კვლევითი ორგანიზაცია Gallup-ის თანახმად, სირიის ავიაბაზაზე იერიშის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეიტინგი მკვეთრად გაიზარდა.
CBS -ის ცნობით, ტრამპს გამოკითხულთა უკვე 43 % უჭერს მხარს. მარტის ბოლოს კი Gallup-ის კვლევით, ტრამპის რეიტინგი 37 % აღწევდა. გამოკითხვა 7 აპრილიდან 9 აპრილამდე ჩატარდა და მასში ათასზე მეტმა რესპოდენტმა მიიღო მონაწილეობა.
შეგახსენებთ, 4 აპრილს, სირიის ჩრდილო დასავლეთში, იდლიბის ქალაქ ხან-შეიხუნში, რომლებსაც ამბოხებულები აკონტროლებენ ქიმიური იარაღით თავდასხმა მოხდა, რომელშიც ბაშარ ალ ასადის რეჟიმს ადანაშაულებენ. შემთხვევას 89 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 500-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა შორის ათეულობით ბავშვია. თავდასხმის შედეგების ამსახველი შემზარავი კადრები ინტერნეტში გავრცელდა.
აღნიშნულის საპასუხოდ, აშშ-მა წერტილოვანი სარაკეტო იერიში მიიტანა სირიაში, ჰომსის პროვინციაში ალ შარიათის სამხედრო ბაზაზე, საიდანაც სავარაუდოდ ქიმიური თავდასხმა მოხდა. აშშ-მა ავიაიერიშები ხმელთაშუა ზღვაში ორი გემიდან განხორციელა და 59 შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა.
მსოფლიო ლიდერებმა აშშ-ის გადაწყვეტილებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის მიერ სირიის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს "სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესია" უწოდა. რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს „სუვერენული სირიისადმი აგრესიის ნათელი აქტია“, რომელიც ვაშინგტონს წინასწარ ჰქონდა მომზადებული.
მასალის გამოყენების პირობები






