აშშ-ის პრეზიდენტი ტონალდ ტრამპი სირიაზე ავიაიერიშის ხელახლა მიტანას არ გამორიცხავს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესპიკერმა შონ სპაისერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, თუკი ბაშარ ასადის რეჟიმი კიდევ ერთხელ გამოიყენებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს, შეერთებული შტატები სამხედრო იერიშს ისევ განახორციელებს.
შეგახსენებთ, 4 აპრილს, სირიის ჩრდილო დასავლეთში, იდლიბის ქალაქ ხან-შეიხუნში, რომლებსაც ამბოხებულები აკონტროლებენ ქიმიური იარაღით თავდასხმა მოხდა, რომელშიც ბაშარ ალ ასადის რეჟიმს ადანაშაულებენ. შემთხვევას 89 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 500-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა შორის ათეულობით ბავშვია. თავდასხმის შედეგების ამსახველი შემზარავი კადრები ინტერნეტში გავრცელდა.
აღნიშნულის საპასუხოდ, აშშ-მა წერტილოვანი სარაკეტო იერიში მიიტანა სირიაში, ჰომსის პროვინციაში ალ შარიათის სამხედრო ბაზაზე, საიდანაც სავარაუდოდ ქიმიური თავდასხმა მოხდა. აშშ-მა ავიაიერიშები ხმელთაშუა ზღვაში ორი გემიდან განხორციელა და 59 შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა.
მსოფლიო ლიდერებმა აშშ-ის გადაწყვეტილებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის მიერ სირიის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს "სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესია" უწოდა. რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს „სუვერენული სირიისადმი აგრესიის ნათელი აქტია“, რომელიც ვაშინგტონს წინასწარ ჰქონდა მომზადებული.
ამავდროულად, რუსეთმა აშშ-სთან სირიაში ინციდენტების პრევენციის და საავიაციო უსაფრთხოების ოპერაციების უზრუნველყოფის თაობაზე მემორანდუმი შეაჩერა.
მასალის გამოყენების პირობები






