თურქეთის იუსტიციის მინიტრის ბექირ ბოზდეგის თქმით, ცხედრების ექსპერტიზა ქალაქ ადანაში ჩატარდა და დადგინდა რომ მათი გარდაცვალება მომწამვლელმა გაზმა გამოიწვია.
ქალაქ ხან შეიხუნის ერთ-ერთი რაიონის ქიმიური გაზის ჭურვებით დაბომბვა სამშაბათს მოხდა, დაიღუპა 86 ადამიანი, მათ შორის 30 ბავშვი, დაშავებულთა რაოდენობა კი რამდენიმე ასეულია. მედიკოსების თქმით მსხვერპლთა და დაშავებულთა ყველა სიმპტომი ქიმიური იარაღის გამოყენებაზე მიანიშნებდა, მათ შორის გაფართოებული გუგები, კრუნჩხვები, პირიდან ქაფი. ჯერჯერობით გამოყენებული გაზის ზუსტი შემადგენლობა უცნობია, თუმცა დაღუპულთა რაოდენობა და მსხვერპლთა კლინიკური სურათი შეესაბამება ზარინის ტიპის ნეიროტოქსიკური გაზის მიერ მოწამვლას. ამ დროისთვის ათეულობით დაშავებული თურქეთში გადის მკურნალობას.
პარიზმა, ლონდონმა, ბერლინმა და ვაშინგტონმა ოპოზიციის კონტროლირებად ტერიტორიაზე ქიმიური თავდასხმის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა სირიის მმართველ რეჟიმს დააკისრეს. ოფიციალური დამასკო როგორც ყოველთვის ბრალდებებს უარყოფს, მას მხარს უბამს ბაშარ ალ ასადის მოკავშირე რუსეთიც, კრემლი მსოფლიოს მომხდარი ფაქტის საკუთარ ვერსიას სთავაზობს, მათი თქმით სირიის ავიაციას იერიში არ მიუტანია მშვიდობიან მოსახლეობაზე, არამედ მეამბოხეების იარაღის საწყობები დაბობმა, სადაც ქიმიური იარაღიც აღმოჩნდა, რომელიც დაბომბვის შედეგად ატმოსფეროში გაიფანტა.
მასალის გამოყენების პირობები






