22 მარტს ლონდონში, ვესტმინიტერში ტერაქტი მოხდა, რომლის ავტორიც ბრიტანეთის მოქალაქე 52 წლის ხალიდ მასუდი გახლავთ, რომლის ნამდვილი სახელიც ადრიან ელმსია.
მასუდი ავტომობილით ვესტმინისტერის ხიდზე ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე შევარდა, მომხდარს 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამართალდამცავი, რომელიც თავდამსხმელმა დანით სასიკვდილოდ დაჭრა. თავად ადრიან ელმსი სამართალდამცავებმა მოკლეს.
22 მარტს ვესტმინისტერის ხიდზე დატრიალებული ტრაგედია არაერთი ფოტოგრაფის ობიექტივში მოხვდა, საზოგადოების აღშფოთება კი ერთმა ფოტომ გამოიწვია, კადრი, სადაც ხიდზე შემთხვევის შედეგად დაშავებული ადამიანის დახმარებას სამედიცინო პერსონალი და საზოგადოების წევრები ცდილობენ, ჰიჯაბით თავდაბურული ქალს კი თავზე ხელი აქვს აფარებული, ტელეფონში იყურება და გვერდს უვლის აღნიშნულ სცენას.
ამ ფოტომ მისი მისამართით დიდი აგრესია გამოიწვია. ფოტოს ავტორი კი ყოველივეს განმარტავს. ჯემი ლორმანის თქმით, მუსლიმი ქალბატონი მომხდარის შედეგად შოკირებული იყო.
ამ ქალბატონის კომენტარს „დეილიმეილი“ ავრცელებს, თუმცა, მის სახელსა და გვარს არ ასახელებს.
„შოკირებული და გაოგნებული ვარ იმ კრიტიკით, რაც ჩემმა ფოტომ დაიმსახურა, ეს ფოტო აქტიურად ტრიალებს სოციალურ ქსელებში. იმ ინდივიდებს, რომლებიც კითხულობენ, რას ვფიქრობდი ამ ფოტოს გადაღების მომენტში, მინდა ვუთხრა, რომ მომიწია იმ სისასტიკის ნახვა რაც ტერაქტმა გამოიწვია, მომიწია იმ სტრესულ სიტუაციასთან გამკლავება, შემდეგ კი ამ ყველაფერს დაემატა ჩემი ფოტოს ხილვა, რომლის გამოც მაკრიტიკებენ, ადამიანები გამოხატავენ ზიზღსა და ქსენოფობიურ დამოკიდებულებას.
მე იმ მომენტში საშინლად დამწუხრებული და შეშფოთებული, ასევე შეშინებული ვიყავი. რაც ფოტოზე არ ჩანს არის ის, რომ მე ვესაუბრე სხვა თვითმხილველებს, ვცადე გამერკვია რა ხდებოდა, იმისათვის, რომ გამეგო შემეძლო თუ არა რაიმეში დახმარება, ამასთანავე, ქალბატონთან, რომელიც დაშავებულია ამ ფოტოზე, საკმარისი ხალხი ეხვეოდა თავს. სამსახურიდან შინ ვბრუნდებოდი, გადავწყვიტე ოჯახის წევრებისთვის დამერეკა და მეცნობებინა, რომ კარგად ვიყავი. ასევე დავეხმარე მოხუც ქალბატონს, რომელიც მომხდარით შოკირებული იყო, გაცლოდა იქაურობას. თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახისწევრებს, ასევე მადლობას ვუხდი ჯემი ლორმანს, ფოტოგრაფს, რომელმაც ეს ფოტო გადაიღო და შემდეგ ჩემს დასაცავად კომენტარის გაკეთება მოუწია“, - აცხადებს ქალბატონი.



მასალის გამოყენების პირობები






