ანტონ გერაშენკოს თქმით, ვორონენკოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი უკრაინის მოქალაქე, რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი, ის 28 წლის პაველ პარშოვი, რომელიც უკრაინის ძალოვან სტრუქტურებში იყო ჩანერგილი.
მისი თქმით, ის რუსეთის სპეცსამსახურებმა 2014 წელს გადაიბირეს.
როგორც გერაშენკო აცხადებს, პარშოვს ოფიციალურად არასოდეს გადაუკვეთავს უკრაინის საზღვარი. თუმცა, 2015 წლის თებერვალში, ბელარუსის საზღვართან ერთ-ერთი საგუშაგის გავლით, საზღვარი ფეხით გადაკვეთა და რუსეთში გადავიდა, სადაც „სპეციალური სასწავლო კურსი გაიარა ჯაშუშების სკოლაში, რომელიც ჯერ კიდევ სტალინის დროს არის დაარსებული.“
მისი თქმით, მის დავალებას უკრაინის ეროვნულ გვარდიაში მსახურობა და სასურველი ინფორმაციის მიღება წარმოადგენდა.
პარშოვი, წელიწადზე მეტხანს ნამდვილად მსახურობდა უკრაინის ეროვნულ გვარდიაში, თუმცა საბრძოლო მოქმედებებში მას მონაწილეობა არ მიუღია და ეროვნული გვარდიის რიგები 2016 წლის აგვისტოში დატოვა.
„ამის შემდეგ ის მოსკოვიდან ელოდებოდა ბრძანებას, რომელიც მიიღო და შეასრულა. მან საფლავში გაიყოლა დენის ვორონეკოვი“ - წერს გერაშენკო.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი, რომელმაც 2016 წელს პოლიტიკური დევნის გამო ქვეყანა დატოვა და უკრაინაში ითხოვა თავშესაფარი, კიევის ცენტრში გუშინ მოკლეს. თავდასხმის დროს საპასუხო ცეცხლი გახსნა დენის ვორონენკოვის მცველმაც, შედეგად მკვლელი მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
უკრაინელი ძალოვანების ინფორმაციით, მას თანამზრახველიც ჰყავდა, რომელიც ამ დროისთვის ძებნაში იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები






