დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ლისაბონის 50-ე მუხლის ამოქმედების შესახებ ოფიციალურ წერილს ხელი მოაწერა, რაც ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას გულისხმობს.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ევროკავშირში ბრიტანეთის ელჩი ტიმ ბაროუ წერილს, დღეს, პირადად ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს გადასცემს.
დონალდ ტუსკი მომდევნო 48 საათის განმავლობაში ევროკავშირის დანარჩენ 27 წევრ ქვეყანას ბრიტანეთიდან მიღებული წერილის შესახებ ოფიციალურ შეტყობინებას გაუგზავნის. რის შემდეგაც ლონდონსა და ბრიუსელს შორის 2- წლიანი მოლაპარაკებების პროცესი დაიწყება.
ამასათანავე, ტერეზა მეი დღეს პარლამენტის წინაშე წარსდგება ევროკავშრიდან გასვლის პროცედურის ოფიციალური დაწყების შესახებ განაცხადებს.
ევროკავშირის სამიტი, რომელზეც ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის დირექტივები დამტკიცდება, 29 აპრილს გაიმართება.
შეგახსენებთ, გაერთიანებულ სამეფოში რეფერენდუმი გასული წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამომრჩეველთა 51,9%-მა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, 48,1 % წინააღმდეგი იყო.
ლონდონსა და შოტლანდიაში, ასევე ჩრდილოეთ ირლანდიაში ხმა ევროკავშირში დარჩენის სასარგებლოდ მისცეს, თუმცა უელსსა და ინგლისის საგრაფოებში ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირეს მხარი.
რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებისთანავე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, არასწორი იქნება, დარჩეს “გემის კაპიტნად” მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ სხვა გზა აირჩია.
მასალის გამოყენების პირობები






