Best Western Kutaisi, რომელიც საპარტნიორო ფონდმა „კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელთან“ პარტნიორობით ააშენა, იმერეთის რეგიონში პირველი ბრენდირებული სასტუმრო იქნება.
ქუთაისში 3 ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის განცხადებით, ფონდის სტრატეგიის ნაწილია რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარება და კერძო ბიზნესის ხელშეწყობა. „ქუთაისში მაღალი კლასის სასტუმროებზე მოთხოვნა არსებობს და პირველი ბრენდული სასტუმროს გახსნა იმერეთის რეგიონში მოტივაცია უნდა გახდეს სხვა კომპანიებისთვის“ - განაცხადა დავით საგანელიძემ.
ქალაქის ისტორიულ ცენტრში განთავსებულ სასტუმროს 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომრის გარდა, ასევე აქვს ადაპტირებული ნომერი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. სასტუმრო ასევე მოიცავს 3 საკონფერენციო დარბაზს, ღია და დახურული ტიპის კაფე-რესტორანს.
პროექტის ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია, სადაც ფონდის მონაწილეობა 1.4 მლნ აშშ დოლარია.
სასტუმროს დეველოპმენტი განახორციელა კომპანია „სიმეტრიამ“, რომელიც პროექტის „12 სასტუმრო 12 რეგიონში“ ფარგლებში საქართველოში 3 და 4 ვარსკვლავიანი ბრენდული სასტუმროების მშენებლობას გეგმავს. უკვე დაწყებულია სასტუმროების პროექტირება ძველ თბილისსა და ბაკურიანში.
Best Western Hotels and Resorts სასტუმროების უმსხვილესი საერთაშორისო ქსელია, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 4000-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს.
Best Western Kutaisi-ის საოპერაციო მართვას საერთაშორისო სასტუმროების მმართველი კომპანია T3 Hospitality Management-ი უწევს, რომლისთვისაც ეს პირველი პროექტია საქართველოში.

მასალის გამოყენების პირობები






