სამართალდამცავებმა ბელგიის ჩრდილოეთით, ქალაქ ანტვერპენში მამაკაცი დააკავეს, რომელიც დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილით მთავარ საფეხმავლო ბილიკზე შევარდნას შეეცადა. ბელგიის სამართალდამცავი უწყების ცნობით, ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება.
ავტომობილის მძღოლი დაკავებულია, ანტვერპენის ცენტრში სამართალდამცავებისა და სამხედროების მობილიზება მოხდა.
ბელგიური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაკავებული მამაკაცი წარმოშობით ტუნისელი ფრანგია. ავტომობილში აღმოჩენილია იარაღი და სამხედრო ფორმა. დაკავებული "Citroën"-ის მარკის ავტომობილით მოძრაობდა, რომელსაც ფრანგული ნომრები აქვს.
შეგახსენებთ, ბელგიაში მოხმდარი ტერორისტული აქტების სერიიდან 22 მარტს ერთი წელი გავიდა. ტერაქტების სერიას 32 ადამიანი ემსხვერპლა.
გუშინ ტერაქტული აქტი მოხდა ლონდონშიც, რომელზეც პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
მასალის გამოყენების პირობები






