაჩერა.
შეგახსენებთ, 4 აპრილს, სირიის ჩრდილო დასავლეთში, იდლიბის ქალაქ ხან-შეიხუნში, რომლებსაც ამბოხებულები აკონტროლებენ ქიმიური იარაღით თავდასხმა მოხდა, რომელშიც ბაშარ ალ ასადის რეჟიმს ადანაშაულებენ. შემთხვევას 89 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 500-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა შორის ათეულობით ბავშვია. თავდასხმის შედეგების ამსახველი შემზარავი კადრები ინტერნეტში გავრცელდა.
აღნიშნულის საპასუხოდ, აშშ-მა წერტილოვანი სარაკეტო იერიში მიიტანა სირიის სამთავრობო ძალების პოზიციებზე.
მსოფლიო ლიდერებმა აშშ-ის გადაწყვეტილებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.
მასალის გამოყენების პირობები






