რუსული კონვულსიები
პოზიცია - 22:35, 05 Jun, 2013     2572

 

მაგრამ რაღაც მაინც ბუქსაობს იქაც და აქაც. იქით პუტინ–ონიშენკოს ესხმევა რეტი, აქეთ ჩვენს ექსცენტრიულ პრემიერსა და კოჰაბიტირებულ პარლამენტის თავმჯდომარეს. 

იქიდან ქართველების ბოსტნებს ყოფენ მავთულხლართებით ცხინვალში და ჭირის გადამტან ქართულ დივერსანტ ტახებს დაეძებენ კავკასიაში.

აქეთ კიდევ ხელებს ასავსავებენ: ჩვენს გათვლებში ეს არ ჯდება, პუტინიდან ეს არმოდის, რაღაც ქვედა დონეებზე ხდება მეორე რუსეთის ურჩობა, ასეთი რა დავაშავეთ, ყველაფერს ხომ კარგად ვაკეთებდითო. ჩვენი ყოვლისმცოდნე ექსპერტები კი ტვინს გვიბურღავენ – ამ საამურ ვითარებაში ეს ამბები რუსეთის პოლიტიკის ინტერესებში სულაც არ უნდა ყოფილიყოო. დიდმა ხუხაშვილმა ისიც კი თქვა მავთულხლართების საქმეში ქართველების ხელი უნდა ერიოს. ხოლო რესპუბლიკელმა ლევან ბერძენიშვილმა სულ გაუტია: ეს მოსკოვის ვენდეტაა მერაბიშვილის დაპატიმრებაზეო.

პრემიერი კიდევ ხან აქეთ ეცემა ხან იქით, ხან ნინო ბურჯანაძეს დასცხებს, ხან ნანა კაკაბაძეს,ხან კიდევ მამაოების ავტომობილებს. ერთი სიტყვით დიდ აურზაურია გაუგებარი სიუჟეტით.

ჩემი აზრით, ამ ყველაფერს რაციონალური ახსნა გააჩნია. მართალია, რუსეთში ჩვენი ახალი მთავრობით კმაყოფილებას ვერ მალავენ და ერთი ჟრიამული აქვთ - გავტეხეთ ქართველებიო, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე. უკანასკნელ პერიოდის ორმა მნიშვნელოვანმა მოვლენამ აჭრა ყველაფერი.

პირველი ის იყო, რომ ამერიკა–აზიაში პრეზიდენტის სტაიერული ვოაიჟის შემდეგ, იმასთან ერთად რაც არ ვიცით, მოხდა ის, რაც ვიცით და რაც ძალიან გაანაწყენებდა და წყობიდან გამოიყვანდა რუსებს. ვანუატუმ უარი თქვა აფხაზეთის და ,,სამხრეთ ოსეთის" ადრე გამოცხადებულ აღიარებაზე. თუ გავიხსენებთ იმას, როგორ ამაყობდა ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ამ და კიდევ რანდენიმე სხვა მარგინალი ქვეყნის აღიარებებით, ეს დიდი სილის გაწვნა იყო პუტინისთვის შიგნითაც და გარეთაც. როგორც იტყვიან, ამ საქმეში კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და თან ისე, რომ ვერავის ვერაფრით აუხსნიან ამ ჩაფლავებას.

მეორე უფრო სერიოზული მიზეზიც არსებობს. როგორც ცნობილია საქართველოში დაიწყო ნატოს კვირეული, ჩამოვიდნენ გენმდივნის პირადი წარმომადგენელი, ასპირანტი ქვეყნების ხელისუფალნი და სხვა მნიშვნელოვანი პირები. თვის ბოლოს თბილისში ნატოს საბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს. ანუ მთელი დასავლეთი აქ იქნება.

აი, ამის დაშვება კი არაფრით არ სურდა რუსეთს. ყველას გვახსოვს, ასეთი თავყრილობა ჩვენში ადრეც უნდა გამართულიყო. პირველი მცდელობა ჩაიშალა. ეს რუსებმა მოახერხეს ჩვენი ხელით. უშუალოდ საბჭოს შეკრების წინ ქართული ჯარის გენშტაბის უფროსი დააპატიმრეს აქაურმა ყმადმორჩილებმა. ამის გამო სხდომა გაურკვეველი დროით გადაიდო, ქვეყანას დიდი საყვედურები გვითხრეს და არაორაზროვნადაც მიგვანიშნეს, რომ მიზეზი სწორედ ეს დაპატიმრება გახლდათ.

ამჯერად, ისევ იგივე და ისეთივე სცენარი გათამაშდა უფრო ორგანიზებული, მასშტაბური და მრავალსიუჟეტიანი. ჯერ იყო და ყოფილი პრემიერ–მინისტრი დააპატიმრეს და მეტი დამაჯერებლობისთვის ზედ მიაყოლეს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი და ამჟამად გუბერნატორი. აგერ ბატონო, რისთვისაც უკრაინას უკეტავდით კარებს, იგივე ხდება საქართველოშიო. შემდეგ კიდევ 17 მაისის დარბევებით ჯინჭრიან და ტაბურეტკიან ველურებად წარმოგვსახეს მთელს მსოფლიოში.

თითქოს ყველაფერი მზად ჰქონდათ მეორე შეხვედრის ჩასაშლელადაც, მაგრამ ამჯერად ვერ იმარჯვეს, როგორც ადრე. დასავლეთმა ძალიან მშვიდი რეაქცია მოახდინა ამ მოვლენებზე.ზომიერად გაგვაკრიტიკეს, კვირეულიც დაიწყო და საბჭოს სხდომაც შედგება. ეს კიდევ მეორე დიდი მარცხი იყო რუსეთისათვის დროის ამ მცირე მონაკვეთში, რომელსაც არ მოელოდა. ასეთი სცენარისათვის ის მზად არ იყო, რამაც სულ გააცოფა და გადარია. ორივე ამბავი ერთად ძნელი გადასახარში აღმოჩნდა თიხისფეხება ,,სუპერსახელმწიფოსათვის". მაგრამ რა ექნა, ისევ ომით ხომ ვერ წამოვიდოდა და რომ ვერაფერი ხეირიანი ვერ მოიფიქრა, დაეწყო კონვულსიები. ხან დიცელთა და დვანელთა ბაღ–ბოსტნებს ეცა, ხან კიდევ მითიურ ტახებს,რომლებსაც ამერიკულებმა ინფექცია შეჰყარეს, კავკასიონის ბილიკებზე გაუშვეს რუსული კეთილშობილი შინაური ღორების ამოსაჟუჟად და ხალხის შიმშილით გასაწყვეტად. ისე, ეს ტახები რაღა მხოლოდ რუსეთში გაიქცნენ და ჩვენსკენ რატომ არ იბრუნეს პირი. ეტყობა კარგი მეგზურები ჰყავდათ.

ასე, რომ იქით აერიათ მონასტერი და აქეთაც ამის გამო აბსურდებში გაიბლანდნენ. მაგრამ ძალიან კი ნუ გაგვახარებს და გაგვათამამებს ეს ამბები. ჩვენ აქ ძლიერ პასიური და უარყოფითი როლი მიგვიძღვის და რომ არა ჩვენი მოკავშირეების გამჭრიახობა, კიდევ ვინ იცის რა საფრთხეების წინაშე აღმოვჩნდებოდით და რა უბედურებას დაგვმართებდა დამპყრობელი მასთან ერთი–ერთზე კუდისქიცინით დარჩენილებს.

ამ ამბის მორალი კი ის გახლავთ, რომ ბოლოს და ბოლოს გონებას მოვუხმოთ, ავისა და კარგის, მტრისა და მოყვრის გარჩევა ვისწავლოთ, ადეკვატურად გამოვეხმაუროთ საქვეყნო პრობლემებს ერმაც, ბერმაც და უსაზღვროდ ნუ გამოვცდით ჩვენი დასავლელი მეგობრების მოთმინებასა და კეთილგანწყობას.

დასასრულს, თემამ მოიტანა და მინდა სახარებისეულ სიბრძნეს მივმართო: ,, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერჴითა მათითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ" (მათე,7–6).

რუსეთთან ბოლო 250-წლიანმა ურთიერთობამ ვერ გვასწავლა ამ მარტივი შეგონების დაჯერება. ჩვენ მარგალიტებს ვუფენდით, ის კიდევ თელავდა და გვგლეჯდა. ეხლა მაინც გავაცნობიეროთ ეს ელემენტარული ჭეშმარიტება და ჩვენი ერისათვის აუცილებელი სასიცოცხლო ფორმულა. ხოლო თუ ამას ვიზამთ, ყოჩაღად ვიქნებით, ქედს არ მოვიხრით მტრის წინაშე და ღირსეულად შევხვდებით მოყვარეს, ჩვენს სამშობლოზე შემოსეულ ჩრდილოელთა ხარბ და გონებადაბინდულ კოლტს აუცილებლად უკან გადავრეკავთ.



მალხაზ პატარაია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42