მედვედევმა ვაშინგტონი საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, ვაშინგტონმა არა მხოლოდ გაეროს თანხმობის, არამედ აშშ-ის კონგრესის თანხმობის გარეშეც იმოქმედა და თავისი ქმედებით რუსეთი და ამერიკა "საბრძოლო შეტაკებების ზღვარზე" დააყენა.
“ტრამპის ადმინისტრაციამ დაამტკიცა, რომ სასტიკ ბრძოლას აწარმოებს სირიის ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან, ნაცვლად საერთო მტრის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლისა, თანაც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით, გაეროს თანხმობის გარეშე, საკუთარი პროცედურების დარღვევით, სამხედრო ოპერაციებს კონგრესის თანხმობა სჭორდება, თუკი ის აშშ-ზე თავდასხმის შემთხვევას არ ითვალისწინებს. აშშ რუსეთთან სამხედრო შეტაკების ზღვარზეა.
წინასაარჩევნო დაპირებების ფასი გასაგებია, მაგრამ არსებობს წესიერების ლიმიტი. მათ უკან აბსოლუტური უნდობლობაა. რაც ძალიან სამწუხაროა ჩვენი სრულიად გაფუჭებული ურთიერთობებისთვის და რა თქმა უნდა , ეს წამახალისებელია ტერორისტებისთვის" - წერს მედვედევი.
სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დაწყებიდან ექვსი წლის შემდეგ, აშშ-მ პირველი პირდაპირი იერიში მიიტანა სირიის სამთავრობო ძალების პოზიციებზე.
სირიაში, ჰომსის პროვინციაში წერტილოვანი დარტყმები ალ შარიათის სამხედრო ბაზაზე განხორციელდა, საიდანაც სავარაუდოდ ქიმიური თავდასხმა მოხდა. აშშ-მა ავიაიერიშები ხმელთაშუა ზღვაში ორი გემიდან განხორციელა და 59 შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა.
ოფიციალურმა ვაშინგტონმა იერიში მას შემდეგ განახორციელა, რაც 4 აპრილს, სირიის ჩრდილო დასავლეთში, იდლიბის ქალაქ ხან-შეიხუნში, რომლებსაც ამბოხებულები აკონტროლებენ ქიმიური იარაღით თავდასხმა მოხდა, რომელშიც ბაშარ ალ ასადის რეჟიმს ადანაშაულებენ. შემთხვევას 89 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 500-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა შორის ათეულობით ბავშვია. თავდასხმის შედეგების ამსახველი შემზარავი კადრები ინტერნეტში გავრცელდა.
მსოფლიო ლიდერებმა აშშ-ის გადაწყვეტილებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. სირიის სამხედრო ბაზაზე სარაკეტი იერიში მხოლოდ რუსეთმა და ირანმა დაგმეს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის მიერ სირიაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს "სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესია" უწოდა. რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს „სუვერენული სირიისადმი აგრესიის ნათელი აქტია“, რომელიც ვაშინგტონს წინასწარ ჰქონდა მომზადებული.
მასალის გამოყენების პირობები






