აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სტივენ მნუჩინის განცხადებით, დამასკოს წინააღმდეგ ახალი სანქციები იდლიბის პროვინციაში ქიმიური თავდასხმის საპასუხო ქმედება იქნება.
ახლო მომავალში აშშ-ის ხელისუფლება დააკონკრეტებს თუ რა სახის იქნება სანქციის ზომები.
შეგახსენებთ, სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დაწყებიდან ექვსი წლის შემდეგ, აშშ-მ პირველი პირდაპირი იერიში მიიტანა სირიის სამთავრობო ძალების პოზიციებზე.
სირიაში, ჰომსის პროვინციაში წერტილოვანი დარტყმები ალ შარიათის სამხედრო ბაზაზე განხორციელდა, საიდანაც სავარაუდოდ ქიმიური თავდასხმა მოხდა. აშშ-მა ავიაიერიშები ხმელთაშუა ზღვაში ორი გემიდან განხორციელა და 59 შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა.
ოფიციალურმა ვაშინგტონმა იერიში მას შემდეგ განახორციელა, რაც 4 აპრილს, სირიის ჩრდილო დასავლეთში, იდლიბის ქალაქ ხან-შეიხუნში, რომლებსაც ამბოხებულები აკონტროლებენ ქიმიური იარაღით თავდასხმა მოხდა, რომელშიც ბაშარ ალ ასადის რეჟიმს ადანაშაულებენ. შემთხვევას 89 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 500-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა შორის ათეულობით ბავშვია. თავდასხმის შედეგების ამსახველი შემზარავი კადრები ინტერნეტში გავრცელდა.
მსოფლიო ლიდერებმა აშშ-ის გადაწყვეტილებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. სირიის სამხედრო ბაზაზე სარაკეტი იერიში მხოლოდ რუსეთმა და ირანმა დაგმეს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის მიერ სირიაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს "სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესია" უწოდა. რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს „სუვერენული სირიისადმი აგრესიის ნათელი აქტია“, რომელიც ვაშინგტონს წინასწარ ჰქონდა მომზადებული.
მასალის გამოყენების პირობები






