გაეროს უშიშროების საბჭომ სირიის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწია.
უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელიც ბოლივიის ინიციატივით, სირიაში აშშ-ის სარაკეტო დარტყმების გამო მოიწვიეს, მოსკოვის და ვაშინგტონის ურთიერთბრალდებების ფონზე გაიმართა.
„ამერიკა მიაღწევს იმას, რომ ასადმა ქიმური იარაღი აღარ გამოიყენოს“-განაცხადა გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ.
“ქიმიური იარაღის გამოყენების და გავრცელების აღმოფხვრა აშშ-ის ეროვნული ინტერესების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ მზად ვართ მეტი გავაკეთოთ, თუმცა იმედი გვაქვს,რომ ეს საჭირო არ გახდება” - დასძინა ჰეილიმ.
მან ასადის მხარდაჭერისთვის რუსეთი და ირანი გააკრიტიკა და დასაძინა, რომ “ასადის რეჟიმის გაძლიერება მსოფლიოს ახალ მკვლელობამდე მიიყვანს.“
გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის წარმომადგენელმა ვლადიმერ საფრონკოვმა კი აშშ-ის ქმედებებს უკანონო უწოდა და განაცხადა, რომ ასეთი იერიშები ტერორისტების ინტერესებში შედის.
„თქვენი ცალმხრივი ქმედებები საშინელ ტრაგედიას გამოიწვევს“- განაცხადა საფრონკოვმა.
დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა მეტიუ მაიკროფტმა აშშ-ის დარტყმებს „გაუაზრებელ აქტზე პროპორციული პასუხი“ უწოდა.
სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დაწყებიდან ექვსი წლის შემდეგ, აშშ-მ პირველი პირდაპირი იერიში მიიტანა სირიის სამთავრობო ძალების პოზიციებზე.
სირიაში, ჰომსის პროვინციაში წერტილოვანი დარტყმები ალ შარიათის სამხედრო ბაზაზე განხორციელდა, საიდანაც სავარაუდოდ ქიმიური თავდასხმა მოხდა. აშშ-მა ავიაიერიშები ხმელთაშუა ზღვაში ორი გემიდან განხორციელა და 59 შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა.
ოფიციალურმა ვაშინგტონმა იერიში მას შემდეგ განახორციელა, რაც 4 აპრილს, სირიის ჩრდილო დასავლეთში, იდლიბის ქალაქ ხან-შეიხუნში, რომლებსაც ამბოხებულები აკონტროლებენ ქიმიური იარაღით თავდასხმა მოხდა, რომელშიც ბაშარ ალ ასადის რეჟიმს ადანაშაულებენ. შემთხვევას 89 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 500-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა შორის 33 ბავშვი და 18 ქალია. თავდასხმის შედეგების ამსახველი შემზარავი კადრები ინტერნეტში გავრცელდა.
მსოფლიო ლიდერებმა აშშ-ის გადაწყვეტილებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. სირიის სამხედრო ბაზაზე სარაკეტი იერიში მხოლოდ რუსეთმა და ირანმა დაგმეს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის მიერ სირიაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს "სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესია" უწოდა. რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს „სუვერენული სირიისადმი აგრესიის ნათელი აქტია“, რომელიც ვაშინგტონს წინასწარ ჰქონდა მომზადებული.
მასალის გამოყენების პირობები






