აშშ-ის სენატორთა ჯგუფმა კანონპროექტი წარადგინა, რომელიც სირიის ხელისუფლების მიერ ჩადენილი შესაძლო ომის დანაშაულის, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისა და გენოციდის გამოძიებას ითვალისწინებს, რომელზეც ძირითადი პასუხისმგებლობა პრო-სამთავრობო ძალებსა და ასადის რეჟიმს ეკისრება.
კანონპროექტი, "ჰიბრიდული ტრიბუნალი" შექმნასაც ითავლისწინებს.
დოკუმენტის თანახმად, "ჰიბრიდული ტრიბუნალის“ შემადგენლობაში შევლენ სირიელი და სხვა ქვეყნების წარმომადგენელი იურისტები, მოსამართლეები და სხვა დარგების პროფესიონალები.
"სირიის სამოქალაქო ომის დროს, რომელიც უკვე ექვსი წელია გრძელდება, ასობით ათასი სირიელი დაიღუპა. ბევრი მათგანი დიქტატორ ბაშარ ალ-ასადსა და მის რეჟიმს ემსხვერპლა. მილიონობით ადამიანს ქვეყნის დატოვება მოუწია“ - ნათქვამია დოკუმენტში.
კანონპროექტის ავტორები , აშშ-ის პრეზიდენტობის ექსკანდიდატი მარკო რუბიო, სენატორი ბენ კარდინი, ჯოან შაინი, ბობ კორკერი, ბობ მენენდესი და ტოდ იანგი არიან.
„ასადის ქიმიური თავდასხმა სირიელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ბოლო სისასტიკეა. ეს კანონპროექტი დაგვეხმარება, ასადის რეჟიმმა პასუხი აგოს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. სამართალი და ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები მოითხოვს , არ ვისხდეთ უმოქმედოდ, როდესაც უდანაშაულო კაცები, ქალები და ბავშვები გაზით იწამლებიან და წამებით იხოცებიან“ - ნათქვამია სენტორების განცხადებაში.
შეგახსენებთ, 4 აპრილს, სირიის ჩრდილო დასავლეთში, იდლიბის ქალაქ ხან-შეიხუნში, რომლებსაც ამბოხებულები აკონტროლებენ ქიმიური იარაღით თავდასხმა მოხდა, რომელშიც ბაშარ ალ ასადის რეჟიმს ადანაშაულებენ. შემთხვევას 89 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 500-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა შორის ათეულობით ბავშვია. თავდასხმის შედეგების ამსახველი შემზარავი კადრები ინტერნეტში გავრცელდა.
აღნიშნულის საპასუხოდ, აშშ-მა წერტილოვანი სარაკეტო იერიში მიიტანა სირიის სამთავრობო ძალების პოზიციებზე.
მსოფლიო ლიდერებმა აშშ-ის გადაწყვეტილებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. სირიის სამხედრო ბაზაზე სარაკეტი იერიში მხოლოდ რუსეთმა და ირანმა დაგმეს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის მიერ სირიაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს "სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესია" უწოდა. რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს „სუვერენული სირიისადმი აგრესიის ნათელი აქტია“, რომელიც ვაშინგტონს წინასწარ ჰქონდა მომზადებული.
მასალის გამოყენების პირობები






