კონსტიტუციის ,,ჭრა-კერვა“ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის - ქართული პოლიტელიტის უცვლელი ნარატივი
პოზიცია - 15:02, 11 Apr, 2017     2652
33 ჯერ შეცვლილი ქვეყნის მთავარი დოკუმენტი - ყველა ხელისუფლების პირობებში მეორდება ქართული პოლიტელიტისთვის დამახასიათებელი ნარატივი: კონსტიტუციის ჭრა, კერვა და საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მორგება. ეს ყოველივე ბევრჯერ გვინახავს და მოგვისმენია.
მე-9 მოწვევის პარლამენტშიც კონსტიტუციის ჭრა-კერვის კურსები აქტიურად გრძელდება.

დაახლოებით ოთხი თვეა, რაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

საკონსტიტუციო კომისიის გამო კი მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის უთანხმოება დღითიდღე მწვავდება.

პარლამენტის თავმჯდომარე გიორგი მარგველაშვილს კომისიის დატოვების მიზნით, პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების წარმოებაში ადანაშაულებს. ქვეყნის პირველი პირი კობახიძის პოლიტიკურ გამოუცდელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „პარლამენტის თავმჯდომარე შეცდომაშია შეყვანილი“. პრეზიდენტი მმართველი გუნდის პრობლემად თვითიზოლაციას ასახელებს და „ქართულ ოცნებას“ ხალხის მოსმენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

ორ სახელისუფლებო შტოს შორის არსებული მწვავე დაპირისპირების ფონზე, საკონსტიტუციო კომისია მოძრაობამ სახელმწიფო ხალხისთვის დატოვა. წასასვლელად ემზადება ნაციონალური მოძრაობაც.

ენმ-ში თვლიან, რომ ხელისუფლება საკუთარ თავთან მარტო უნდა დარჩეს.

„ეს არის კონსტიტუციის მიჭრა-მოჭრა, რომლის მიზანია, ბიძინა ივანიშვილი იყოს საქართველოს დირექტორი მანამ, სანამ ცოცხალია“- აცხადებს რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი.

ოთხთვიანი დაძაბული მუშაობის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების წინასწარი პროექტი მზად არის.

სამუშაო ვარიანტში წერია, რომ პრეზიდენტს მოსახლეობის ნაცვლად ამომრჩეველთა კოლეგია აირჩევს.

დოკუმენტი არჩევნების ჩატარების ახალ წესსაც განსაზღვრავს. არსებული ვერსიის დამტკიცების შემთხვევაში, კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებული ჩანაწერიც გაჩნდება.

საკონსტიტუციო კომისიაში ჩართული სამოქალაქო სექტორი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდეტის არაპირდაპირი წესით არჩევა უკვე 2018 წელს მოხდეს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ინფორმაციით, გადაწყვეტილება არჩევნების შეცვლილი სისტემით ჩატარების შესახებ, მხოლოდ 2018 წლის შემდგომ შევიდეს ძალაში.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „ნიუპოსტთან“ აღნიშნავს, რომ „მმართველი ძალა პრეზიდენტის შემდეგი არჩევნების ირიბად ჩატარების ხიბლშია“.

„საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა თავიდანვე ფორმალური ხასიათის იყო, კომისიის გაბერვება ფასადისთვის დასჭირდათ. როგორც ჩანს, გეგმები თავიდანვე დალაგებული იყო და დადგა მომენტი, როცა ამოაცურეს მაგიდიდან.

ბოლო აბსურდზე გავამახვილებ ყურადღებას, როცა ვენეციის კომისიას პროექტი ისე გაატანეს, რომ კომისიის წევრების უმრავლესობას დოკუმენტი წაკითხულიც კი არ ჰქონდა. სწორედ ასეთი ფაქტები მეტყველებს, რომ ეს კომისია იყო მანიპულაციის ადგილი“ - აცხადებს გია ხუხაშვილი.

რაც შეეხება პრეზიდენტის მხრიდან „შეთქმულების თეორიას“, რომელსაც ირაკლი კობახიძე ანვითარებს, პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ „სამწუხაროდ ქართული პოლიტიკის მახასიათებელია, რომ სახელმწიფო ინტერესების მაღლა პოლიტიკური ინტერესები დგება“.

„ყველა მმართველი ცდილობს, საკუთარ თავზე მოირგოს კონსტიტუცია, კანონი, ადმინისტრაცია და სხვა. ეს არ ეხება მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტთან დამოკიდებულებას, ეს ეხება საარჩევნო კანონის ცვლილებას, თვითმმართველობის საკითხისადმი დამოკიდებულებას და ა.შ.“- განმარტა „ნიუპოსტთან“ ხუხაშვილმა.

ექსპერტი კონსტიტუციური უმრავლესობით ზურგ გამაგრებულ „ქართულ ოცნებას“ წინა ხელისუფლების მაგალითს ახსენებს:

„რაც უფრო მეტად ცდილობს მმართველი ძალა მისკენ გადაქაჩოს საბანი, მით უფრო მალე ამთავრებს... ამის კონკრეტული მაგალითები არსებობს, სააკაშვილსაც ჰქონდა მსგავსი მცდელობა, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში, პირად კარიერაზე მოერგო კონსტიტუცია, მაგრამ როგორ დამთავრდა ეს მცდელობა, ჩვენ კარგად ვნახეთ. ჩვენთან პოლიტიკოსები არათუ სხვის, არამედ საკუთარ შეცდომებზეც ვერ სწავლობენ“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტ-იურისტი ლევან ალაფიშვილი თემის შეფასებისას „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ ამომრჩეველს „ქართული ოცნებისთვის“ კონსტიტუციის ცვლილებისთვის საჭირო მანდატი არ მიუცია.

„არც ქართულ ოცნებას და არც საკონსტიტუციო კომისიას, პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ აქვს, იმისთვის, რომ ფუნდამენტური ცვლილებები შეიტანოს კონსტიტუციაში. სამთავრობო პროგრამაში, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხებოდა, ქართული ოცნებას სამადსამ საკითხზე ჰქონდა საუბარი. პირველი ეს არის საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას შორის გაწონასწორებული მექანიზმების ხელყოფა, მეორე ეს არის ტერიტორიული მოწყობა და მესამე საარჩევნო სისტემა. ამ სამ საკითხზე ეწერა მხოლოდ. სწორედ ამ საკითხების მანდატი და ლეგიტიმაცია მისცა ამომრჩეველმა ქართულ ოცნებას.

რაც შეეხება საკონსტიტუციო კომისიას, მისი შექმნისთანავე პოლიტიკური და კონსტიტუციური მიზანი დასახული არ იყო. ამ მიზნის უქონლობა განაპირობებს ამ კომისიის არა ეფექტურობას და მის ფორმალურობას. ჩემდა სამწუხაროდ, ვენეციის კომისიას ისე გაატანეს ეს პროექტი, რომ კომისიაში არ კი ყოფილა განხილული. ამან გამახსენა შევარდნაძის დრო, ანალოგიურად იქცეოდა მაშინდელი უმრავლესობა, საკონსტიტუციო კომისია ფორმალურად, ანტურაჟად ჰყავდა, რეალურად კი პროცესი თავისი პოლიტიკური ინტერესების რეალიზებით დაასრულა“- განმარტა ალაფიშვილმა.

„ნიუპოსტი“ კომენტარისთვის საკონსტიტუციო კომისიის წევრს, კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილს ესაუბრა.

დემეტრაშვილი პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას ეწინააღმდეგება.

„როგორც ჩანს მმართველმა გუნდმა თავისი პოზიცია შეცვალა, თავდაპირველად ისინი ამბობდნენ, რომ 2018 წელს პრეზიდენტი არჩეულ იქნება პირდაპირი წესით, პროექტში კი რომელიც სამდივნოს მიერ არის დარიგებული საკონსტიტუციო კომისიაში გათვალისწინებულია პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა, საარჩევნო კოლეგიის მიერ, რომელიც სამასი პიროვნებისგან შედგება. ჩემი შეფასება ამ საკითხისადმი უარყოფითია, ვინაიდან ვთვლი, რომ პრეზიდენტი ხალხის მიერ უნდა იყოს არჩეული და არამხოლოდ 2018-ში არამედ მომდევნო წლებში. მათი ძირითადი არგუმენტი, რომ გადავდივართ კლასიკურ საპარლამენტო მოდელზე და ამ საპარლამენტო რესპუბლიკებში თითქოს პრეზიდენტი არჩეულია არაპირდაპირი წესით. არადა საპარლამენტო რესპუბლიკების 2/3-ში პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევენ. ამიტომ ხელისუფლების ეს არგუმენტი აქ არ გამოგვადგება. ეტყობა პოლიტიკური კონიუნქტურა საკითხია“- განაცხადა დემეტრაშვილმა.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას რაც შეეხება კონსტიტუციონალისტი აცხადებს, რომ ის ორპალატიანი პარლამენტის მომხრეა.

„ვიყავი და ვარ ორპალატიანი პარლამენტის მომხრე, რომელშიც ქვედა პალატა უნდა იყოს არჩეული პროპორციული წესით, ხოლო ზედა პალატა მაჟორიტარული წესით უნდა იყოს არჩეული. რახან ორპალატიანი პარლამენტი არ არის, მე შემიძლია ვთქვა, რომ არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ მაჟორიტარული არჩევნები გაუქმდეს, ვინაიდან ოთხი მატჩი, ვნახეთ და არ მოგვეწონა, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ფეხბურთი არ უნდა მოგვწონდეს?! თუ ჩვენს მაჟორიტარებს კავშირი არ აქვთ თავის ამომრჩეველთან ეს მაჟორიტარული სისტემის ბრალი არ არის. ეს არის იმ მანკიერი პრაქტიკის შედეგი, რომელიც ჩვენთან არსებობს. მაგრამ თუკი არ განხორციელდა და არ დარჩა მაჟორიტარული სისტემა, მაშინ უნდა გადაისინჯოს ის პროპორციული წესი, რომელიც შემოთავაზებული. ანუ პირველ ადგილზე გასულმა არ უნდა წაიღოს ყველა გაუნაწილებელი მანდატი. ის მიღებული ხმების თანახმად, თანაბრად უნდა გადანაწილდეს ყველა პარტიაზე, რომელიც გადალახავს საარჩევნო ბარიერს. ეს საარჩევნო ბარიერი კი ჩემი აზრით არ უნდა იყოს ძალიან დაბალი. 5 %-იანი საარჩევნო ბარიერი უნდა შენარჩუნდეს“- აღნიშნავს კონსტიტუციონალისტი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42