სირიაში, ჰომსის პროვინციაში წერტილოვანი დარტყმები ალ შარიათის სამხედრო ბაზაზე განხორციელდა, საიდანაც ქიმიური თავდასხმა მოხდა. აშშ-მა ავიაიერიშები ხმელთაშუა ზღვაში ორი გემიდან განხორციელა და 59 შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა.
ოფიციალურმა ვაშინგტონმა იერიში მას შემდეგ განახორციელა, რაც იდლიბის პროვინციაში, ქიმიურ თავდასხმას 86-დან 100-მდე ადამიანი ესმხვერპლა.
მსოფლიო ლიდერებმა აშშ-ის გადაწყვეტილებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ნატომ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ ავიაიერიშის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ. ნატოს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს, სირიის წინააღმდეგ დაგეგმილი სარაკეტო დარტყმის შესახებ ინფორმაცია, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა წინასწარ მიაწოდა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აშშ-ის სარაკეტო შეტევაზე პასუხისმგებლობას სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს დააკისრეს. "4 აპრილს ჰან-შეიჰუნში განხორციელებული ქიმიური ხოცვა-ჟლეტვის შემდეგ აშშ-ის საჰაერო დარტყმების შედეგად განადგურდა ბაზა, რომელსაც სირიის რეჟიმი ქიმიური იარაღით შეტევებისთვის იყენებდა. ჩვენ აღნიშნულის შესახებ წინასწარ ინფორმირებულნი ვიყავით. სირიაში შექმნილი ვითარების გამო ასადმა პასუხი უნდა აგოს" - ნათქვამია ლიდერების განცხადებაში.
აშშ-ის ქმედებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს დიდი ბრიტანეთის, ისრაელის, ავსტრალიის, საფრანგეთის,პოლონეთის, თურქეთის, საუდის არაბეთის მთავრობებმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმაც.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ეს შესაბამისი პასუხია სირიის რეჟიმის მიერ განხორციელებულ ბარბაროსული ქიმიურ თავდასხმაზე.’’
აშშ-ს სრული მხარდაჭერა გამოუცადა ისრაელმაც. პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „სიტყვებითაც და მოქმედებითაც, დონალდ ტრამპმა ძლიერი და მკაფიო სიგნალი გააგზავნა იმის შესახებ, რომ ქიმიური იარაღის გავრცელება და გამოყენება არ იქნება დაშვებული.”
ავსტრიამ, რომელიც ნეიტრალური ქვეყანაა, განაცხადა რომ სირიასთან მიმართებით აშშ-ის ქმედებების მოტივაცია მათთვის გასაგებია. აღნიშნული განცხადება ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სებასტიან კურცმა.
აშშ-ის ქმედებებს სირიაში მხარს უჭერს იაპონიაც. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ განაცხადა. მისი თქმით აშშ-ის ქმედების მიზანი სიტუაციის უფრო გაუარესების აღკვეთა იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი რუსეთის მსგავსად ყოველთვის ეწინააღმდეგეოდა სირიის მიმართ სანქციების დაწესებას, აშშ-ის მხრიდან სირიის სამთავრობო ძალების მიმართ განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს ის მძაფრად არ გამოხმაურებია და ქვეყნებს მოუწოდა, რომ „თავიდან იქნეს აცილებული სიტუაციის“ გაუარესება და ამასთანევე დაგმო ნებისმიერი ქვეყნის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პრესმდივნის განცხადებით, თურქეთი აშშ-ის ქმედებას პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ „აეროდრომის განადგურება მნიშვნელობანი ნაბიჯია იმისთვის, რომ მშვიდობიან მოსახლეობაზე ქიმიური და ჩვეულებრივი თავდასხმები დაუსჯელი არ დარჩეს.“
დონალდ ტრამპის ნაბიჯს მხარი დაუჭირა პოლონეთის მთავრობაც, მათ აშშ-ს "მსოფლიო მშვიდობისა და წესრიგის გარანტი" უწოდეს.
სირიის სამხედრო ბაზაზე სარაკეტი იერიში მხოლოდ რუსეთმა და ირანმა დაგმეს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის მიერ სირიაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს "სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესია" უწოდა. მოგვიანებით, რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს „სუვერენული სირიისადმი აგრესიის ნათელი აქტია“, რომელიც ვაშინგტონს წინასწარ ჰქონდა მომზადებული. რუსეთის საგარეო უწყების თქმით, აშშ-ის „დაუფიქრებელი ქმედებ მხოლოდ ამძიმებს მსოფლიოში არსებულ პრობლემებს და მეტად ანადგურებს აშშ-რუსეთის ურთიეერთობებს.“
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, აშშ-ის სარაკეტო იერიში დაგმო და განაცხადა, რომ „ასეთი ზომები გააძლიერებს ტერორისტებს სირიაში და გაართულებს სიტუაციას, როგორც სირიაში ასევე რეგიონში."
შეგახსენებთ, სამშაბათს 4 აპრილს, სირიის ჩრდილო დასავლეთში, იდლიბის ქალაქ ხან-შეიხუნში, რომლებსაც ამბოხებულები აკონტროლებენ ქიმიური იარაღით თავდასხმა მოხდა, რომელშიც ბაშარ ალ ასადის რეჟიმს ადანაშაულებენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით დაღუპულთა რაოდენობა 86-დან 100-მდეა, დაშავებულია 500-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა შორის ათეულობით ბავშვია.
თავდასხმის შედეგების ამსახველი შემზარავი კადრები ინტერნეტში გავრცელდა.
მასალის გამოყენების პირობები






