რიგითი ამერიკელების უმრავლესობა თავისი მთავარსარდლის გარშემო გაერთიანდა, ამასთანავე კადრებმა, რომელზეც ასახული იყო ქიმიური გაზისგან დამხრჩვალი ბავშვები უმრავლესობაში სწორედ იგივე რეაქცია გამოიწვია, როგორც თავად ტრამპში, რომელმაც განცხადება კამერების წინ აკანკალებული ხმით გააკეთა „როდესაც თქვენ კლავთ უდანაშაულო პატარა ბავშვებს, თქვენ გადადიხართ ზღვარს, უამრავ წითელ ხაზს!“ ტრამპი - იმპულსური ადამიანია და მისმა ამ განცხადებამ გააჩინა მოლოდინი, რომ წინ რაღაც გადამწყვეტი ქმედება იყო.
რესპუბლიკელი პოლიტიკოსები, განსაკუთრებით სენატორები ჯონ მაკკეინი და ლინდსი გრემი, სარაკეტო შტურმს ენთუზიაზმით შეხვდნენ.
„განსახვავებით წინა ადმინისტრაციისგან, პრეზიდენტმა ტრამპმა, სირიაში საბედისწერო მომენტში შესაბამისი ზომები მიიღო. ის იმსახურებს ამერიკელი ხალხის მხარდაჭერას“- ნათქვამი იყო სენატის მთავარი ქორების განცხადებაში.
მაკკეინმა და გრემმა გამოთქვეს იმედი, რომ დონალდ ტრამპი ამაზე არ გაჩერდება და ბაშარ ასადის მთელ ავიაციას გამოიყვანს წყობიდან. თუმცა ერთსულოვნება ამ საკითხთან დაკავშირებით რესპუბლიკელებშიც არ ყოფილა. მაგალითად, სენატორმა რენდ პოლმა რომელიც უფრო მეტად ლიბერტარიანიზმისკენაა მიმართული, ტრამპს მოუწოდა, რომ ოპერაციების ჩატარებაზე „კურთხევა“ კონგრესისგან მიეღო. იგივე მოწოდებით გამოვიდა რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზიც.
დემოკრატების ლიდერებმა სენატორმა ჩაკ შუმერმა და კონგრესმენმა ნენსი პელოსიმ სარაკეტო დარტყმას მხარდაჭერა გამოუცხადეს, თუმცა ტრამპს მოთხოვეს რომ სირიის ოპერაციები კონგრესთან შეეთანხმებინა, მაშინაც კი, თუ მას ამისთვის არდადეგებიდან ვაშინგტონში დაბრუნება მოუწევდა.
კონგრესის დემოკრატიული ფრაქციის მარცხენა ფრთამ ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილება დაგმო. მიუხედავად ამისა წარმომადგენელთა პალატაში ჰავაის კუნძულების დელეგატმა ტულსი გაბარდმა, რომელმაც კოლეგების კრიტიკა მიმდინარე წელს ბაშარ ასადთან შეხვედრის გამო დაიმსახურა, განაცხადა რომ თუ ქიმიური იარაღის გამოყენებაში სირიის პრეზიდენტის ჩართულობა დადასტურდება, მაშინ ის უნდა იყოს „გასამართლებული და დასჯილი“. რაც შეეხება სარაკეტო შტურმს, გაბარდმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ „სამხედრო ქორების რჩევებს დაუჯერა“ და უპასუხისმგებლოდ მოიქცა, რადგან არ დაელოდა იმას, რომ ქიმიური თავდასხმის ადგილზე მტკიცებულებების შეკრება მომხდარიყო.
„ეს ესკალაცია წინდაუხედავობააა და მივყავართ მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვამდე, ლტოლვილების რაოდენობის გაზრდამდე, „ალ ქაიდას“ და სხვა ტერორისტების გაძლიერებამდე და შესაძლოა აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ ომამდეც კი“- განაცხადა გაბარდმა პრესასთან.
იმ ადამიანების უმრავლესობა, ვინც ამ თემაზე კომენტარი გააკეთა რუსეთთან ურთიერთობის საბედისწერო გამწვავებას არ ელოდება და აღნიშნავენ, რომ აშშ-მ რუსეთი სარაკეტო შეტევამდე ერთი საათით ადრე გააფრთხილა, მოსალოდნელი დარტყმების შესახებ, რუსებმა კი აღარ გამოიყენეს საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც არა მხოლოდ თვითმფრინავებთან არამედ „ტომაჰაუკის“ ტიპის რაკეტების წინაღმდეგაც გამოიყენება. პროფესორ მარკ გალეოტის თქმით, რომელის რუსეთის შეიარაღებული ძალების მკვლევარია, ის ფაქტი, რომ მოსკოვმა არ აამოქმედა თავსი საზენიტო სისტემები, მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთი სიტუაციას რეალისტურად მიუდგა.
„მოსკოვს შესაძლოა არ მოწონდეს ვაშინგტონის რეაქცია, მაგრამ მან არ ისურვა გზაზე გადაღობებოდა, ეს რეალიზმის გამოვლინებაა მათგან“- განაცხადა პროფესორმა ჟურნალისტებთან.
თუმცა როგორც New York Times-ი ვარაუდობს, სირიაში სიტუაციის გამწვავება ემუქრება მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ტრამპის იმედებს, მით უმეტეს, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაცია ადანაშაულებს რუსეთს იმაში, რომ მან არ აიძულა ასადი 2013 წლის შეთანხმება შეესრულებინა და ქიმიური იარაღის ლიკვიდაცია მოეხდინა.
ახალმა სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა, რომელმაც წარსულში პუტინის ხელიდან მეგობრობის ორდენი მიიღო, ხუთშაბათს განაცხადა, რომ საქმის ბოლომდე არმიყვანა მოსკოვის მხრიდან „უპასუხისმგებლობა“ იყო და აღნიშნა, რომ „ რუსეთი ან თანამონაწილე იყო, ან არაკომპეტენტურია და არ შეუძლია ხელშეკრულების თავისი ნაწილი შეასრულოს“
New York Times-ის თქმით, აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ იმდენად რამდენადაც აეროპორტი რომელზეც იერიში განხორციელდა , რუსების დაქვემდებარებაში იყო, მათ არ შეიძლებოდა არ ცოდნოდათ იქ ქიმიური იარაღის არსებობა. როგორც გაზეთი წერს, რუსულ ვერსიას იმის შესახებ, რომ სირიულმა ავიაციამ სამშაბათს ქიმიური იარაღის საწყობი დაბომბა და მოსახლეობა ამის გამო მოიწამლა, დასავლეთში ნაკლებად დაუჯერეს.
რაც შეეეხება კონსერვატორების კომენტარებს, ტრამპის ბრძანებამ სირიაზე სარაკეტო შეტევის შესახებ, ისინი სხვადასხვა პოზიციებად დაყო:
„ყოჩაღ! პრეზიდენტმა ტრამპმა ეს-ესაა წერტილი დაუსვა ობამას კოჭის გორების და სიმხდალის ეპოქას. ტრამპმა ასევე მოახდინა რუსეთთან თავის მართლების იგნორირებაც, ჩვენ ისინი გავაფრთხილეთ რომ ბაზიდან გაეყვანათ თავისი პერსონალი (რასაც შეიძლება სირიელებიც დაეფრთხო), მაგრამ ნათლად გავაგებინეთ: მოკლავთ უდანაშაულოებს, მაშინ იცოდეთ, რომ ამ სამყაროში არსებობს ქვეყანა, რომელიც ამას არ დაუშვებს! როდესაც მე ამას ვწერ, მე დაუფარავად ვამაყობ იმით, რომ ამერიკელი ვარ. რესპუბლიკელი ხართ, დემოკრატი თუ დამოუკიდებელი- ამით თქვენც უნდა ამაყობდეთ, ჩვენ ისევ სამართლიანობის და ჰუმანურობის მხარეს ვართ“- წერს სამხედრო მიმომხილველილ რალფ პიტერსი.
მეორე კონსერვატორი პუბლიცისტი ჯონ პოდხორეცი, მკითხველს იმავე გაზეთიდან შეახსენებს, რომ სირიის ავიაბაზაზე განხორციელებული თავდასხმა წინააღმდეგობაში მოდის იმ განცხადებებთან, რომელებსაც ტრამპი ბოლო 4 წლის განმავლობაში აკეთებდა და ეწინააღმდეგება იმასაც, რასაც გასულ კვირას მისი სახელმწიფო მდივანი ტილერსონი აცხადებდა:
„ეს ამ სამხედრო ქმედებას გეოპოლიტიკური თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანს ხდის, ტრამპი აგზავნის სიგნალს, რომ ტრამპის ობამას მმართველობისდროინდელი ტვიტებს და იზოლაციონიზმისკენ მის წინასაარჩევნო მოწოდებებს ვადა გაუვიდა“
პოდხორეცი იხსენებს, რომ ჯერ კიდევ 2 თვის წინ ტრამპისგან ინტერვიუს აღების დროს ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ პუტინი ადამიანებს კლავს, რაზეც ტრამპმა აუღელვებლად მიუგო „თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყანა უცოდველია?“
„აი რამდენი რამის შეცვლა შეუძლია ზარინის ერთ გამოყენებას და ჩრდილოკორეული რაკეტების გამოცდას“- აღნიშნავს ავტორი.
ამავდროულად, კონსერვატორების ნაწილმა დაიწყო ნოსტალგიურად გახსენება იმ დროისა, როდესაც ტრამპი რეგულარულად აცხადებდა, რომ ამერიკას არ აქვს სასიცოცხლო ინტერესები სირიაში და აშშ-მ მისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს.
უჩვეულო არ ყოფილა ის, რომ კონორ ფრიდერსდორფის სტატია ლიბერალურ ჟურნალში Atlantic დასათაურებული იყო შემდეგნაირად „ტრამპის თავდასხმა სირიაზე ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და წინდაუხედავი იყო“ და ტრამპის იმპიჩმენტისკენ მოწოდებებს შეიცავდა, მაგრამ უჩვეულო იყო ყველაზე ძველ კონსერვატულ ჟურნალ National Review-ში, რომელიც პაციფიზმისგან შორსაა, გამოქვეყნებული ენდრიუ მაკარტის სტატიის სათაური „მე კვლავ სირიაში ინტერვენციის წინააღმდეგი ვარ.“
„პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა ის, რაზეც კანდიდატი დონალდ ტრამპი უარს ამბობდა. მან დარტყმა განახორციელა უცხო ქვეყნის უვარგის რეჟიმზე, მაშინ როცა მათგან არანაირი საფრთხე არ არსებობდა, რომ აღარაფერი ვთქვათ აშშ-ზე თავდასხმის საფრთხეზე და ამაში აშშ-ის არანაირი სასიცოცხლო ინტერესი არ იყო. ტრამპის სამხედრო აგრესია წარმოადგენს ჩვენი კონსტიტუციის დარღვევას, რომელიც ითხოვს კონგრესის თანხმობას სამხედრო ძალის გამოყენებაზე, იმ სამიზნეების მიმართ, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე აგრესიული ქმედებებას არ ახორციელებენ“- განაცხადა მაკკარტიმ და მაგალითად ტრამპის ტვიტი მოიყვანა, რომელშიც მომავალი პრეზიდენტი კითხვას სვამდა: „რას მოგვიტანს სირიაში საჰაერო იერიში, გარდა გაზრდილი ხარჯებისა და კონფლიქტის გაღვივებისა“
მომზადებულია BBC-ის რუსული რედაქციის სტატიის მიხედვით
მასალის გამოყენების პირობები






