„1. ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მისვლისთანავე საერთაშორისო პრესის და საერთაშორისო საზოგადოების ძალიან მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ მისი კრიტიკოსები სააკაშვილი/ბოკერია/გლუქსმანის სიცრუის "აჟიტირების" მსხვერპლნი არიან - რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს წამყვანი გამოცემების დიდი უმრავლესობა და საერთაშორისო საზოგადოება ბრიყვების ნაკრებია და სააკაშვილი/ბოკერია/გლუქსმანი აჯერებს იმას, რაც მოესურვებათ. ამას ის ყველა საერთაშორისო ფორუმზე იმეორებს, რითაც თავს კომიკურ მდგომარეობაში იგდებს - ლუნატიკს უწოდებს ყველა, ვისაც საღი აზრი მოეკითხება.
2. ყველაზე კრიტიკული, ვიტყოდი ყველაზე მნიშვნელოვანი გაზეთის, ვაშინგტონ პოსტის სარედაქციო საბჭო აღმოჩნდა. რომელმაც ხუთი თვის წინ წერილში ღიად და ზუსტად ისაუბრა ივანიშვილთან დაკავშირებულ საფრთხეებზე.
3. ამას მოყვა ივანიშვილის განრისხება და მისი საჯარო განცხადება იმის შესახებ, რომ სასწრაფოდ შესასწავლია რაში იხარჯებოდა უშიშროების საბჭოს ბიუჯეტი. მან ცილიც დასწამა ბოკერიას, რომ ის დიდი რაოდენობით ფულს ანაღდებდა, თუმცა შემდეგ ეს სიბრიყვე აღარ გაუმეორებია. მე რომ გიგას ადგილას ვიყო, პრემიერს ცილისწამებისთვის ვუჩივლებდი. მაგრამ მის ადგილას არ ვარ.
4. ივანიშვილის განცხადებიდან მალევე უშიშროების საბჭოში სამართალდამცავები შევიდნენ და დოკუმენტაცია გამოითხოვეს.
5. ამის შემდეგ, ივანიშვილმა კარგა ხნის წინ, მის მიერ პერსონალურად დაანონსებული გეგმა სისრულეში მოიყვანა და ვანო მერაბიშვილი დააპატიმრა, რასაც მოყვა საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა და ვაშინგტონ პოსტის სარედაქციო საბჭოს მეორე წერილი, რომლის ავტორებიც საქართველოს მძიმე მომავალს უწინასწარმეტყველებენ, ივანიშვილის ბრიყვული და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯების გამო.
6. ვაშინგტონ პოსტის წერილის გამოქვეყნებიდან ორ დღეში, ივანიშვილი კიდევ ერთხელ ესხმის თავს ბოკერიას და ამჯერად მის ხელფასის ლეგიტიმურობას და ბოკერიას პროდუქტიულობას აყენებს ეჭვქვეშ.
7. გამოიცანით შემდეგი ნაბიჯი რა იქნება - გიგას დაკავება. დააკავეთ გიგა, ბატონო ბიძინა - ამით თქვენს დასასრულს დააჩქარებთ. მომენატრება, მაგრამ პოლიტიკური პატიმრის ცოლობაც საინტერესო გამოცდილებაა” - წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, გადაცემა "რეზიუმესთვის" მიცემულ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრ აცხადებს, რომ მას არ ესმის, რაში იღებს ხელფასს უშიშროების საბჭოს მდივანი. ივანიშვილის თქმით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 8 თვის განმავლობაში არ გამართულა.
"უკვე 8 თვეა, საბჭოს სხდომა არ მოუწვევიათ, რაში იღებენ ხელფასს და რას აკეთებენ. საყვედურები წამოვიდა ჩვენი გუნდიდან – რას აკეთებს უშიშროების საბჭო?! მხოლოდ ვაშინგტონში დადის და ლობისტებს ხვდება?! ბოკერიას ვაშინგტონში ყოფნა უძღოდა წინ "ვაშინგტონ პოსტის" სტატიას.
რას აკეთებენ ისინი ქვეყნისთვის, სად დადიან პრეზიდენტი და ბოკერია, არავინ არაფერი ვიცით. რაში იღებენ ჩვენი გადამხდელების ფულს?! სად იყვნენ აქამდე, ვინ დაუშალა ან ვინ შეუშალა ხელი?!", - აცხადებს ივანიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






