თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი თურქეთის ევროკავშირის წევრობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს. მისი განცხადებით, პრეზიდენტი საყოველთაო გამოკითხვის ჩატარებას საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ 16 აპრილს დანიშნული რეფერენდუმის შემდეგ აპირებს.
თურქეთი ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებებს ბრიუსელთან 2005 წლიდან აწარმოებს. ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი კვიპროსისა და ადამიანის უფლებების საკითხები იყო.
ამასთან, შეუმდგარი გადატრიალების შემდეგ, ანკარასა და ევროპას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა. უთანხმოებების გამო თურქეთი ვიზალიბერალიზაციის სანაცვლოდ, ევროკავშირთან მიგრანტების საკითხზე მიღწეული შეთანხმების გადახედვასაც არ გამორიცხავს.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის პრეზიდენტმა, ქვეყნის ევროკავშირის წევრობის საკითხზე შესაძლო რეფერენდუმის ჩატარების ახალი ინიციატივა, ევროკავშირის საიუბილეო სამიტს დაამთხვია. გაერთიანების დაარსების 60 წლის იუბილე ევროპელებმა მასშტაბური აქციებით აღნიშნეს. ევროკავშირის მომხრეთა დემონსტრაციები ევროპის დიდ ქალაქებში გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები






